ავტორი:

"ვიყოთ ერთობით, თან გავერთობით" - რას აკეთებენ მილანში ქართველი ახალგაზრდები

"ვიყოთ ერთობით, თან გავერთობით" - რას აკეთებენ მილანში ქართველი ახალგაზრდები

დღემდე არაერთ ქვეყანაში მომიწია გარკვეული ხნით ცხოვრება და მივხვდი, რომ სამშობლოსა და შენიანებისგან მოშორებით ყოფნა ყველაზე რთული ასატანია. ამიტომაც, სიხარულით ვიყენებდი ნებისმიერ შესაძლებლობას შევხვედროდი ქართველებს და მათთან მცირედი დრო მაინც გამეტარებინა საქართველოსგან შორს მყოფს. ჯერ კიდევ ლიტვაში სწავლისას მახსოვს როგორ მიხაროდა ჩვენს საელჩოში, თუნდაც საქმიანი ვიზიტი, რადგან იქ ქართულ სითბოს ვგრძნობდი. თუმცა ის რაც იტალიაში დამხვდა, სრულებით განსხვავებული აღმოჩნდა.

მილანში ჩასვლის პირველივე დღესვე მომიწია არაერთ ქართველთან შეხვედრა და იმ მომენტიდან ვიგრძენი, რომ ისინი ჩემთვის ერთი დიდი ოჯახი გახდებოდა, სადაც სითბოს და სიყვარულს არ იშურებენ და უანგაროდ ეხმარებიან ერთმანეთს. ყველა, ჩემი ქართველი მასპინძლებით დაწყებული, იმ ახალგაზრდებით დამთავრებული, რომელზე საუბარსაც ამ სტატიაში ვაპირებ, მარწმუნებს რომ ის ქართული სული, რომელზეც ისტორიები მოგვითხრობენ და ჩვენთან თითქოს უკვე ფერდაკარგული და გაცრეცილია, კვლავ არსებობს და ქვეყნისგან მოშორებით ყოფნისას უფრო ძლიერდება და ახალ სიცოცხლეს იძენს.

ახლა მილანში ახლად შექმნილ ახალგაზრდულ გაერთიანებაზე მოგითხრობთ, რომელსაც “Milano2018-დან“ ჰქვია.

ყველაფერი პარკო სემპიონეში დაიწყო, სადაც მეგობრის თხოვნით მივედი. იქ მისულს რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა დამხვდა, რომელთაგან ერთ-ერთმა გოგონამ ფოტოაპარატით ხელში, მთხოვა რომ საუბარი არ შემეწყვიტა, როცა ის ფოტოებს მიღებდა, რათა პორტრეტი უფრო ბუნებრივი გამოსულიყო, თან უხაროდა, რომ ჭრელი ტანსაცმელი მეცვა, მისი მიზანიც ხომ ფერადოვანი, მხიარული და ბედნიერი ადამიანების გადაღება იყო, როგორებიც სამშობლოსგან შორს დიდი ხნით მყოფთა შორის ცოტა რთული საპოვნელია.

პირველი შეხვედრის შემდეგ ვფიქრობდი, რომ მშვენიერი იდეა იყო თანამემამულეებისთვის ფოტოპორტრეტების გადაღება და შემდეგ მათი გამოფენა, თუმცა, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი იმ ფაქტს, რომ ბევრი ადამიანი გამოხატავდა სურვილს ჩართულიყო ამ ღონისძიებაში, ალბათ იმიტომ რომ მისი მიზანი უბრალოდ ერთად ყოფნა და ერთმანეთის უანგაროდ გვერდში დგომა იყო, პრაგმატიზმი ხომ ხშირად სულიერებას ჩრდილავს. თუმცა, დღემდე აღტაცებით ვიხსენებ იმას, რაც შემდეგ შეხვედრაზე ვნახე.

ვინც მილანში, პარკო სემპიონეში ყოფილა, ალბათ ყველამ კარგად იცის, რომ უამრავი ადამიანი იყრის იქ თავს, აწყობს პიკნიკებს და ათასგვარ შეკრებებს, თუმცა, ალბათ მაშინ მასშტაბით ჩვენს ჯგუფს ვერავინ შეედრებოდა. ათობით ახალგაზრდა, რომელთა უმეტესობა პირველად ვხედავდით ერთმანეთს, იქ იმიტომ მივედით, რომ ერთმანეთზე ახლობელი ნაკლებად თუ ვინმე მოგვეძებნებოდა იმ მომენტში. სწორედ მაშინ მიხვდი, რომ ჩვენს ირგვლივ უამრავი ისეთი ადამიანია, რომლებიც განვითარების სწორ გზას ადგანან და ზუსტად აღიქვამენ იმ საჭიროებებს, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, უბრალოდ, ნაკლებად გვსმენია მათზე და ამიტომაც მსურს რომ ამ ხალხზე უფრო მეტმა შეიტყოს, გაიზიარონ მათი ენთუზიაზმი და ახალგაზრდობიდანვე მიეჩვიონ ერთმანეთზე ზრუნვას და გვერდში დგომას. გთავაზიბთ ინტერვიუს იდეის ავტორებთან:

- საიდან დაიბადა იდეა და რა მიზანს ემსახურება?

ირა ჟღენტი: თავდაპირველად, უბრალოდ აქ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების, სტუდენტების გადაღება და მათი ფოტოპორტრეტების გამოფენა მინდოდა, რათა ამ ხერხით ისინი ერთმანეთთან დამეკავშირებინა, ჯგუფის შექმნა ეკა თოდუას დამსახურებაა, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორობა ერეკლე შილდელმა ითავა. იდეა ქართველი ახალგაზრდების გაერთიანება იყო, რომელიც თავიდან მიუღწეველ ოცნებად ჩანდა, თუმცა ახლა სასიამოვნო რეალობად იქცა. დღემდე უკვე არაერთი შეხვედრა გავმართეთ, რომლის მასშტაბი დღითი დღე იზრდება. 21 ოქტომბერს მოვაწყეთ ფოტოპორტრეტების გამოფენა პარკო სემპიონეში. საზოგადოების წევრების ფოტოპორტრეტების გარდა, გამოიფინა ქეთი დოლიძის არაჩვეულებრივი ნახატები. საღამო კი მუსიკითა და პოეზიით დასრულდა. დასწრება სრულიად თავისუფალი იყო და საკმაოდ ბევრი მნახველიც გვეწვია. როდესაც ამ დღეს ვიხსენებ განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს ათეულობით ქართველი ახალგაზრდის ერთად ყოფნა.

უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი ყოველკვირეული შეკრებებიც. გარკვეული კუთხით ეს მორალური მხარდაჭერის კრებას გავს, სადაც ყველას შეუძლია თქვას თავისი განსაცდელი და განთავისუფლდეს ტკივილისაგან. თქვენი მეშვეობით კი მინდა მივმართო ყველა ემიგრანტ ქართველს, განსაკუთრებით მილანში მცხოვრებლებს, რომ შემოგვიერთდნენ, რადგან მარტო არ არიან.

- რას ნიშნავს თქვენთვის "Milano2018-დან"?

ეკა თოდუა: "Milano2018-დან" ჩემთვის არის ის, რაც არ არსებობდა, დღემდე მეგონა რომ არც მჭირდებოდა, ახლა კი პირქით. ესაა ადგილი, სადაც ღიმილით მივდივარ, როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო. მიხარია თითოეული ადამიანის ნახვა, გაცნობა მათთან საუბარი, თურმე რამდენი საინტერესო ადამიანია … აქამდე მხოლოდ გულგრილად მივესალმებოდით ერთმნეთს, ახლა ყოველ ახალ შეხვედრაზე ვგრძნობთ, რომ მარტოები არ ვართ. ეს ის ძალაა, რომელიც დაამსხვრევს აქამდე ქართველებზე არსებულ ყველა მახინჯ სტერეოტიპს. როცა ამ ერთობის წევრებს ვეკითხებით, რა არის მათთვის "Milano2018-დან", პასუხები შემდეგნაირია:

"იმედი, მოტივაცია, სიყვარული, პოზიტივი;"

"ეს არის ძალა ერთი, რომელსაც ყველა ენდობა";

"ახალგაზრდების ერთობა და სიძლიერე მომავლისთვის";

"ჩემთვის უამრავი შვილის პატრონისთვის ნიშნავს იმ დანაკლისის შევსებას, რასაც ოჯახის დატოვება იწვევს";

"მეტეორი, თხილის გულის ხელა, რომელიც თუ დაგეცა ვერ გაუმკლავდები!";

"ქართული სულის და სისხლის ყივილი, ერთობის მონატრება".

ერეკლე შილდელი: "Milano2018-დან" არ არის ორგანიზაცია, უბრალოდ ახალგაზრდული საზოგადოებრივი გაერთიანებაა, სადაც ახალგაზრდები მარტოობის მწარე განცდამ გაგვაერთიანა. როგორც ჩვენი საზოგადოების წევრი ზურაბ ბარბაქაძე იტყოდა, „ვიყოთ ერთობით, თან გავერთობით“

ჩვენს საზოგადოებას იურიდიული სტატუსი არ გააჩნია, რადგან სიყვარულისა და ერთიანობისათვის ჩარჩოები საჭიროდ არ მიგვაჩნია. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც მზად არის ნებისმიერ ქართველს გაუწიოს უფასო კონსულტაცია და აღმოუჩინოს დახმარება, თუ კი ამის მცირედი შესაძლებლობა მაინც იარსებებს. მაგალითად, ბიუროკრატიული პროცესები, სტუდენტური ვიზისათვის აუცილებელი პროცედურები, საცხოვრებელი ადგილის მოძიებაა მისაღებ ფასად და სიმართლე რომ ვთქვა, ალბათ, არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც ჩვენ ვერ შევძლებთ დახმარებას.

- როგორ შეიძლება აღნიშნულ ერთობაში გაწევრიანება?

- ჩვენ საზოგადოებაში გაწევრიანება ძალიან მარტივია, უბრალოდ უნდა მოგვძებნონ facebook-ზე milano dan ან ჩვენი საზოგადოების სრული სახელწოდებით. მთავარია დაიცვან აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრმა ოფიციალურმა საზოგადოებამ გაგვაკრიტიკა, რადგან მათგან განსხვავებით, ჩვენ არც ფულზე და არც პოლიტიკაზე ვფიქრობთ, ჩვენ ვიცავთ თითოეული ინდივიდის თავისუფლებასა და კომფორტის ზონას. თუ კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკა გსურთ, გეტყვით, რომ ჩვენი საზოგადოების ანალოგი ალბათ არც მოიძებნება, საკუთარ თავს თავად ვაფინანსებთ იმით, რისი საშუალებაც გაგვაჩნია. მართალია, ბევრის ქონა ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ თავისუფალი უბრალოება გვირჩევნია მონურ სიმდიდრეს.

ჩვენ მეტი არაფერი გვამოძრავებს, ვიდრე ერთად ყოფნის სურვილი. რაღა თქმა უნდა, გვაქვს ხარვეზები, ჯერ მხოლოდ ორი თვეა რაც ვარსებობთ, გვაქვს გამოწვევები და ბევრი საკითხის მოგვარებაა საჭირო. ახლა ენის კურსების შექმნაზე ვმუშაობთ, რადგან ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია, და ვეცდებით მის ერთად მოგვარებას.

- თუ არსებობს მსგავსი ახალგაზრდული გაერთიანებები (ერთობა) სხვა ქვეყნებში და რას ურჩევდით უცხოეთში მცხოვრებ სხვა ახალგაზრდებს?

- მილანში ბევრი ოფიციალური საზოგადოებაა, მაგრამ ყველას ვიღაცისაგან რაღაც სურს, ჩვენ კი გვსურს, რომ ერთმანეთი გვსურდეს - ეს იქნება როგორც ჩვენი განმასხვავებელი სიტყვა, ასევე რჩევა ახალგაზრდებისთვის - "ვიყოთ ერთობით თან გავერთობით" - #Milano2018-დან

მილანიდან გვანცა კაკაურიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ