ავტორი:

"ევროვიზია" ჩემთვის ავტორიტეტული კონკურსი არ არის" - ზაზა შენგელია "საქართველოს ვარსკვლავსა" და კონკურსის ცნობილ მონაწილეებზე

"ევროვიზია" ჩემთვის ავტორიტეტული კონკურსი არ არის" - ზაზა შენგელია "საქართველოს ვარსკვლავსა" და კონკურსის ცნობილ მონაწილეებზე

როგორც უკვე ცნობილია, მუსიკალური კონკურსი "საქართველოს ვარსკვლავი" 5 იანვარს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით დაიწყება, რომლის გამარჯვებულიც "ევროვიზიის" კონკურსზე უნდა გაემგზავროს.

AMBEBI.GE პროექტის ჟიურის ერთ-ერთ წევრს, ზაზა შენგელიას ესაუბრა. ადამიანს, რომელიც ხმის ჩამწერი სტუდია "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტია და თავის დროზე არაერთი მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრი ყოფილა.

ზაზა შენგელია:

- "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ძალიან გონივრული და კარგი ნაბიჯი გადადგა, რომ ეს პროექტი შეიძინა და "ევროვიზიის" კონკურსთან კორელაცია მოახდინა. ყოველთვის მითქმა-მოთქმის საგანი იყო, რომ ზოგჯერ ამ კონკურსზე ის მონაწილე მიდიოდა, რომლის გამგზავრება მიზანშეწონილი არ იყო. ახლა როცა უკვე ასეთი გამჭვირვალე კონკურსი გვაქვს, მონაწილე ძალიან დემოკრატიულად გაივლის მაყურებლის "საცერს", მოსინჯავს თავს და დიდ გამოცდილებას მიიღებს. ამის შემდეგ კი უკვე ფსიქოლოგიურად და ყველანაირად დიდი აუდიტორიისთვის მომზადებული იქნება. მოკლედ, ძალიან კარგი ფაქტია, რომ "საქართველოს ვარსკვლავი" "ევროვიზიის" კონკურსს დაუკავშირდა.

- რაც შეეხება კასტინგებს, კმაყოფილი ხართ წლევანდელი ნაკადით?

- ჩვენში მუსიკალურმა პროექტებმა, რომელიც წლობით სხვადასხვა არხზე გადიოდა, ეტყობა, კონკურსანტების გემოვნებაზე პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა. 10 წლის წინაც ვიჯექი ანალოგიური კონკურსების ჟიურიში, 5 წლის წინაც და შემიძლია ვთქვა, რომ კონკურსანტების საერთო მომზადების დონე შეუდარებლად გაიზარდა. უკეთესი რეპერტუარით მოდიან, რაც მთავარია, მომზადებულები. კარგია, რომ რეგიონებიც მოვიცავით და შემიძლია ვთქვა, რომ საოცარი მომღერლები გვყავდა. მაგალითად, სამტრედიიდან, გორიდან, ბათუმიდან, სამეგრელოდან, რაც კარგია. ასე რომ, ფავორიტები გვყავს, მათი გვარების დასახელებას მოვერიდები, ვინც უკვე კარგად გამოამჟღავნა თავი. 10 იანვარს მომდევნო ტური გვექნება, სადაც ამ კონკურსანტებიდან 20 უნდა გამოვარჩიოთ.

- ახალბედა მომღერლებს შორის ცნობილებიც არიან. ჟიურის მათ მიმართ ერთნაირი მოთხოვნა ექნება?

- იცით, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილება ხალხის ხმების შედეგად მიიღება. რეალურად მაყურებლის მიერ გამოგზავნილი "ესემესების" რაოდენობაა გადამწყვეტი. თვითონ "ევროვიზიის" კონკურსზეც ხომ ეს პრინციპი მოქმედებს. ამიტომ, შედარებით უფრო გამოცდილები თუ გამოუცდელები თანაბარ პირობებში დგებიან, რაც სწორად მიმაჩნია. ეს ერთის მხრივ, სრულად კონკურენტულ, სამართლიან გარემოს ქმნის და მეორეს მხრივ, ხელს უწყობს იმას, რომ გამოცდილი და ახალბედაც ამ "საცერ-გამოცდას" გადის. ამ ყველაფრის ფონზე კი უზარმაზარ გამოცდილებას იღებენ.

- კონკურსანტებს შორის ოთო ნემსაძეა... ის თავისი გამოცდილებით ახალბედას ხომ ნებისმიერ შემთხვევაში დაჯაბნის?

- ოთოც ხომ ოდესღაც დამწყები იყო, უბრალოდ, ახლა აქ ახალგაზრდა თაობა მოვიდა, რომლებიც საინტერესოები არიან. ისინი თანაბარ პირობებში ჩააყენო, ნიშნავს იმას, რომ ყველა თანაბარ სიტუაციაში მოექცევა. თუკი ახალგაზრდა თავს გამოიჩენს და ალღოს აუღებს კონკურსს, ფსიქოლოგიურად ბარიერს დაძლევს, მაყურებელს მოეწონება, მას უპირატესობა ექნება.

- "ევროვიზიის" კონკურსზე ქართველები მაინცდამაინც კარგ პოზიციებს ვერ ვიკავებთ... რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს წელს კონკურსანტი, რომელიც საქართველოს "ევროვიზიაზე" წარმატებას მოუტანს?

- ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ წარმატებული გამოსვლები არ გვქონდა... პირადად ჩემთვის, მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის, ეს კონკურსი ავტორიტეტული არ არის. არაფერი ღირებული მას არ შეუმატებია მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიისთვის, თუ "აბბას" 1974 წლის გამარჯვებას არ ჩავთვლით და სელინ დიონს, რომელიც ამ კონკურსზე, დაოჯახებამდე, შვეიცარიის სახელით გამოდიოდა და მისი ერთ-ერთი საფეხური ეს კონკურსი იყო. ასე რომ, მთელი ამ წლების მანძილზე, სხვას ვერავის ვიხსენებ. ეს იმის ბრალია, რომ პროექტი პოლიტიკურია, ბლოკურ-პოლიტიკურ-სამეზობლო პრინციპით მიმდინარეობს. სკანდინავიის ქვეყნები ერთმანეთს აძლევენ ხმას, ბალკანეთის ქვეყნები - ერთმანეთს, გერმანია თურქეთს, რადგანაც 6 მილიონი თურქი ცხოვრობს იქ და ა.შ. ...

ამ დროს, ცნობილი ქვეყნები, რომლებიც შოუბიზნესს ამოძრავებენ, მათ შორის, ინგლისი, ტრადიციულად, მისი მონაწილეები ბოლო ადგილებზე გადიან. ყველაფერი თავდაყირა დგას. ეს იმ არაზუსტი და არაობიექტური ხმის მიცემის სისტემის ბრალია, რომელიც არსებობს. ჩემი აზრით, იქნებ ღირდეს, ჟიური დაუბრუნდეს ამ კონკურსს და ის ცნობილმა, გამოცდილმა ადამიანებმა შეაფასონ. ამით "ევროვიზიის" ხარისხი აიწევს... სწორედ ამ "ესემესების" გამო ბევრი ქვეყანა, მათ რიცხვში, იტალია, ავსტრია ამ კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობდა.

თუმცა მეორე მხრივ, ეს ევროპის მაუწყებელთა კავშირის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია, რომელშიც მონაწილეობა დიდი ამბავია. 48 ქვეყანას შორის საქართველო ხშირად X-XII ადგილზე გადის, რაც ჩემი აზრით, დიდი მიღწევაა. ამიტომ, ნუ ვეპოტინებით იმას, რაც ამ არსებულ "ინვალიდ" ხმის მიცემის სისტემაში არსებობს, რაც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. ვერ გაიგებ, რა სიმღერამ შეიძლება მოიგოს.

- წელს რა არის ჩვენთვის მთავარი, რითაც შეიძლება მიზანთან ახლოს მივიდეთ?

- მთავარია, ჯერ კონკურსანტი გამოვავლინოთ. როგორც ვიცი, მეორე ეტაპზე, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მზად არის, "ევროვიზიაზე" გასატანი სიმღერის კონკურსიც გამოაცხადოს, რაც ასევე ძალიან კარგია.

- მაყურებელი, რომელიც ამ კონკურსში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი რგოლია, რას ვპირდებით მას?

- იმას, რომ ვიქნებით ძალიან ობიექტურები, ძალიან მკაცრები და ამას მაყურებელი 5 იანვრიდან თავად იხილავს, როდესაც პროექტი ეთერში გავა. თითოეული მონაწილის მიმართ საკმაოდ მაღალი მოთხოვნა გვაქვს, რადგანაც საქმე სწორედ ისეთ კონკურსს ეხება, რაზეც ვისაუბრეთ. ამიტომ ჩვენი შეფასებები მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ კომპეტენტური ჟიური შეირჩა. კარგი კოლეგები მყავს და ნებისმიერის ყოფნას ჟიურიში მივესალმები, საერთო ჯამში კი, ეს ყველაფერი ქვეყანას და კონკურსანტს წაადგება.

აქვე უნდა ვთქვა, რომ პროექტზე მუშაობს ისეთი გამოცდილი და პროფესიონალი გუნდი, როგორიც გიორგი ხაბურძანიასა და დემნა ჯაფარიძის დუეტი და ჯგუფია. ასე რომ, წინ საინტერესო პროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" გველის!

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ