ავტორი:

რა საქმეები უკავშირდება ლევან მურუსიძის სახელს და რატომ იწვევს პროტესტს მისი უვადოდ დანიშვნა

რა საქმეები უკავშირდება ლევან მურუსიძის სახელს და რატომ იწვევს პროტესტს მისი უვადოდ დანიშვნა

"ლევან მურუსიძის დამტკიცება საქართველოს სირცხვილია! იუსტიციის საბჭო არის სამარცხვინო ორგანო. უნდა დავიწყოთ პერმანენტული აქციები სანდრო გირგვლიანის და სხვათა მკვლელების დამცველების წინააღმდეგ - იუსტიციის საბჭოს და პარლამენტის წინ. ეს უსამართლობის სისტემა უნდა დაინგრეს!"

"გადარეული სააკაშვილის დროებით გამარჯვება სჯობდა, მართლმსაჯულებაში მურუსიძის სიცოცხლის ბოლომდე ჩაბეტონებას!"

"თეა წულუკიანის "რეფორმირებულმა" იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ადეიშვილის ზონდერი, სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის მკვლელი მოსამართლე ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნა!" - საზოგადოების მხრიდან ასეთი აღშფოთებული შეფასებები და კომენტარები მოყვა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ ლევან მურუსიძის დანიშვნას.

ამ ფაქტმა არასამთავრობო ორგანიზაციების, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების, პოლიტიკოსების დიდი ნაწილის, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია. მმართველი გუნდის წევრებმა ეს ქმედება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ამხედრებად ჩაუთვალეს და პოლიტიკური ბრძოლის დასაწყისი დაანონსეს.

გავიხსენოთ, ვინ არის ლევან მურუსიძე, რატომ მოჰყვა მის უვადო მოსამართლედ დანიშვნას ასეთი წინააღმდეგობა და რატომ სდებენ მას ბრალს კლანურ მმართველობაში.

სანდრო გირგვლიანის, როგორც უსამართლობისა და რეჟიმის მსხვერპლის სახელთან ერთად, საქართველოს ისტორია დიდხანს შემოინახავს ლევან მურუსიძის სახელსაც, როგორც ყველაზე უსამართლო და არაობიექტური გადაწყვეტილების გამომტან მოსამართლეს.

2007 წელს ლევან მურუსიძის მონაწილეობით უზენაესმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ლევან მურუსიძის მონაწილეობით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების: გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურის, ალექსანდრე ღაჭავასა და მიხეილ ბიბილურიძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დავით ხაჟალიას; ასევე დაზარალებულ ლევან ბუხაიძისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები სააპელაციო სასამართლოს განაჩენზე.

განჩინებაში, რომელიც საბოლოო იყო და რომელსაც მურუსიძის ხელმოწერაც აქვს, ვკითხულობთ: "დაზარალებულ ლევან ბუხაიძისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს". 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენით, სააპელაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, ავთანდილ აფციაურსა და მიხეილ ბიბილურიძეს სასჯელი შეუმცირა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველო გირგვლიანის წინააღმდეგ დამნაშავედ ცნო და განაჩენში ჩაწერა, რომ სასამართლო გირგვლიანის ოჯახს უსამართლოდ მოექცა.

კიდევ ერთი ხმაურიანი საქმე, რომელსაც მუდმივად უკავშირებენ მურუსიძის სახელს, სულხან მოლაშვილის საქმეა. 2006 წლის 23 ივნისს ლევან მურუსიძემ უშუალოდ წაიკითხა განაჩენი, რომლითაც კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როდესაც უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა, უკვე გახმაურებული იყო მოლაშვილის წამების ამბავი, გამოქვეყნებული იყო სიგარეტის ნამწვავებით ნაწამები მსჯავრდებულის ფოტოები, გავრცელებული იყო მათიას იორშის განცხადება, რომ ეს იყო ყველაზე ვანდალური მოპყრობის ფაქტები მის პრაქტიკაში, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციას გამოქვეყნებული ჰქონდა ღია წერილი მოლაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით. მოგვიანებით, სულხან მოლაშვილი სტრასბურგის სასამართლომ ოთხ მუხლში უდანაშაულოდ ცნო და ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად აღიარა.

ანა ნაცვლიშვილი, იურისტი:

"ანომალიური სიტუაციის მაჩვენებელია ის, რომ დისკუსია მურუსიძეზე იწყება იმით, თუ რატომ არ უნდა ინიშნებოდეს იგი უვადო მოსამართლედ. მაშინ როდესაც ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ მის მიერ შეტანილ "წვლილზე" მართლმსაჯულების სისტემაში.

ის სასამართლო რეფორმის გარდამტეხ და კრიტიკულ წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და შეიძლებოდა, რომ 2012 წლის პოლიტიკური ცვლილება მართლმსაჯულების სისტემის ცვლილებაც გამხდარიყო, იყო ამის იდეალური შანსი, რომელიც არ გამოიყენა მურუსიძემ, არც წლების წინ, როდესაც ის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა მოსამართლედ და არც ახლა, მისი გასაუბრება და საბჭოს წევრების მიერ დასმული კითხვები ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. მიმდინარე თამაში მურუსიძემ წამოიწყო და ის ისე წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს მას იმ ხელისუფლების პირობებში სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მაგრამ გარწმუნებთ, რამდენიმე მძლავრი სამართლებრივი მექანიზმი და ალტერნატივა ჰქონდა მას ხელთ, თუ შინაგან კონფლიქტში იყო იმ ცნობილ გადაწყვეტილებებთან.

თუნდაც არსებობს განსხვავებული აზრის დაწერის შესაძლებლობა, თუ არ ეთანხმები გადაწყვეტილებას, ან სტრასბურგისთვის მიემართვის შესაძლებლობა, მაგრამ ცხადია, რომ იგი ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთას და ამ შანსებს არ გამოიყენებდა.

"საერთაშორისო მაგჭირვალობა - საქართველოს“ იურისტი ოლიკო შერადინი:

"მურუსისიძის დანიშვნას გარკვეული აქვს სიმბოლური დატვირთვა - იგი სამასამდე მოსამართლეში მოიაზრება ყველაფრის პატიების სიმბოლოდ. ამ გადაწყვეტილებით, გაცხადდა, რომ ნებისმიერ მოსამართლეს მიუხედავად იმისა, როგორია მისი პროფესიული ბიოგრაფია, შეუძლია გახდეს უვადო მოსამართლე.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ ჩინჩალაძე და მურუსიძე არიან კლანის ყველაზე გავლენიანი წევრები, ისინი ყოველთვის მოიაზრებოდნენ ხელისუფლების დავალებების შემსრულებლად. რა შეიძლება გაკეთდეს ამ ჩიხურ და კრიზისულ სიტუაციაში? ახლა აუცილებელია რომ საზოგადოებამ გამოიჩინოს აქტივობა, ჩვენ არასამთავრობო სექტორი ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში გავაცნობთ საზოგადოებას რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ ვითარების გამოსასწორებლად. იმედისმომცემია, რომ მმართველი გუნდიდან მურუსიძის დანიშვნას მოჰყვა კრიტიკული შეფასებები".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ, მურუსიძის უვადოდ დანიშვნით, ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

"ვფიქრობ, ეს არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების, არამედ ჩვენი პარლამენტის და მე ვფიქრობ ეს პარლამენტის ღირსების საკითხია, რომ ეს ჩარხი უკან მობრუნდეს. ეს ამოცანა აქვს პარლამენტს. ადამიანები, რომლებიც მორალურ კონფლიქტში არიან ჩვენს საზოგადოებასთან, უნდა მოშორდნენ სასამართლოს".

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ნინო გოგუაძის თმით, იუსტიციის საბჭომ მურუსიძის უვადოდ გამწესებით, პარლამენტს სამაგიერო გადაუხადა:

"მურუსიძე უვადოდ გაამწესა იუსტიციის საბჭომ მოსამართლედ. ასე გასცა პასუხი პარლამენტის უარს უვადოდ დაენიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც სრულიად გაუმჭვირვალედ, ყოველგვარი პროცესის გარეშე შეირჩნენ. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, არც კი დაფიქრდნენ, როგორი დამაზიანებელი შეიძლება იყოს სასამართლოს და თავად საბჭოს რეპუტაციისთვის საზოგადოებაში ასეთი დაბალი ნდობის მქონე პირების დანიშვნა" - აღნიშნა გოგუაძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს