ავტორი:

გოგონებს აფხაზეთში არასასურველ შვილად თვლიან - იატაკქვეშა აბორტები და დემოგრაფიული კატასტროფა რეგიონში

გოგონებს აფხაზეთში არასასურველ შვილად თვლიან - იატაკქვეშა აბორტები და დემოგრაფიული კატასტროფა რეგიონში

აფხაზური მედიის ცნობით, ადგილობრივი აფხაზების რაოდენობა კატასტროფულად მცირდება. მიზეზი ისევ და ისევ სოციალური ფონია. მას შემდეგ, რაც რეგიონში სელექციური აბორტები აკრძალეს, არსებული რეალობის, მენტალობისა და მოსახლეობის უკიდურესად მძიმე ეკონომიკური პრობლემების გამო, იატაკქვეშა აბორტებმა იმატა...

აფხაზეთში იკლებს ქორწინებების რიცხვიც. ekhokavkaza.com-ის ინფორმაციით, სოხუმის “მმაჩის” ბიუროს ე.წ. უფროსი ინსპექტორის ნაალ შედანიას თქმით, რომელიც ამ უწყებაში დაახლოებით 25 წელია მუშაობს, 2016 წელს 255 ქორწინება დარეგისტრირდა, 2018-ში კი მათი როდენობა 222-მდე შემცირდა. ეს იმ ფონზე, როდესაც, განქორწინების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება.

გამოცემის ცნობით, 2016 წელს 577 ახალშობილი დარეგისტრირდა, მათგან 280 გოგონა იყო; გასულ 2018 წელს კი - 462 ჩვილიდან, 250 მამრობითი სქესის. ეს ტენდენცია - რამდენიმე ათეულით მეტი ბიჭის დაბადება აფხაზეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შესამჩნევი გახდა.

ადგილობრივი “მაღალჩინოსნების” თქმით, “შესაძლოა, ეს ბუნების საჩუქარი იყოს, რადგან ამით ქვეყანა დანაკარგს ინაზღაურებს". თუმცა, სინამდვილეში სიტუაცია სხვაგვარად არის და გოგონების 15%-ს ხელოვნურად "აქრობენ".

"როგორ დავიჯერო, რომ აფხაზეთი ინდოეთისა და სხვა აზიური ქვეყნების გზით მიდის, რაც ბიჭების პრივილეგიას გულისხმობს? იმ ქვეყნებში ქალებს შეუძლიათ აბორტის გაკეთება, როდესაც იგებენ, რომ გოგონას ელოდებიან... ინდოეთში ბოლო წლების განმავლობაში სქესთა თანაფარდობა ირღვევა და იგივე ხდება აფხაზეთშიც. უახლესი მონაცემებით, ახალი წლის დღეებში აფხაზეთში სულ 6 ბიჭი და 2 გოგონა დაიბადა" - წერს ჟურნალისტი და დასძენს, რომ ბოლო წლებში, ახალშობილების უმეტესობას ერთ-ერთი სერიალის გმირის სახელს არქმევენ, რაც პატარა აფხაზეთში საკმაოდ კურიოზულია...

იატაკქვეშა აბორტის თემას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივებში, მით უფრო, რომ 2016 წლიდან აფხაზეთში სელექციური აბორტი აიკრძალა. აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ე.წ. ექიმბაშებმა და სამსახურის გარეშე დარჩენილმა მედიკოსებმა ამ აკრძალვის შემდეგ საკმაოდ მსუყე შემოსავალი გაიჩინეს.

“ათასჯერ მაინც მივწერე პროკურატურასა და მილიციას, იმ რამდენიმე ქალის სახელი და გვარი, მისამართი და ვითომ სამედიცინო ცენტრი, სადაც ეს საშინელება ხდება... ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი და დავრწმუნდით, რომ ოდესღაც სამშობიაროს ექთანი მზად იყო 6 თვის ფეხმძიმე ქალისთვის მუცელი გაეჭრა და ნაყოფი მოეკლა... ეს ყველაფერი დეტალებში მივწერეთ, ისევე, როგორც სიტუაცია, რაც იქ ვნახეთ - ანტისანიტარია, არასტერილური, ღრმა საბჭოთა დროინდელი სამედიცინო იარაღები, მაგრამ რეაქცია ნული... იმ ქალის სარდაფში მაინც არასასურველი ორსულობის შეწყვეტის მსურველთა რიგია," - წერს ნათელა ჩირიკბა.

“ხომ არ შეგახსენოთ, რისთვის დაუწვეს სახლი რამდენიმე წლის წინ ერთ ექიმბაშს, რომელსაც 5 თვის ფეხმძიმე შემოაკვდა?! მანამდე რამდენი ასეთი შემთხვევის შესახებ გაგვიგია, ახლაც იგივე ხდება - ანთება, არასრულყოფილი მკურნალობა, სისხლის მოწამვლა... როდესაც სქესის გასაგებად მივედი, ექიმმა პირდაპირ მკითხა: გოგონაა და იტოვებთო? აბა რას ვიზამთ-მეთქი! კარგად დაფიქრდით და მეუღლესაც დაელაპარაკეთ, მესამეს კი არა მეორე გოგონას არავინ აჩენს აფხაზეთში... შემდეგ ნაყოფი გაიზრდება და ჩემი საწვალებელი იქნებაო..." - წერს ალექსანდრა გვილია, თუმცა, დასძენს, რომ შემდეგ "ექიმის" რჩევის საფუძველიც გაარკვია - “ბოლო წლებში მეორე და მესამე გოგონებს, აფხაზეთში არასასურველ შვილად თვლიან...”

“ახალია ვინმესთვის, რომ გოგონები არ უნდათ? ბიჭი გვარის გამგრძელებლად ითვლება და გოგო - თავის ტკივილად... არ იცოდით ეს ამბავი? სხვა რეალობაში ცხოვრობთ? რამდენ ოჯახს აქვს დღეს ორზე მეტი შვილის რჩენის თავი? ცოტას! მაღალჩინსონებს და არც ისინი იკლავენ თავს ერის გამრავლებით... " - წერს თამილა წვიჟბა.

“ჩვენმა მინისტრმა გვახარა, 500 ოჯახი სირიელი ჩამოვიყვანეთ და კიდევ რამდენიმე ათასი იგეგმებაო. ისინი ჩვენგან განსხვავებით, 10 და მეტ შვილს აჩენენ. ჩვენი და რუსეთის სახელმწიფოც ეხმარება და ცოტა ხანში, ასე ბედნიერად ვიცხოვრებთ ერთად... დაიმახსოვრეთ, რომ ამ ჰუმინიტარული მისიის უკან ჩვენი გამოხშირვის პროგრამა იმალება, არავითარი საქართველოსთან საზღვრის გამაგრების გზა", - მიაჩნია ზაირ ციცირბას.

“სელექციური აბორტის კვალდაკვალ, 16-17 წლის გოგონები იკეთებენ აბორტებს, მშობლების მალულად. ვიღაცას უმართლებს და “გამოძვრება”. ვიღაც - ვერა. გაურკვეველი დიაგნოზით მიჰყავთ საავადმყოფოებში. ეს არის ჩვენი რეალობა და ტრაგედია. 90-იანი წლების ომზე ვდარდობთ და ომზე მეტი ადამიანი შეიწირა ავტოსაგზაო შემთხვევამ თუ ნარკოტიკმა, რომ არაფერი ვთქვათ, არდაბადებულ ბავშვებზე", - წერს მანო “გაგრინსკი.”

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი