ავტორი:

რა ხდება "თიბისი ბანკის" ირგვლივ?

რა ხდება "თიბისი ბანკის" ირგვლივ?

გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ საქმის პოლიტიკურ სარჩულზე, ოპოზიცია იმასაც კი ამბობს, რომ ამით "ივანიშვილი ხაზარაძეს პერსონალურად დაემუქრა".

არსებობს რამდენიმე ვერსია, რატომ გააქტიურდა ეს საკითხი ახლა: ერთი ვერსიით, "თიბისის საქმე" "ოცნების" შიდა დაპირისპირების გადასაფარად წამოწიეს წინა პლანზე, რომელიც მოსამართლეების შერჩევის საკითხს მოჰყვა. კიდევ ერთი ვერსიით კი, ეს კამპანია ანაკლიის პორტის საკითხს უკავშირდება.

ნახეთ ვიდეო: რა ხდება "თიბისი ბანკის" გარშემო?

ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის შესაძლო დაკავების შესახებ, 8 იანვრის საღამოს პირველმა გაავრცელა პორტალმა "კვირამ", რომელიც ზოგიერთი ინფორმაციით ძალოვან უწყებებთან ასოცირდება. 9 იანვარს კი პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება სტატიის იდენტური ტექსტით, რამაც ექსპერტებსა და მედიაში ეჭვები გააჩინა.

თადუმაძის უწყებაში განმარტავენ, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოძიება გასული წლის მაისიდან მიმდინარეობს. "თიბისი ბანკში“ აცხადებენ, რომ პროკურატურა სწავლობს იმ ტრანზაქციების საქმეს, რომლის გამოც ბანკი წლების წინ 1 მილიონი ლარით დააჯარიმეს, თუმცა სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.

  • რას ამბობს "თიბისი"?

ბანკის სახელით განცხადება მისმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა. ის მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მცდარ და მიზანმიმართულად დამახინჯებულს უწოდებს, რომელიც ემსახურება ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას.

"რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:

  • არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლების დროს;
  • არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;
  • ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.

"თიბისი ბანკი" ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად" - ნათქვამია ხაზარაძის მიერ ბანკის სახელით გავრცელებლ განცხადებაში.

  • რას ამბობს პროკურატურა?

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო სს „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ასევე აქციონერებისა და ადმინისტრატორების ფინანსური აქტივობების შესწავლა, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ კონკრეტული აქტივობები შეიცავდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ანუ ფულის გათეთრების ნიშნებს. აღნიშნულზე რეაგირების მიზნით, მასალები გადაგზავნილია როგორც ეროვნულ ბანკში, ასევე გამოგზავნილ იქნა საქართველოს პროკურატურაში.

"ამის საფუძველზე 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით. გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M“-მა და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით აიღეს სესხი დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე.

სესხის თანხის გადახდის გარეშე, 2008 წლის ბოლოს, სესხი გადატანილი იქნა გარე საბალანსო ანგარიშზე ანუ ჩამოიწერა, ხოლო შემდგომში, 2012 წლის დაახლოებით აგვისტოში, ისე რომ, აღნიშნული კომპანიების მიერ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა, ჩანაცვლებული იქნა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ. მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M“-სა და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მისი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“, - განმარტეს პროკურატურაში.

  • როგორ დაემთხვა ერთმანეთს kvira.ge-ს სტატია და პროკურატურის განცხადება?

ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის შესაძლო დაკავების შესახებ, 8 იანვრის საღამოს პირველმა გაავრცელა პორტალმა "კვირამ", რომელიც ზოგიერთი ინფორმაციით ძალოვან უწყებებთან ასოცირდება. ექსპერტების და მედიის წარმომადგენლების ეჭვი, რომ საგენტომ "ზემოდან" დაკვეთით გაავრცელა ინფორმაცია, კიდევ უფრო გაამყარა 9 იანვარს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულმა განცხადებამ, რომელსაც სტატიის იდენტური ტექსტი ჰქონდა.

პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება კითხვის ნიშნებს უჩენს ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს და თადუმაძის უწყებისგან მეტ გამჭირვალობას ითხოვენ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ინტერესდება, გამოცემას ტექსტი პროკურატურამ დაუწერა თუ პირიქით - სააგენტომ პროკურატურას.

"საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ამ თემას ბოლომდე არ ჩავყვებოდი. ძალიან სახიფათო მიმართულებაა. „თიბისი ბანკის“ სეგმეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქედან გამომდინარე მინიმუმ უპასუხისმებლობა იყო ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი. თუ რამეზე საქმის ძიება მიდის, ეს უნდა მიდიოდეს სამუშაო ვითარებაში და არა საჯარო სივრცეში. თუ ვინ დგას ამ სააგენტოს უკან, ამ ჭორაობაში არ შევალ. უბრალოდ, მაქვს ერთადერთი კითხვა - პროკურატურის განცხადება რომ მოვისმინე ჩემთვის გაუგებარი გახდა, "კვირას" სტატია წაიკითხა პროკურატურამ თუ პროკურატურამ დაუწერა განცხადება ამ სააგეტოს? ძალიან საეჭვო დამთხვევები იყო...

როდესაც საქმე ეხება ფინანსურ სისტემას, მითუმეტეს, იმდენად სერიოზულს, როგორც „თიბისი ბანკია“ ყველა სიტყვა ასაწონ-დასაწონია. ძალიან სენსიტიური თემაა და არ ეხება მხოლოდ ბანკს. ის რაც მოხდა, არის წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობა. ვინც არ უნდა იყოს ამის ინიციატორი, მას ან არ ესმის რას ეთამაშება, ან შეგნებულად მიდის იმ რისკზე, რომ მთლიანად დაანგრიოს საფინანსო სტაბილურობა. ძალიან სახიფათო ტენდეცია ვნახეთ" - უთხრა ხუხაშვილმა AMBEBI.GE-ს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, "მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა და ბანკთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას სწორედ ამას უკავშირებს.

"პროკურატურა დამალობანას თამაშობს და პროსახელისუფლებო მედია საშუალებებით გვამცნობს ამბებს. ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა. ამდენად, კონტექსტი ამძიმებს 2008 წლის საქმის მიმართ სანდოობას. ფაქტია, ამ განცხადებამდე მამუკა ხაზარაძე ცდილობდა ივანიშვილთან ურთიერთობის არაფორმალურად დალაგებას. ეს არ გამოვიდა. ფაქტია, რომ ბიზნესი თავისუფლად არ/აღარ სუნთქავს. ფაქტი არაა, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ პოლიტიკაში ნამატი გვექნება" - წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე".

  • როგორ იმოქმედებს "თიბისის" საქმე ფინანსურ სექტორზე?

გია ხუხაშვილის თქმით, გამოძიების ეს პროცესი საფონდო ბირჟაზე მალევე აისახება, თუმცა პოლიტოლოგის თქმით, პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს.

„რა თქმა უნდა იმოქმედებს, მაგრამ საერთაშორისო ბირჟები ნაკლებად მაინტერესებს, მე უფრო მაინტერესებს ჩვენთან შიგნით რა შეიძლება მოხდეს. მინდა ყველა დავამშვიდო - ეს არ არის ბანკის პრობლემა პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. თუ ვინმეს პერსონალური პრობლემა აქვს, ეს სამუშაო ვითარებაში შეიძლება გაირკვეს. საბანკო სისტემასთან ზოგადად მაქვს პრეტენზიები, მაგრამ „თიბისი ბანკი“ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად აწყობილი სისტემა. ამ ტიპის რყევები ჯაჭვურად სხვა სეგმეტებზეც გადავა, კარგად უნდა გვესმოდეს“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა საქართველოს საბანკო ასოციაციაც. როგორც ასოციაციაში მიიჩნევენ, მსგავსმა კამპანიამ შესაძლოა დააზიანოს როგორც კონკრეტული ბანკის რეპუტაცია, ასევე, მთლიანად საბანკო სისტემა, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე:

"ბოლო პერიოდში "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული მოვლენების არასწორმა ინტერპრეტაციამ და საზოგადოების მაღლი ინტერესით სპეკულირებამ შეიძლება დააზიანოს, როგორც რეალური ინფორმაციის სწორად აღქმის პროცესი ასევე შექმნას არასწორი მოლოდინები პროცესის განვითარებასთან დაკავშირებით.

საბანკო სექტორი მუდმივად იმყოფება ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო აუდიტორების, სარეიტინგო კომპანიების და ინვესტორების მონიტორინგის და მეთვალყურეობის ქვეშ, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც "თიბისი ბანკის" ასევე მთლიანი საბანკო სექტორის მაღალ სტაბილურობას და მდგრადობას" - ნათქვამია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.

„თიბისი ბანკის“ გარშემო შექმნილ ვითარებას აკვირდება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატიც:

"მიგვაჩნია, რომ პოლიტიზირებულმა განცხადებებმა, დაუსაბუთებელმა სხვადასხვა ვერსიების გაჟღერებამ მედიაში და უსაფუძვლო აჟიოტაჟმა, შესაძლოა არასწორი მოლოდინები შექმნას და ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, როგორც ბანკისთვის, ასევე საფინანსო სექტორისთვის. საფინანსო სექტორში მოლოდინები მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამ პროცესს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. მთავარია, რომ საგამოძიებო პროცესი ხელს არ უშლის ბანკის გამართულ ფუნქციონირებას, რაც ჩვენთვის ცნობილია საკითხი ეხება კონკრეტულ ეპიზოდს ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, აღნიშნული ვერ იქნება ზიანის მომტანი მთლიანად საფინანსო სექტორისთვის" - განაცხადეს ბიზნესომბუდსმენის აპარატში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით კი, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გავლენას არ მოახდენს თავად ბანკის ფუნქციონირებაზე:

"ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "თიბისი ბანკი" ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივსა და ლიმიტს. მიმდინარე საგამოძიებო პროცესი, ასევე, ბანკთან დაკავშირებული პირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, გავლენას არ მოახდენს თავად ბანკის ფუნქციონირებაზე“, - განაცხადეს სებ-ში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ