ავტორი:

"ევროვიზიაზე" ყველა ვერ წავა, მაგრამ მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებს" - როგორია ნათია თოდუასთვის "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიში ყოფნა

"ევროვიზიაზე" ყველა ვერ წავა, მაგრამ მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებს" - როგორია ნათია თოდუასთვის "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიში ყოფნა

"საზოგადოებრვი მაუწყებლის" ეთერში მეგაპროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" დაიწყო. გამარჯვებული კონკურსანტი "ევროვიზიაზე" უნდა გაემგზავროს. მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური აფასებს. ჟიურის ერთ-ერთი წევრია "გერმანიის ხმის" გასული წლის გამარჯვებული ნათია თოდუა, რომელიც ახლა ჩვენი რესპონდენტია და გვიამბობს კონკურსზე, საკუთარ ემოციებზე, რომელსაც ჟიურის შემადგენლობაში განიცდის და ასევე გერმანიაში თავის შემოქმედებით ცხოვრებაზე, რომელიც გამარჯვების შემდეგ დაუგეგმეს.

- მკლავდა იმაზე ფიქრი, რომ კონკურსანტს როგორ ვუთხრა, - რაღაც არ მომწონს-მეთქი, ეს იმის ფონზე, რომ სასიამოვნო იყო, ვყოფილიყავი ასეთი მაგარი კონკურსის ჟიურის წევრი, რადგანაც კარგია, რომ ვიღაცის შეფასების უფლება გაქვს, შეგიძლია ვიღაცას რაღაც ურჩიო, თუმცა ხომ ვამბობ, ცუდი განცდაა, რომ კონკრეტულად ადამიანს შემდეგ ტურში გადასვლაზე უარს ეუბნები. ამ დროს სულ ის გგონია, რომ სამომავლოდ ხელი არ ჩაიქნიოს...

პირველი ქასთინგის დღეს დაძაბული ვიყავი, თავს უფლებს არ ვაძლევდი, შეფასება პირველს გამეკეთებინა, ჟიურის სხვა წევრებს ველოდებოდი, ვაცლიდი და ამასობაში ახალი ამპლუაც შევიგრძენი, მოვირგე და ცოტა დავმშვიდდი. მივხვდი, რას ნიშნავს, თუნდაც რჩევის სახით უთხრა კონკურსანტს რაღაც, რომ სამომავლოდ გაითვალისწინოს და ხარვეზი დროულად გამოასწოროს. მოკლედ, კმაყოფილი ვარ ამ ეტაპამდე ჩვენი ნამუშევრით, იმით, რაც ჩავწერეთ. მომწონს ჟიურის წევრებთან მუშაობა.

მათგან თანადგომა მეც ვიგრძენი. საშუალება მომცეს, თავი უცხო ადამიანად არ მეგრძნო. მათგან კოლეგიალური მხარდაჭერა მაქვს და ამან გამხსნა, თავისუფალი გამხადა. ახლა მაქსიმალურად ვცდილობ, კონკურსანტებს ჩემი მხარდაჭერაც ვაგრძნობინო, რჩევები მივცე და არ იყოს მხოლოდ კატეგორიული უარი. ამასთან, ვცდილობ, ვიყო პოზიტიური, მათთან ახლო კონტაქტი მქონდეს, შებოჭილობა მოვუხსნა.

- თავადაც ხომ იყავი კონკურსანტი არაერთ კონკურსში.

- კი, საქართველოს და უკრაინის "X ფაქტორში" არ მიგრძვნია ჟიურისგან მსგავსი მხარდაჭერა, რაც მაკომპლექსებდა. თუმცა, ამ მხრივ განსხვავება იყო გერმანულ "ვოისზე". ჟიურის წევრებს როცა რაიმე მოსწონდათ, სერიოზულ მხარდაჭერას მაშინვე გამოხატავდნენ. შეეძლოთ ადგომა და ადგილზე ცეკვაც. ეს კარგი მაგალითი იყო. ამან უფრო თავისუფლება მომცა. ამიტომ მინდა, მაქსიმალურად დავეხმარო მონაწილეებს და ამით კომფორტი შევუქმნა.

- ე.ი. კონკურსი მოგწონს...

- მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დამთავრების შემდეგ, გამარჯვებულისთვის მაშინვე გრძელდება შემოქმედებითი გზა - მუსიკალური კარიერა, რაც საქართველოში მანამდე არ ხდებოდა. გამარჯვებული მხოლოდ ფულადი ჯილდოთი საჩუქრდებოდა, ან ბინით, მანქანით, მაგრამ მუსიკალურად სამომავლოდ, არანაირი ასპარეზი არ ჰქონდა - არც კონცერტები, ტურნეები. ამ შემთხვევაში გამარჯვებულს დიდი გზა ეხსნება "ევროვიზიის" სცენისკენ, ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი ამბავია.

ძალიან მინდა, კარგად, გიჟურად და ინდივიდუალურად გამოჩდეს ჩვენი წარმომადგენელი წელს ამ კონკურსზე, დასამახსოვრებელი გამოსვლა ჰქონდეს.

- რა ხდება შენს მუსიკალურ კარიერაში?

- პროდიუსერი და მენეჯერი მყავს, რომლებიც ჩემს საქმიანობას გეგმავენ. აქედან რომ ჩავდივარ (ნათია "საქართველოს ვარსკვლავის" გამო, ყოველ კვირა, 2 დღით ჩამოდის. - ავტ.) მუშაობას ვაგრძელებ სტუდიაში.

კონტრაქტით გაფორმებული კონცერტები მაქვს, რაც გერმანულ "ვოისში" გამარჯვების შემდეგ, ერთი წლის წინ დაიგეგმა. კონცერტებისგან თავისუფალ დროს კი ყოველთვის სტუდიაში მუშაობას ვუთმობ. კონცერტები მაქვს გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, თუმცა ამსტერდამში, ბარსელონაშიც ვიყავი... საინტერესო ცხოვრება მაქვს.

- თუმცა ამ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, "საქართველოს ვარსკვლავში" ჩართვა ამ შეზღუდულ დროში მაინც მოახერხე, ხომ?

- ჩამოვდივარ და ისევ უკან ვბრუნდები. მართლა ძალიან დატვირთული ვარ, მაგრამ იმხელა ემოციით ვბრუნდები გერმანიაში, რომ კონკურსანტებზე ფიქრს იქაც გავნაგრძობ, რომ ყველაფერი გამოუვიდეთ ისე, როგორც საჭიროა, რადგანაც აქვთ დიდი პოტენციალი, ამიტომ, მათთან კავშირს ინტერნეტით ვაგრძელებ.

- გერმანიაში ცხოვრებას შეეგუე?

- ბერლინში, ხელოვანთა ვილაში ვცხოვრობ. სხვადასხვა სფეროს 7 წარმომადგენელი ვართ, მხატვრები, მოქანდაკეები. იქ ცხოვრება სტიპენდიის სახით მივიღე, რითაც კმაყოფილი ვარ... როგორც ვთქვი, ტურნეს ვაგრძელებ. ალბომი რომ გამოვა, მერე იქიდან გამომდინარე, ახალი კონცერტები დამემატება. ცოტა ხნის წინ ჩემი დაც იყო ჩემთან სტუმრად და მაქსიმალურად გვინდოდა, ეს დრო მუზეუმებისთვის გამოგვეყენებინა. აღფრთოვანებულები ვართ გერმანიით.

- და ბოლოს, რა პროგნოზი გაქვს "საქართველოს ვარსკვლავის" შესახებ?

- ამ პროექტში მყავს რამდენიმე აღმოჩენა, ასევე არიან მაყურებლისთვის ცნობილი კონკურსანტები, ცნობილი მომღერლები, სხვადასხვა პროექტის გამარჯვებულები, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ახალბედა კონკურსანტებიც არიან, თითოეული მეიმედება. მიხარია, რომ "ევროვიზიით" არ დამთავრდება მათი კარიერა და ის შეიძლება საინტერესოდ გაგრძელდეს, მასშტაბურიც გახდეს მათი პროდუქტი.

კოლეგებს, გერმანიიდან ვისაც ვიცნობ, თუ მათ პოტენციალს შევადარებთ და ამ ქართველი კონკურსანტების შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯერ ყველაფერი წინ აქვთ. ახლა სწორი გზის და პროდუქტის შერჩევაა საჭირო, რაც "საქართველოს ვარსკვლავის" ვოკალის პედაგოგებს და პროდიუსერებს არ შეეშლებათ.

მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო და აღვნიშნო, რომ თითოეული კონკურსანტი დიდ წარმატებამდე უნდა მივიდეს. "ევროვიზიაზე" ყველა ვერ წავა, მაგრამ მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს