ავტორი:

„არაფერზე უკან არ ვიხევთ და მკაცრები ვართ“ - სტეფანე "საქართველოს ვარსკვლავში" მაგარ ტიპს ეძებს

„არაფერზე უკან არ ვიხევთ და მკაცრები ვართ“ - სტეფანე "საქართველოს ვარსკვლავში" მაგარ ტიპს ეძებს

სტეფანეს კარიერა წარმატებული მომღერლობის და პროდიუსერობის გარდა, მეგაპროექტების ჟიურის წევრობასაც მოიცავს, თანაც ისე, რომ ამ კუთხით უკვე ექსპერტის სტატუსიც აქვს. ახლა მეცხრე კონკურსის ჟიურის წევრი იქნება და ამბობს, რომ ძალიან მკაცრიც, რადგან, "საქართველოს ვარსკვლავმა", რომელიც დღეს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იწყება, "ევროვიზიისთვის" კონკურსანტი უნდა შეარჩიოს.

საინტერესო ისაა, რომ სტეფანე მღებრიშვილი თავად ამ კონკურსიდან 2009 წელს დისკვალიფიცირებულია, თუმცა ახლა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "ევროვიზიაზე" ღირსეული კონკურსანტი წავიდეს.

- როგორც მუსიკალურ პროექტებში კარგად გამოწვრთნილი მუსიკოსი, რას გვეტყვი, "საქართველოს ვარსკვლავი" სხვა დანარჩენისგან რითი იქნება განსხვავებული?

- სიახლე უკვე არ არის, რომ ამ კონკურსის გამარჯვებული "ევროვიზიაზე" მიემგზავრება და ეს არის ამ პროექტის ერთგვარი ხიბლიც, რამაც "საქართველოს ვარსკვლავში" უპრეცედენტო ნიჭიერების ზეიმი გამოიწვია. 300-მილიონიანი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ყველას მოუნდა. პროექტში ვინც მოვიდა, ფიქრობს, რომ უნდა გაიმარჯვოს. საოცარი მონაწილეები არიან, მათ შორის, კარგად ნაცნობი სახეებიც, რამაც ეს კონკურსი ცოტა განსხვავებული გახადა.

მეორე ისაა, რომ ჩემი კოლეგები, ჟიურის წევრები - ზაზა შენგელია, ნათია თოდუა, თიკო ბერძენიშვილი უდიდესი პასუხისმგებლობით შეუდგნენ საქმეს. ნათიასგან თითქოს არ მოველოდი ამ ტიპის სიმკაცრეს. ზაზა სერიოზული ადამიანია, რომელსაც თავისი დამოკიდებულება აქვს "ევროვიზიის" კონკურსთან, თიკო უშუალოდ მონაწილეა ამ ყველაფრის, - ევროპის მაუწყებელთა კავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენელია. ნათიასაც მჭიდრო ურთიერთობები ქვს გერმანიის მხრიდან ამ კონკურსთან. ასე რომ, ოთხივეს სერიოზული მიზანი იყო და არის "ევროვიზიაზე" "მაგარი ტიპი" წავიდეს.

ჟიური არ არის რბილი, რაც ქმნის თავისებურად შოუს. თვითონაც მიკვირდა, რომ არაფერზე უკან არ ვიხევდით და ქასთინგზე ასეთი მკაცრები ვიყავით.

_ შენ ოფიციალურად დისკვალიფიცირებული ხარ "ევროვიზიიდან". მართლა უცნაურია, რომ ასეთი ადამიანი, მონაწილეს სწორედ ამ კონკურსისთვის არჩევ...

_ კი, ოფიციალურად დისკვალიფიცირებული ვარ და ამის გამო, 2018 წელს ლონდონიდან მოწვევა მომივიდა Channel 5-დან, ძალიან რეიტინგულ არხზე ინტერვიუ მქონდა, სადაც "ევროვიზიასთან" დაკავშირებით ბევრი ვილაპარაკეთ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს უკვე ამხელა ისტორია გვაქვს, ამდენი წელია, იქ დავდივართ, მე ჩემი დამოკიდებულება ავუხსენი.

_ როგორც ჩანს, სწორედ შენ აღმოჩნდი მათთვის საინტერესო...

_ კი, მხოლოდ მე მიმიწვიეს. დიდი, სერიოზული ფილმი გააკეთეს, - საინტერესო გარჩევა მოაწყვეს, ჩემი აზრი მართლაც რომ აინტერსებდათ. ვფიქრობ, რომ ეს არის პროფესიონალურად გაკეთებული ძალიან სერიოზული კონკურსი, სადაც არანაირი წინასწარი გათვლა არ არსებობს. ერთი დიდი ფორმულაა, თუ რას უნდა შეიცავდეს ეს ყველაფერი. საქართველოს არასოდეს აქვს საშუალება, კონკურსში ისევე ჩაერთოს, როგორც მდიდარი ქვეყნები, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ და ამისთვის იბრძვიან. ვიმეორებ, ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს, თუმცა ყოველთვის ორიგინალური გამოსვლის მომხრე ვარ, რაც ძალიან იშვიათად გამოგვდის. ერთადერთი ნათელი პროექტი ჰქონდა Young Georgian Lolitas-ს. ამის დასტური ის იყო, რომ ბრიტანეთმა 12 ქულა დაგვიწერა და დავმშვიდდი.

მოკლედ, ახლა ამ კონკურსზეც ვეძებ ძალიან მაგარ უცხო პროექტს, რომლითაც ვიამაყებ!

_ დისკვალიფიკაციას რომ მივუბრუნდეთ და ეს პერიოდი ჩვენს მკითხველს გავახსენოთ, რამდენად სამართლიანი იყო მაშინ "ევროვიზიის" საორგანიზაციო კომიტეტი Stephane & 3g-ს მიმართ?

_ ეს იყო 2009 წელი, როდესაც "ევროვიზია" მოსკოვში ტარდებოდა, სადაც მე და "3 გოგო" უნდა წავსულიყავით სიმღერით We Don't Wanna Put In, სადაც შინაარსობრივად, გრამატიკულად ტექსტში არანაირი შეცდომა არ იყო. "ჩვენ არ გვინდა უარყოფითი ემოციების ჩადება", - ეს იყო აზრი, თუმცა ერთი მოსმენით თითქოს "ჩვენ არ გვინდა პუტინი" - ეს ჟღერდა. სიმღერა ყველას ძალიან მოსწონდა.

არსებობს დოკუმენტური ფილმი, თუ როგორ გვიღებენ ევროპის სხვადასხვა ქალაქში, მოწინავე და რეიტინგული არხებისთვის, გადაცემები წერდნენ ინტერვიუებს, მაგრამ ჩვენ მოგვცეს დისკვალიფიკაცია, რის გამოც, ადამიანები ევროკავშირიდან შოკში იყვნენ. ეს ყველაფერი არაფრის გამო მოხდა. სიმღერაში იმ ფრაზის გადათამაშება უბრალოდ მარკეტინგული ხრიკი იყო, რომელმაც ძალიან მაგრად იმუშავა და ასე შევედით ამ კონკურსის ისტორიაში.

_რომ წასულიყავით რა საფრთხეები არსებობდა და თქვენი დისკვალიფიკაციით "ევროვიზიამ"რისგან დაიზღვია თავი?

_ იყო დიდი შიში, რომ ვიღაც ჩვენი ჯგუფიდან შეიძლებოდა, მოეკლათ. სერიოზული სკანდალი იყო. ფაქტობრივად, "ევროვიზიამ" დაარღვია წესი, ჩვენ არაფერი დაგვირღვევია, მხოლოდ იმას ვამტკიცებდით, რომ შინაარსობრივად დარღვევა არ გვქონდა. თუმცა ამ ყველაფრისგან მოგებული დავრჩი, რადგანაც ჩემს კარიერაში დარჩა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ვახსენე; მე ვიყავი ყველაზე საოცარ არხებზე, საოცარ გადაცემებში. ერთხელ ლონდონში მეტროდან ამოვდიოდი და ხელში მომაჩეჩეს ყოველდღიური რეიტინგული, უფასო გაზეთი, რომელიც ჩვენზე წერდა. ჩვენზე წერდა, მსოფლიოში ცნობილი ყველა გამოცემა... ეს დიდი წარმატება იყო. ვიმეორებ, არაფერი დამიკარგავს, იმ ყველაფრით ბედნიერი ვიყავი, რაც სხვათა შორის დღემდე არ ნელდება.

_ "საქართველოს ვარსკვლავში" რა ელის მაყურებელს?

_ უპირველესად, მინდა ყველას ახალი წელი მივულოცო. საოცარი ბედნიერების, წარმატების საქართველოს წინსვლის წელი ყოფილიყოს. ამისთვის ყველა საკუთარ მარცვალს ვდებთ. ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, რომ წინ წავიდეთ. "საქართველოს ვარსკვლავი" კი მაყურებელს ბევრ საინტერესოს ჰპირდება, მით უმეტეს, მაყურებელი თვითონ არის ამ პროექტის მონაწილე, მას უდიდესი როლი აქვს, დიახ, გამარჯვებული გამოვლენაში სერიოზული წვლილი უნდა შეიტანონ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს