ავტორი:

"უხერხულია, ამ დროს მანქანაში გოგო ჩაისვა, თუმცა ვაღიარებ, ამით თავი მომიწონებია" - ცნობილი კონკურსანტის უცნობი გატაცება

"უხერხულია, ამ დროს მანქანაში გოგო ჩაისვა, თუმცა ვაღიარებ, ამით თავი მომიწონებია" - ცნობილი კონკურსანტის უცნობი გატაცება

ისე ხდება, რომ "მხოლოდ ქართულის" ლაივ-კონცერტები დღესასწაულებს ემთხვევა. დღეს შობაა და კონკურსანტები მორიგი ტურისთვის ემზადებიან. ამჯერად მათ სიმღერების მომზადებაში მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე დაეხმარა. ქალი კომპოზიტორების ნამუშევრები უნდა შესრულდეს.

"საპასუხისმგებლო სიმღერა მაქვს, აკომპანიმენტს როიალთან ნინო გულიაშვილი მიკეთებს და მთელი ჩემი ვოკალური მონაცემებით უნდა "გავშიშვლდე", რადგან ისეთი მაგარი სიმღერაა, სუნთქვაც კი ისმის, ანუ მხოლოდ როიალი და მე ვიქნებით, მთელი გრძნობით მომიწევს მღერა, ამიტომ, მუსიკაში უნდა ჩაეფლო, გავყვე და ისიც გამომყვება. ნინო გულიაშვილი საოცრად უკრავს, კარგი კონცერტმეისტერია, მასთან მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს," - გვეუბნება ერთ-ერთი კონკურსანტი გიორგი კელაპტრიშვილი, რომლის სერიოზული გატაცება მუსიკასთან ერთად, მანქანებიც ყოფილა და გიორგი მოდრიფტავე აღმოჩნდა.

"ჩემი საჭესთან ურთიერთობა ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. ალბათ, 6 წლის ვიქნებოდი, მამას კალთაში რომ ვეჯექი, საჭეს ხელს უშვებდა და მანქანას ასე ვმართავდი. მოკლედ, ამ საქმეს ასე გავუთამამდი. გიჟდებოდა, საჭეს ასე როგორ ვიმორჩილებდი. თან ისე, რომ პედლებსაც ვერ ვწვდებოდი. იმის გამო, რომ ამ საქმეს ასე კარგად ავუღე ალღო, მომწონდა და მოვინდომე, მამამ გადაწყვიტა, ტარება უკეთესად ესწავლებინა... ერთხელაც, უკვე 8 წლის ვიყავი, როცა დამოუკიდებლად დამსვა. სოფელში მინდვრის გასწვრივ დაახლოებით, ნახევარი საათი ვიარე. მამა გვერდით მეჯდა. ბევრი ისეთი რამ გავაკეთე, რამაც ის გააკვირვა და მერე უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მენდო... ტრასაზე სწრაფადაც მივლია, მაგრამ ყოველთვის ვაკონტროლებ, რაიმე ზედმეტი არ მომივიდეს," - ამბობს გიორგი, რომელიც დღესდღეობით სერიოზული მოდრიფტავეა.

- დრიფტით როგორ დაინტერესდი?

- ამის მიმართ ინტერესი უფრო გვიან, 16-17 წლის ასაკიდან გამიჩნდა... ერთი სარეცხი მანქანა არ მაინტერესებს, თორემ ძრავი რასაც აქვს, ყველაფერი მიზიდავს. არა მარტო დრიფტი, ტრეკზე დრაგიც, რაც უფრო სისწრაფეს ავითარებს, მსიამოვნებს. ოფროუდიც მომწონს - ტალახებში წინააღმდეგობების დაძლევა. მომწონს თოვლში მანქანით რომ ვსრიალებ. მანქანით სრიალს ამხელა ადრენალინი ახლავს, ისე, რომ ხშირად იმ მომენტში მანქანასაც არ დავეძებ, საბურავები ცვდება თუ სხვა რამ ფუჭდება. რამდენჯერ ყოფილა, რომ დრიფტის დროს საბურავებიც გამოხეთქავს. ჩემი ავტომანქანა "ავტომატიკაა", იმის ფუფუნება არ მაქვს, ორივე - "მექანიკაც" და "ავტომატიკაც" მქონდეს, თუმცა ჩემთვის სადრიფტაოდ '"მექნიკა" უკეთესია.

- მანქანას საბურავების ცვლა მალ-მალე უნდა?

- გამოყენების ხარისხს და ინტენსივობას გააჩნია...

- დრიფტის დროს ემოციურად რას განიცდი?

- გული მიჩქარდება. სხვა შემთხვევაში გულის აჩქარება არ მომწონს, მაგრამ დრიფტი ისე მსიამოვნებს, იმდენი ადრენალინია, რომ სხვანაირი ემოცია მოაქვს, სხვანაირად იხარჯები, დადებითად იმუხტები და უარყოფით ემოციასაც განდევნი.

- მაგ დროს შეყვარებული თუ ჩაგისვამს მანქანაში?

- კი, მინდოდა, მისთვის თავი ასე მომეწონებინა, ოღონდ, ეს ადრეულ წლებში იყო, ახლა ამას აღარ გავაკეთებ. მგონი, ამისთვის უკვე გავიზარდე. ცოტა უხერხულია, დრიფტის დროს მანქანაში გოგო ჩაისვა, თუმცა თუ თვითონ ამის სურვილი ექნება, კი ბატონო. ვაღიარებ, ამით ადრე თავი მომიწონებია. მოკლედ, ხომ ვამბობ, ძალიან მიყვარს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ