ავტორი:

"გამიხარდება, თუ ადამიანებს სიამოვნებას მივანიჭებ" - ნოდარიკო ხუციშვილის საახალწლო ტრადიციები

"გამიხარდება, თუ ადამიანებს სიამოვნებას მივანიჭებ" - ნოდარიკო ხუციშვილის საახალწლო ტრადიციები

"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტები ახალ წელს სცენაზე შეხვდნენ. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა ახალი წლის ღამეს პროექტი დატოვა და ეს ახმეტელის თეატრის მსახიობი გიორგი ცხადაძე, იგივე "ცხადო" იყო. შოუში ამჟამად ხუთი კონკურსანტი განაგრძობს მონაწილეობს.

AMBEBI.GE ამჯერად ნოდარიკო ხუციშვილს პროექტსა და საახალწლო განწყობაზე ესაუბრა:

- ცუდი ის არის, რომ ერთ-ერთი კონკურსანტი ახალი წლის ღამეს პროექტს გამოეთიშა, ეს ყველასთვის უსიამოვნო გრძნობა იყო... ახლა რაც შეეხება საახალწლო განწყობას, სცენაზე ახალ წელს არასდროს შევხვედრივარ, პირველი შემთხვევა იყო. წლებია, სახლში ვხვდები და მერე მეგობრებთან ერთად, ვინმესთან მივდივართ, ან სადმე გასართობად. არიან ისეთი ადამიანები, ვინც ნეიტრალურად არიან ამ დღესასწაულის მიმართ განწყობილი, მე ასე არ ვარ, მიყვარს ეს პერიოდი. მშვენიერია, თუ კარგი, იმედიანი განწყობა გვექნება.

სახლში მეც ჩართული ვარ ხოლმე საქმეებში. ეს საახალწლო განათება იქნება თუ სხვა რამ, რაც ამ დროს ხდება... ცხადია, ეს ემოცია ჩემზე გადმოდის და ყველანი ერთად ვცდილობთ, რომ ამ დროს რაღაც კარგი შევქმნათ.

- კონკურსანტები ამ ახალი წლის დღეებში საოცარ რეჟიმში ხართ...

- 1 იანვარს დავისვენეთ. 2-ში განვაახლეთ რეპეტიციები, საქმეს შევუდექით - სიმღერის დაბედება კარგია! უბრალოდ, ცოტა დაღლილები ვიყავით.

- გიოც გავიხსენოთ, რა ტრადიცია ჰქონდა საახალწლოდ?

- ბოლო დროს სულ კონცერტი ჰქონდა ხოლმე, ჯერ თავის სახლში ხვდებოდა, მერე ერთმანეთს ვულოცავდით და კონცერტზე მიდიოდა, ასეთ რეჟიმში იყო...

- მეკვლე თუ ყოფილხარ?

- ერთი-ორჯერ დაემთხვა, რომ მეკვლე ვიყავი, მაგრამ დაგეგმილად მეკვლე არასდროს ვყოფილვარ... რომ გითხრათ, მეკვლეობის მჯერა თუ არა, გეტყვით, რომ მაგ ენერგეტიკის მჯერა. ადამიანი რაც უფრო კარგ ხასიათს შეიქმნის, მგონია, რომ სხვებზეც გადამდებია. მერე სამომავლოდ რა როგორ მოქმედებს, ეს არ ვიცი, თუმცა ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ასეთი ემოციით მიდიხარ სადმე, ან შენთან მოდიან. ბევრ რამეს ცვლის, დადებითად მოქმედებს - კარგია. ასე რომ, ენერგეტიკის ნამდვილად მჯერა.

- ახალი წლის დღეებში არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა ბევრისთვის ნორმაა. რას იტყვი?

- გადაბმულად არასდროს დამილევია, მაგრამ მიყვარს კარგი სასმელი, რომელიც კარგ განწყობას სწევს, მაგრამ წლევანდელი წელი განსხვავებულია, ვუფრთხილდები ხმას, შეძლებისდაგვარად ყველანი სულ სხვა რეჟიმში ვართ. ისე, სასმელი მიყვარს არა მარტო ახალ წელს, როცა რაღაც მაგარი დღეა, რადგანაც გარშემო ყველა ერთად კარგ ხასიათზე ვდგებით, ვმღერით...

- საყვარელი სადღეგრძელო თუ გაქვს?

- დიდად სადღეგრძელოები არ მიყვარს. ხანდახან შეიძლება, რაღაცის თქმა გულიდან მოგინდეს და სამეგობროსთან თქვა, ხან იუმორით, ხან - ისე. მაგრამ ახლა ადექით და მომისმინეთ, ასეთი რამ არ მახასიათებს.

- აქამდე უკვე განვლილი კონკურსის ეპიზოდებს თუ თვალს გადავავლებთ, რას იტყვი?

- ბევრი რამ კარგი მოხდა, თუნდაც ამდენი ადამიანი გავიცანი, ამდენი სიმღერა ვიმღერე. შეიძლება, ისინი ცხოვრებაში საერთოდ არ შემესრულებინა. ეს შოუ ნამდვილად დიდი გამოწვევაა და ამის ფონზე მეტი და მეტი გინდა, რომ გააკეთო. იმედი მაქვს, რომ პროექტი კიდევ უფრო საინტერესო გახდება. მართალია, ამ ეტაპზე შეიძლება, გაუთავებელი რეპეტიცია დამღლელი იყოს, მაგრამ ბევრი რამაა ისეთი, რაც ამ ყველაფერს ავსებს და სწონის.

- გულშემატკივარს, მაყურებელს, რომელმაც შეგიყვარა და მხარს გიჭერს, რას ეტყოდი?

- ბევრი მიზეზია, რომ ამ ადამიანებს კარგად ყოფნა ვუსურვო, სულ კარგ ხასიათზე და განწყობაზე ყოფილიყვნენ, როგორც შეუძლიათ მაქსიმალურად პოზიტიურად იყვნენ. ამ ახალი წლის დღეებში კი განსაკუთრებით მეტი პოზიტივი ჰქონდეთ და ბედნიერები იყვნენ. გამიხარდება, თუ შევძლებ და მათ სიამოვნებას მივანიჭებ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს