ავტორი:

ემოციური ხელის თხოვნიდან "მხოლოდ ქართულამდე" - როგორ მოხიბლა გიორგი ნარმანიამ სიმღერით საცოლე და ჟიური

ემოციური ხელის თხოვნიდან "მხოლოდ ქართულამდე" - როგორ მოხიბლა გიორგი ნარმანიამ სიმღერით საცოლე და ჟიური

გიორგი ნარმანია ცოტა ხნის წინ ინტერნეტვარსკვლავი გახდა - მისი ნამღერით და საცოლისთვის ემოციური ხელის თხოვნით გაიცნეს. "როგორ დავემდურო ბედს..." - ეს სიმღერა ათიათასობით ადამიანმა ნახა და მოიწონა. დღეს გიორგი ამბობს, რომ მისი ვიდეო ინტერნეტში თვითონ არ აუტვირთავს, საცოლის ბიძაშვილმა განათავსა, რასაც მისი ინტერნეტვარსკვლავობა მოჰყვა...

"მერე ერთ-ერთი ცნობილი ინტერნეტგვერდის ადმინისტრატორი დამიკავშირდა, ჩვენთან წავიღებო და ვიდეო მართლაც უამრავმა ადამიანმა ნახა... მერე "მხოლოდ ქართულიდან" შემეხმიანენ და კასტინგზე გასვლა შემომთავაზეს. ამ კონკურსზე გამოსვლა კი მინდოდა, მაგრამ სანამ დამირეკავდნენ, მანამდე გადავიფიქრე, თუმცა როცა უკვე თავად შემომთავაზეს, დავთანხმდი და ასე დაიწყო ჩემი პოპულარობა," - გვეუბნება ინტერნეტვარსკვლავი კონკურსანტი.

- როდიდან მღერი? გააცანი მკითხველს შენი თავი...

- პატარაობიდან ვმღერი... 1990 წელს აფხაზეთში, ოჩამჩირის დაბა ბესლახუბაში დავიბადე. იქიდან 1992 წელს ომის შემდეგ ოჯახით - მშობლები, მე და ნათესავები წამოვედით. სამეგრელოში, წალენჯიხის სოფელ ჯვარში გავიზარდე, სკოლა იქ დავამთავრე. სიმღერა მე-6 კლასში დავიწყე, პატარ-პატარა გუნდებში ვმღეროდი. სკოლის მერე თბილისში წამოვედი. 9 წელია, რაც აქ ვცხოვრობ. დავამთავრე გიორგი მთაწმინდელის სახელობის სალოტბარო სკოლა, სიმღერისა და გალობის ფაკულტეტი, მაქვს გუნდის ხელმძღვანელის სპეციალობა.

- როგორც შევიტყვეთ, 10 წლის ძმა გყავს და მას ომის ბავშვს ეძახით...

- კი, 2008 წლის 18 აგვისტოს ჯვარში დაიბადა, როცა საქართველოში ომი იყო. მაშინ ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ იქ ცხოვრობდა. ჩემი ძმა სკოლაში ჯვარში შევიდა, ახლა მეხუთე კლასელია, მაგრამ მშობლებთან ერთად, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიყვანე.

- თავად რას საქმიანობ?

- აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის აკადემიურ ანსამბლში მომღერალ-მსახიობი ვარ. ვგალობ ტაძარში, ჩვენს გუნდს "ტაო" ჰქვია და ასევე დაბა კოჯრის მამათა მონასტერში ბერებს გალობას ვასწავლი.

- გიორგი, ხალხურ სიმღერებს ასრულებ, ამასთან, მგალობელი ხარ, მაგრამ საესტრადო სიმღერებსაც უპრობლემოდ მღერი. ხალხურ მომღერლებს საესტრადოზე გადაწყობა უჭირთ. როგორ შეძელი? ჟიურისაც შენში სწორედ ეს მოეწონა.

- კი, მხოლოდ ხალხურ სიმღერებს და გალობას არ დავჯერდი და მესამე ჟანრს ქალაქურ სიმღერას შევეჭიდე. 2 წელია, საესტრადო-საგიტარო სიმღერებს ვფლობ. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, დიდი ძალისხმევა ამისთვის არ დამჭირვებია.

- ხელის თხოვნის ვიდეომ და შენმა ნამღერმა ადამიანებში დიდი სითბო და სიყვარული გამოიწვია...

- მე და თეა 5 წელია, რაც ვურთიერთობთ და საბოლოოდ ეს ყველაფერი წელს, 18 ნოემბერს ქორწინებით დავაგვირგვინეთ. იმ ხელის თხოვნას, რაც უამრავმა ადამიანმა ნახა, მთელი ერთი წელი ვგეგმავდი, სიურპრიზი მინდოდა თეასთვის მომეწყო, ადგილი სპეციალურად შევარჩიე - სამეგრელოში, თავის სახლში იყო, როცა მომღერლებთან ერთად ჩავედი. მეგობრებს მადლობა ამისთვის, გვერდით დამიდგნენ.

- "მხოლოდ ქართულისგან" რას ელოდები?

- კონკურსანტებს ისე მოგვწონს ერთმანეთი, ისე კარგად ვართ ერთად, ასეთი ნაკადი იშვიათია. სიტყვა "გაგდება" რომ მახსენდება, მზარავს, ვერ წარმომიდგენია, რომ პროექტიდან ვინმე წავიდეს. ჩემი თავის იმედი ნამდვილად მაქვს, რასაც წარმოვადგენ, ვიცი და ისიც, რომ ჟიურის წევრები ობიექტურად შემაფასებენ. ვნახოთ, პირველი "ლაივი" ყველაფერს გვაჩვენებს.

საერთოდ, ქართული სიმღერა დიდ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში, უძვირფასესია. არც კი მიცდია უცხოური სიმღერების შესრულება. თან, რამდენად გამოვა, ესეც არ ვიცი, არ მიცდია. აწი უნდა ვცადო. ბავშვობიდან რაც ყურში ჩამესმის და შეთვისებული მაქვს გონებასა და გულში, იმას ვასრულებ. ასე რომ, ამ პროექტით ახლა იწყება ჩემი სოლო კარიერა, რისთვისაც მზად ვარ და თავს არ დავზოგავ!

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს