ავტორი:

"ამ პროექტით ქართული ესტრადა თავიდან დაიბადა" - გაიცანით გოგონა, რომელიც "მხოლოდ ქართულის" Facebook-LIVE-ებს ქმნის

"ამ პროექტით ქართული ესტრადა თავიდან დაიბადა" - გაიცანით გოგონა, რომელიც "მხოლოდ ქართულის" Facebook-LIVE-ებს ქმნის

ვინც პოპულარული პროექტის "მხოლოდ ქართული" "ფესიბუქგვერდს" თვალ-ყურს ადევნებს, მას აუცილებლად ეცოდინება ჟურნალისტი რუსკა გიორგაძე, რომელიც კონკურსისა და კონკურსანტების შესახებ სიუჟეტებს ამზადებს, მუდმივად აქვს "ფეისბუქლაივები". რუსკა აქტიურად არის ამ საქმეში ჩართული, - მას "რუსთავი 2"-ში მუშაობის არც ისე ხანმოკლე გამოცდილება აქვს.

"რუსთავი 2"-ში 10 წელია ვმუშაობ, არაერთ დიდ პროექტზე ("ნიჭიერი", "X ფაქტორი") მიმუშავია. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ინტერნეტის და ტელევიზიის თანაარსებობა დავიწყეთ და ჩვენი საქმისთვის "ფეისბუქის" სივრცე შევქმენით. თუ ჩვენს გვერდზე შეხვალთ, ნახავთ, რომ სატელევიზიო კონტენტისგან სრულიად განსხვავებულ მასალას ვამზადებთ. ვცდილობთ, კონკურსანტები მაყურებელს მაქსიმალურად კრეატიულად გავაცნოთ. "ფეისბუქის" ვიდეოკონტენტზე მე და ჩვენი კოლეგები იმისთვის ვმუშაობთ, რომ ცოტა განსხვავებული სახით მიადევნონ თვალი კონკურსის დეტალებსა თუ ეპიზოდებს", - გვეუბნება რუსკა გიორგაძე, რომელიც ჟურნალისტობასთან ერთად, პირველადი პროფესიით კინომცოდნეა და ასევე დიდ სიამოვნებას ანიჭებს "გრემის", ან "ოსკარის" დაჯილდოების გახმოვანება პირდაპირ ეთერში... ამბობს, რომ ძალიან უყვარს ფილმები, ამერიკული სერიალები და შეუძლია მათზე დაუსრულებლად ისაუბროს. ადრე კინოზე გადაცემაც მიყავდა. თუმცა ამჟამად "მხოლოდ ქართულზე" მუშაობს და მიაჩნია, რომ ამ ყველაფერს სრულიად სხვა დატვირთვა აქვს.

"ჩვენი ხელმძღვანელი გიორგი გაბუნიაა, რომელსაც ყოველთვის ბევრი კარგი იდეა აქვს და ჩვენც ვცდილობთ, ზუსტად ისე განვახორციელოთ, როგორც მას სურს. მომწონს, რომ ინტერნეტი ცალკე, დამოუკიდებელი მედიასივრცე გახდა, სადაც შეგვიძლია, ბევრი საინტერესო რამ გავაკეთოთ - ფრთები ბოლომდე გავშალოთ, ჩავრთოთ კრეატივი.

- "მხოლოდ ქართულზე" Ambebi.ge-სთან უკვე ბევრმა ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი აზრი. ვინაიდან ის შენი პროექტიც არის - რას იტყვი მასზე?

- ამ პროექტით ქართული ესტრადა თავიდან დაიბადა, რადგან ჩემ გარშემო რეალურად ვხედავ, რომ ბევრი რამ შეიცვალა. იმ თაობის ადამიანი ვარ, რომელიც უცხოენოვან მუსიკას უსმენს, ძირითადად, გადართული ვარ ამერიკულ მუსიკაზე, მაგრამ ახლა ვაკვირდები, ჩემზე უმცროსი ძმა მყავს და მისი თაობა და ჩემი მეგობრებიც აქტიურად არიან ჩართული ქართულ მუსიკაში. წინა სეზონმა ბევრი კარგი რამ შექმნა, მათ შორის, ჰიტი და დატოვა, რაც მეამაყება. სადმე თუ შევდივარ და ჩართულია სოფო ბათილაშვილის სიმღერები, რომლებიც განსაკუთრებულად პოპულარულია, ორმაგად მიხარია, რადგანაც ყველაფერი ჩვენს თვალწინ მოხდა და ეს არის ქართული ესტრადის ახალი ცხოვრება. "ანდერგრაუნდ" სივრცე უფრო პოპულარული კი იყო, თუმცა ქართულ მუსიკას პოპი აკლდა. ამის შექმნას კი ეს კონკურსანტები შეძლებენ.

- კონკურსში ფავორიტები გყავს?

- კი, მყავს და ერთ-ერთი გიორგი ცხადაძეა... გამორჩეულად მიყვარს ლაივის დღე, სანამ დაიწყება და ფუსფუსი მიდის. შემდეგ კი უკვე ის პროცესი, როცა სცენაზე ახალი ვერსია-ჰიტი იბადება და შემდეგ უკვე ეს ვერსიები ინტერნეტში ძალიან პოპულარული ხდება.

- მგონი, პროექტს საკმაოდ მკაცრი ჟიური ჰყავს - რას იტყვი?

- ძალიან სამართლიანი ჟიური გვყავს, მე კასტინგებზეც დავყვები მათ და ვაკვირდები, როგორი პროფესიონალიზმით უდგებიან საქმეს და როგორ დეტალებში შეუძლიათ განჭვრიტონ ამა თუ იმ ადამიანისგან სამომავლოდ რამე გამოვა თუ არა. ხედავენ მათ როლებს, ამპლუას, ჟანრს, რომელ ჟანრშიც თავს საუკეთესოდ წარმოაჩენენ. ალბათ წინა სეზონის კონკურსანტებს არ ეწყინებათ, თუ ვიტყვი, რომ წელს ძალიან ძლიერი ნაკადი გვყავს. რთულია, გამოარჩიო, რომელი რომელს სჯობია.

- რა პროგნოზები შეგიძლია გააკეთო ამ კონკურსის მეორე სეზონთან დაკავშირებით?

- ძალიან რთულია, რაიმე პროგნოზი ნამდვილად გამიჭირდება, ხალხზეა ძირითადად ყველაფერი დამოკიდებული... "მხოლოდ ქართულში" მიმდინარე ამბებზე შემიძლია სიამოვნებით ვისაუბრო, მაგრამ ამ პროექტის პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, ცოტა რთულია. სანამ საუბარს დავიწყებდით, უცხოურ და ქართულ მუსიკაზე მკითხეთ - დღეისთვის არ შეიძლება მათი შედარება (პოპს ვგულისხმობ). ისინი სხვა მასშტაბებზე არიან, იქ სხვა ტექნოლოგიებია. ბევრი რამით არიან წინ, თუნდაც ხმის ჩამწერი სტუდიებით. ის სერიოზული ინდუსტრიაა, სადაც საშუალება აქვთ, ფული გამოიმუშავონ, ლაპარაკია ძალიან დიდ თანხებზე. სანამ აქ არ გაჩნდება დიდი რაოდენობის მსმენელი, რომლებსაც შეუძლიათ, სტადიონები, საკონცერტო დარბაზები გაავსონ, მიიღონ პრესტიჟული ჯილდოები, სანამ საქართველოში არ შეიქმნება დიდი რაოდენობით საავტორო მუსიკა, არ გვეყოლება აუდიტორია, რომელიც მზად იქნება, ეს მუსიკა მოისმინოს, მანამდე ლაპარაკი ძნელია. ამიტომ, გაგვიჭირდება ინდუსტრიის შექმნა. ეს არის ძირითადი სხვაობა, ხარისხზე არაფერს ვამბობ.

- როდესაც იწყებოდა "მხოლოდ ქართული", მაშინ რა მოლოდინი გქონდა?

- მინდა, გავიხსენო პირველი სეზონის პირველი კასტინგი გორში. მაშინ არავინ იცოდა, ამ პროექტს რა შედეგი ექნებოდა, მისი დაწყება დიდი ექსპერიმენტი იყო. ჩავედით გორში, კასტინგი თეატრის შენობაში 11 საათზე იყო დანიშნული. საათს არ დავხედე და თეატრთან მხოლოდ სამი კონკურსანტი რომ დავინახე, გული დამწყდა და გავიფიქრე, - ხალხი როგორ არ მოსულა, პროექტი ჩაგვივარდა-მეთქი. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიან ადრე ყოფილა და ის ადამიანები, რომ არ დაჰგვიანებოდათ, სხვადასხვა რეგიონიდან იყვნენ ჩამოსულები - ადრე მოვიდნენ. რეალურად კი იმ დღეს ძალიან ბევრი კონკურსანტი მოვიდა. ასე რომ, შევცდი...

- სულ ბოლოს გვითხარი, როგორი ხელმძღვანელია გიორგი გაბუნია, რომელიც ჟიურის საკმაოდ მკაცრ წევრად მიიჩნევა...

- გიორგი ჩვენი პროდიუსერია, ამ პროექტის ინტერნეტსივრცესაც კურირებს და მასთან ხშირად გვაქვს კონსულტაციები, რათა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ პოპულარული იყოს ჩვენი "ფეისბუქსივრცე". გიორგი, როგორც ჟიურის წევრი, ცოტა მწარეა, თუმცა როგორც უფროსი - არაჩვეულებრივი, სამართლიანი, თუ საჭიროა, შენიშვნასაც მოგვცემს, მაგრამ მსუბუქი ფორმით, ისე, რომ არ გაწყენინოს. მოითხოვს მაქსიმალურ ჩართულობას და კრეატივს. ბოლოს კი იმას ვიტყვი, რომ აუცილებლად უნდა უყუროთ "მხოლოდ ქართულს" და მაქსიმალურად დაუჭიროთ მხარი თქვენს ფავორიტს, მერე ხშირად არის ხოლმე წყენა - აი, რატომ გააგდეთ ესა თუ ის კონკურსანტი?! ეს რომ არ მოხდეს, თითოეულს უგულშემატკივრეთ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს