ავტორი:

"ოჯახი არავისთვის დამინგრევია, ნაჩხუბარ ხალხს ვარიგებ" - რატომ ლანძღავს "ჩცდ"-ს მაყურებელი სოსო ხვედელიძეს და რას ამბობს მსახიობი თავის გმირზე

"ოჯახი არავისთვის დამინგრევია, ნაჩხუბარ ხალხს ვარიგებ" - რატომ ლანძღავს "ჩცდ"-ს მაყურებელი სოსო ხვედელიძეს და რას ამბობს მსახიობი თავის გმირზე

"როლი მომეწონა იმდენად, რამდენადაც ჩავთვალე, რომ წინ საინტერესო სამუშაო მელოდა... მგონი, არ შევმცდარვარ," - გვეუბნება მსახიობი სოსო ხვედელიძე, რომლის პერსონაჟის პოპულარულ სერიალში გამოჩენამ მაყურებელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ახალი გმირი "აჩიკო" ერთ-ერთი ყველაზე ძველი პერსონაჟის, ზაზას მეუღლე ქეთის თაყვანისმცემლად მოგვევლინა და რამდენიმე სერიაში მოვლენები ისე განვითარდა, რომ საქმე ოჯახის დანგრევამდე მივიდა. ამ ყველაფერს სერიალის ერთგული მაყურელი ძალიან განიცდის და სოციალურ ქსელშიც აქტიურად ეხმაურება:

"გასაგებია, რომ ქმარი ცუდად ექცევა, მამამთილი და დედამთილიც სერიოზულად არ აღიქვამენ, შვილიც "უჟმური" ხასიათის გამოადგა... მესმის რომ სულ მცირედი სითბო და ყურადღება აკლია, მართლა კარგად მესმის ამ პერსონაჟის... მაგრამ ღალატს მაინც ვერაფრით გავამართლებ!"; "შე მოსასპობო! ამ დაჭყეტილ კაცში რა მოგეწონა? დამეთხლიშა ნერვები"; "ეს სერიალია, მაგრამ რეალობაშიც ასე შვრება ზოგი. კარგად ჩათხოვილი-გათხოვილი-სახლში ჩამჯდარი ქალები" - წერენ ფეისბუქ-კომენტარებში სერიალის მაყურებლები.

"ექიმი აჩიკოსთვის" ზაზას ცოლი ქეთი რიგითი ქალი აღმოჩნდება თუ გულწრფელი სიყვარული, ეს ჯერ თავად მსახიობმაც არ იცის. სოსო ხვედელიძე ამბობს, რომ ისიც მაყურებელთან ერთად დააკვირდება მოვლენებს, თუმცა მისი პერსონაჟის მიმართ ზოგიერთი მაყურებელი მაინცდამაინც დადებითად არ არის განწყობილი.

სოსო ხვედელიძეს AMBEBI.GE ინტერვიუსთვის დაუკავშირდა. ამჟამად ჩვენი რესპონდენტი, სერიალის გარდა, სამეფო უბნის თეატრში თამაშობს, ასევე ახმოვანებს აუდიოწიგნებს...

- "ექიმი აჩიკოს" პერსონაჟთან რაიმე საერთო თუ გაქვთ და მის ამ საქციელს ამართლებთ?

- აჩიკოსთან საერთო ნაკლებად მაქვს. მსგავსი სცენები ჩემს ცხოვრებაში საბედნიეროდ არ ყოფილა. ოჯახი არავისთვის დამინგრევია, ძირითადად ნაჩხუბარ ხალხს ვარიგებ... ჯერ ეს პერსონაჟი აგრძელებს არსებობას. ზოგჯერ მომდევნო ნაბიჯები წინა ნაბიჯების სისწორეში გვარწმუნებს ხოლმე. ვნახოთ, როგორ წავა ჩვენი საქმე. ინტერესი ქეთის მხრიდანაც გაჩნდა და აჩიკომ ამიტომ დაიწყო მასთან ურთიერთობა, მაგრამ ცხოვრებაში ჩემგან ასეთი სვლები ალბათ წარმოუდგენელია...

- სოსო, არიან მაყურებლები, რომლებსაც სერიალში მიმდინარე ამბები სინამდვილე ჰგონიათ, ამიტომ თქვენს გმირს თავისი საქციელის გამო ლანძღავენ კიდეც. რას ეტყოდით მათ?

- თუ ვერ ასხვავებს, მე სამწუხაროდ, ვერაფერს ვეტყვი, იმიტომ, რომ ის იმასაც ვერ განასხვავებს - ვინ ელაპარაკება - მე, თუ აჩიკო ვაჩნაძე... დარწმუნებული ვარ, მაინც ასხვავებენ, მაგრამ პერსონაჟით იმდენად ღიზიანდებიან, ხშირად შეურაცხყოფა ჩემი მისამართით უფრო გამოსდით, ვიდრე ექიმის...

- როგორი პარტნიორია ქეთი, ანუ მსახიობი სალომე შარვაძე?

- სალომე არის წარმოუდგენლად კარგი პარტნიორი. მაქსიმალურად ცდილობს, შეგიქმნას კომფორტი. არის უნიჭიერესი, უკარგესი და ულამაზესი ადამიანი. აქვს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა და გადაღების დროს არ ვიწყენთ ხოლმე.

via GIPHY

- როგორ ფიქრობთ, რა მომავალი აქვს ამ ორი ადამიანის ურთიერთობას, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, როდესაც ამას ქეთის მოძალადე ქმარი გაიგებს?

- როდესაც ამას ქეთის ქმარი გაიგებს, მეც ძალიან მაინტერესებს, რა მოხდება. ლოგიკურად ბევრი რამე შეიძლება მოხდეს... ვნახოთ... ბევრი გარემოება განსაზღვრავს ჩვენ სამომავლო ურთიერთობას.

- გაღიზიანებულ და ალბათ უფრო აღშფოთებულ მაყურებელს რას ეტყოდით?

- ეს პერსონაჟი თუკი ვინმესთვის გამაღიზიანებელია, ლოგიკურია, რომ ამ გაღიზიანებას გამოხატავენ კიდეც, მაგრამ მე მსახიობი ვარ და ვცდილობ, პერსონაჟი ისეთი გაჩვენოთ, როგორიც არის. მე ჩემს დავალებას ვასრულებ! გაღიზიანდით საზოგადოების ნაკლოვანებებზე, მაგრამ ჩვენ როლების გამო ნუ შეგვიძულებთ...

- რადგან ასე გაღიზიანდნენ თქვენი პერსონაჟის გამო, ეს იმას ნიშნავს, რო დამაჯერებლად თამაშობთ. ეს მსახიობის გამარჯვებაა...

- პირველ რიგში, ეს სცენარის გამარჯვებაა, რადგან ამხელა რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში და შემდეგ ალბათ მსახიობის. მოკლედ, დიდი მადლობა...

ჩემი პროფესია ჩემთვის ჩემი გზაა, რთული გზა, რომელზე სვლაც თვითონ გადავწყვიტე. შესაბამისად, ბევრ რამეზე თვითონვე ვარ პასუხისმგებელი... ამ გზის არჩევა რთული პროცესი იყო და ამიტომ ამ ყველაფერს ჩემთვის მეტი ფასი აქვს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს