ავტორი:

პირველი ფეხბურთელი "მხოლოდ ქართულში" - გაიცანით პროექტის ერთ-ერთი ფავორიტი გუგა მარგველაშვილი

პირველი ფეხბურთელი "მხოლოდ ქართულში" - გაიცანით პროექტის ერთ-ერთი ფავორიტი გუგა მარგველაშვილი

22 წლის არის, ერთდროულად ორ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს - სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კონსერვატორიაში. გუგა მარგველაშვილი პოპულარული პროექტის - "მხოლოდ ქართულის" კონკურსანტია. პირველ ლაივ-კონცერტზე ჟიურის და მაყურებელს თავი კარგად დაამახსოვრა, რადგანაც ნამღერი შეუქეს და საკმაოდ მაღალი ქულებითაც შეაფასეს. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს, სამომავლოდ სასიმღერო კარიერის აწყობას ფიქრობს.

"აბიტურიენტობისას ბევრი ვიფიქრე, არ ვიცოდი, რა სფერო მინდოდა, რა უნდა ამერჩია და ბოლოს მივხვდი, დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები მაინტერსებდა და ჯავახიშვილში სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ ცოტა იმედი გამიცრუვდა. თითქოს ის არ აღმოჩნდა, რაც წარმომედგინა. მერე ერთ ადამიანს შევხვდი, კვარტეტის შექმნას ვაპირებდი, როცა გამამღერა და მომისმინა, უცებ ფორტეპიანო დახურა და დიდი გზა შემომთავაზა, რასაც ოპერა ჰქვია, ანუ საოპერო კარიერა. ამისთვის ყველანაირი მონაცემი გაქვსო (ბარიტონი ვარ). თავიდან ცოტა გამიკვირდა, მერე გონებაში ჩამიჯდა და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ წელს კონსერვატორიაში ვოკალზე ჩავაბარე. სწავლას ნორმალურად ჯერ ვერ ვახერხებ, რადგანაც სულ აქ ვარ. დროის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემა მაქვს. თან, პარალელურად ჯავახიშვილშიც ხომ ბოლო კურსზე ვარ და მინდა, ისიც დავამთავრო, ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო", - გვეუბნება გუგა, რომლის თქმითაც, მთელი ბავშვობა სხვადასხვა ჯგუფსა და გუნდში მღეროდა და ეს არის საქმე, რომელიც ყველაზე ძალიან უყვარს.

"ღრმა ბავშვობიდან ვმღერი, სულ პატარა ვიყავი, რომ ბაბუამ (დედის მხრიდან) ცაგო ჯანელიძემ პირველი აკორდები ამაღებინა. მამის მხრიდანაც მღეროდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვესწარი. მოკლედ, მას მერე, რაც პირველი აკორდები ბაბუაჩემმა მასწავლა, მერეც სულ ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, ქართული მრავალხმიანობა მესმოდა. 4-5 წლის ვიყავი, პირველად სცენაზე რომ დავდექი. "ლურჯა ცხენები" - ასე ერქვა სტუდიას, რომელშიც დავდიოდი. დიდი გამოცდილება შემდეგ ფოლკლორულ ანსამბლ "ერქვანში" მივიღე. იქ შევითვისე ხმებში სიმღერა. მოგვინებით კი ნატო თოთიბაძესთან კარგად დავიხვეწე," - დასძენს კონკურსანტი.

"მხოლოდ ქართულის" წინა სეზონს აქტიურად და დიდი ინტერესით უყურებდა. პროექტი მოსწონდა და მასში მონაწილეობა უნდოდა, მაგრამ უდროობის გამო ყოყმანობდა, მიაჩნდა, რომ დრო არ ეყოფოდა, თუმცა მონაწილეობაზე მაინც ფიქრობდა, მაგრამ სამწუხაროდ, მეორე სეზონის შესარჩევი ტურები გამოეპარა.

"ბედად დამატებითი თბილისის ტურები დაინიშნა. ამის შესახებ დედამ მითხრა - ხომ არ გახვიდოდიო? აი, ასე მოულოდნელად დავთანხმდი. მივედი და ათეულში მოვხვდი. კმაყოფილი ვარ, ასე რომ მოვიქეცი. მართალია, ახლა ამ კონკურსს დიდ დროს ვუთმობ და სასწავლებლებს ცოტათი ჩამოვრჩი, მაგრამ რომ დასრულდება, განათლებას მერე მივხედავ. ახლა რეპეტიციებზე ბევრ რამეს ვსწავლობ, რაც სამომავლოდ ბევრ რამეში გამომადგება, მათ შორის, მნიშვნელოვანია სცენაზე ნერვიულობის გადალახვა, რადგანაც სამომავლოდ მინდა, რომ ცხოვრების მთავარ საქმიანობად სიმღერა გავიხადო," - აღნიშნავს გუგა.

- დამაჯერებელი, ლაღი იყავი პირველ "ლაივზე". საერთოდ არ გეტყობოდა ღელვა.

- ვღელავდი შინაგანად, მაგრამ ისე არა, რომ ჩემთვის ამას ხელი შეეშალა. მეათე ვიყავი და ლოდინი ცოტას მძაბავდა. არ იყო ადვილი ლოდინი, მაგრამ მოთმინებით ველოდი, როდის მოვიდოდა ჩემი ჯერი. როცა უკვე გამომაცხადეს და სცენისკენ წავედი, გზაში მიკროფონი მომაწოდეს, სცენაზე დავდექი და სანამ ეკრანზე ჩემზე მომზადებული სიუჟეტი გადიოდა, მიკროფონით ხელში სცენას გადავხედე, თვალები დავხუჭე და სიმღერის დეტალებზე ცოტა ვიფიქრე... ეს ყველაფერი დამეხმარა. მიკროფონმა შიშის ფაქტორი გამიფანტა, სტრესი მომიხსნა.

- წარსული ფეხბურთელი ყოფილხარ...

- კი, ფეხბურთს ვთამაშობდი და ყოფილი ფეხბურთელი მქვია. "საბურთალოში" ვთამაშობდი, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადავიდა, მაგრამ ტრავმა მივიღე და თამაშს საბოლოოდ თავი დავანებე. ლავიწის ძვალი მოვიტეხე, მხარი ამოვიგდე, გამირთულდა და საბოლოოდ თავის დანებების მიზეზი ეს გახდა, თუმცა ბოლომდე ვერ დავეხსენი და დარბაზის ფეხბურთზე გადავედი, სამოყვარულო ლიგაში ჩემს ჭიას ვახარებ. მაგრამ ახლა დრო აღარ მრჩება და იქაც ვერ ვასწრებ, კონკურსისთვის მზადება დიდ დროს გვართმევს... თუ ჩემს გატაცებებზე ვილაპარაკებ, მიყვარს ტირში იარაღიდან სროლა. ერთხელ მივედი, ამით "მოვიწამლე" და ვცდილობ, მიზანში გავარტყა ხოლმე. მიყვარს თხილამურებით სრიალიც...

- მრავალმხრივი ხარ - დიპლომატი, მუსიკოსი, სპორტსმენი...

- თითქმის ყველა სპორტულ თამაშს ვთამაშობ, რაც არსებობს. ძალიან მსიამოვნებს.

- დარბაზში შენი გულშემატკივრები დიდად აქტიურობდნენ...

- კი, ჩემზე მეტად გულშემატკივრებმა და მათ შორის შეყვარებულმა ინერვიულა...

- შეყვარებულიც მღერის?

- არა, მაგრამ გარშემო ისეთი ხალხი ავამღერე, სმენა და ხმა რომ არ ჰქონდათ. მათ შორის, ჩემი და, მამიდაშვილი, მასაც ავამღერებ, თუმცა ჩემი შეყვარებული მათსავით უსმენო და უხმო არ არის, მაგრამ ცოტა კომპლექსივით აქვს, ჯერ ვერ მოვახსნნი, მაგრამ მასაც დავაძლევინებ და ავამღერებ. ჩემი შეყვარებული უნდა მღეროდეს!

- პროექტში გათვლას რაზე აკეთებ?

- ვეცდები, ტურები გადავლახო და კონკურსში შორს წავიდე. მოგება გინდაო, რომ მეკითხებიან, მეცინება, რომელი არ მოიგებდა? თითოეულ კონკურსანტს ერთმანეთი გვიყვარს. კარგად გავუგეთ, რაც კონცერტზე გვშველის, ერთმანეთს ვამხნევებთ. ძალიან კარგი ბავშვები არიან.

- ე.ი. როგორც ფეხბურთელმა მაინც გინდა, რომ "მხოლოდ ქართულის" "ბადეში გოლი გაიტანო"?

- ვნახოთ, ამის თქმას მაინც თავს ვარიდებ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს