ავტორი:

"დადასტურდა გრიპის 63 შემთხვევა, რომლის 95% H1N1-ია" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები ვირუსთან დაკავშირებით

"დადასტურდა გრიპის 63 შემთხვევა, რომლის 95% H1N1-ია" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები ვირუსთან დაკავშირებით

ბოლო 3 კვირის განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურდა გრიპის 63 შემთხვევა და აქედან 95% სწორედ H1N1-ია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება არ არის, რადგან მიმართვიანობა 100 000 მოსახლეზე 221-ს შეადგენს და აღნიშნული ვირუსი წელს, არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც ცირკულირებს.

„მოგეხსენებათ, გრიპის ვირუსებს სეზონურობასთან ერთად ციკლურობა ახასიათებს და ამიტომ სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს. შარშან იყო უფრო მეტი H3, წელს კი არის H1N1 და ის უფრო რთული კლინიკური მიმდინარეობით ხასიათდება, ვიდრე H3. H1N1-ის შემთხვევაში, მძიმე შემთხვევებით მიმართვიანობა ძირითადად, პირდაპირ სტაციონარებში იმატებს. ამასთან, მომატებული რისკის მქონე ადამიანებში სხვადასხვა გართულება მიმდინარეობს. ეს გართულებები ძირითადად, სასუნთქ სისტემას ეხება - წელს, პნევმონიის უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე შარშან, განსაკუთრებით, მაღალი რისკის მქონე ადამიანებში, ორსულ ქალებში, მოხუცებსა და პირველ რიგში, ბავშვებში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევა დღეს, აჭარის რეგიონში მოხდა.

„ჯერჯერობით, ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია არ გვაქვს. დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით, მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე დაახლოებით, 221-ია, ეპიდემიური ზღვარი კი გადის დაახლოებით 450-500-ზე, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჯერ ეპიდემიური სიტუაცია ქვეყანაში არ არის, თუმცა ვითარება საყურადღებოა, რადგან წინა კვირასთან შედარებით, 100 000 მოსახლეზე დაახლოებით, 30 ერთეულით გვაქვს მატება“, - აღნიშნა მან.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

„ასევე, სტაციონარებში მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით იყვნენ, პირველ რიგში კი მშობლები ბავშვებთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა 38,5 გრადუსზე ზემოთ აიწევს, აუცილებელია, ექიმთან კონსულტაცია. ბავშვი არ უნდა გავუშვათ ბაღში, სკოლაში და სახლში იზოლირების საშუალება უნდა იყოს. პირველივე დღეს აუცილებელია კონტაქტი ოჯახის ექიმთან“, - აღნიშნა მან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ