ავტორი:

"ზომიერი, ელეგანტური, ღირსეული..." - ბასა ფოცხიშვილი ინაუგურაციის დეტალებზე

"ზომიერი, ელეგანტური, ღირსეული..." - ბასა ფოცხიშვილი ინაუგურაციის დეტალებზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს ჰიმნთან ერთად კახური მრავალჟამიერი შესრულდება, - ამის შესახებ რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა ჟურნალისტებს თელავში, ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

როგორც ფოცხიშვილმა აღნიშნა, ინაუგურაციის სტილისტიკა იქნება ზომიერი, ელეგანტური, ღირსეული და ისეთი, რომელიც საქართველოს კულტურას შეეფერება.

„დღეს იმიტომ ვართ აქ, რომ გადავწყვიტოთ, რომელ მხარეს ჩატარდება ინაუგურაცია. რაც შეეხება დეკორაციას, ეს იქნება აბსოლუტურად თანხვედრი და გარემოსთან მიმართებაში ორგანული. თუმცა, არსებობს ოფიციალური ნაწილიც, რაც მოიცავს გერბს, დროშას, მაგრამ ეს იქნება მორგებული გარემოზე. სტილისტიკა იქნება ზომიერი, ელეგანტური, ღირსეული და ისეთი, რომელიც საქართველოს კულტურას შეეფერება. არასდროს საქართველოს არც არქიტექტურული ძეგლები, არც ლანდშაფტი, პომპეზური არ არის. საქართველოს ხელოვნებაში და კულტურაში ყოველთვის იყო დაცული ზომიერება და ღვთაებრივ სისადავეს რასაც ეძახიან. ჩვენ შევეცდებით, რომ ყველაფერი ეს მისადაგებული იყოს ქართულ კულტურასთან. საქართველო ყოველთვის იყო ევროპული კულტურის ნაწილი და ქართული კულტურა მოიცავს ევროპულ ელემენტებს. მუსიკალური მხარე ინაუგურაციაზე არის ჰიმნი და მინდა, რომ მრავალჟამიერი შესრულდეს. ამ საოცარი კავკასიონის ფონზე კახური მრავალჟამიერი რომ არ შესრულდეს, არ შეიძლება. პრაქტიკული სამუშაოები დღესვე დაიწყება - კონკრეტულად, ინაუგურაციის სცენარზე და ესკიზზე; ამის შემდეგ ის შეთანხმდება“, - განაცხადა ფოცხიშვილმა.

არჩეული პრეზიდენტისთვის დამახასიათებელია სისადავე, პირდაპირობა, აქ არ შეიძლება ზედმეტი პომპეზურობა, - ამის შესახებ ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა, მხატვარმა თამარ ფოცხიშვილმა განაცხადა.

„პირველი სამუშაო იქნება გადაწყვეტილების მიღება იმაზე, თუ რა მიმართულებით იქნება ძირითადი სცენა აწყობილი, მეორე იქნება აზომვითი სამუშაო. უამრავი სტუმარი ჩამოდის და ტრიბუნების განლაგება ჩემთვის ერთ-ერთი სერიოზული ამოცანაა. რაც მთავარია ეს სტილისტურად ისე უნდა გადაწყდეს, რომ ორგანული იყოს გარემოსთვის, აქ მთავარი გარემოა“, - განაცხადა ფოცხიშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად ბატონის სასახლის ციხე-გალავნის რა ნაწილში იქნება ცერემონია, თამარ ფოცხიშვილი აცხადებს, რომ ზედა ნაწილი ჯობია, რადგან იქიდან კადრში შეიძლება მოხვდეს როგორც ეკლესია, ასევე მეფის სასახლე.

„ზედა ნაწილი უკეთესია, კადრში შეიძლება ერთდროულად მოხვდეს როგორც ეკლესია, ასევე საერო ნაგებობა, მეფის სასახლე. ამ ორივეს იმდენად სერიოზული ფუნდამენტური დატვირთვა აქვს, კარგი იქნება ორივე ხვდებოდეს კადრში“, - განაცხადა თამარ ფოცხიშვილმა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე პომპეზურობა არ იქნება.

„არჩეული პრეზიდენტისთვის დამახასიათებელია სისადავე, პირდაპირობა. აქ არ შეიძლება ზედმეტი პომპეზურობა და ისეთი ტიპის დეკორი, რომელიც შეიძლება ადრე გამოგვიყენებია. აქ იმდენად ძირძველი, ტრადიციული, კახური გარემო გვაქვს, რომ აქედან შორს წასვლა არ შეიძლება, ყველანაირად ვეცდები აუთენტურობა იყოს შენარჩუნებული“, - განაცხადა ფოცხიშვილმა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს