ავტორი:

"მნიშვნელოვანი ორგანო, რომელსაც ბევრი ფუნქცია აქვს" - რა იწვევს ღვიძლის დაავადებებს, როგორ კეთდება მისი გადანერგვის ოპერაცია და რა რისკები ახლავს პროცესს

"მნიშვნელოვანი ორგანო, რომელსაც ბევრი ფუნქცია აქვს" - რა იწვევს ღვიძლის დაავადებებს, როგორ კეთდება მისი გადანერგვის ოპერაცია და რა რისკები ახლავს პროცესს

რამდენიმე წელია, საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს. ღვიძლის ტრანსპლანტაცია მსოფლიოს 10 ყველაზე რთული ოპერაციის ჩამონათვალში შედის. როგორ კეთდება ღვიძლის გადანერგვა, რა რისკები ახლავს მას და რა სჭირდება ღვიძლის ქირურგიის სრულყოფას საქართველოში, ამის შესახებ ონკოქირურგი , ტრანსპლანტოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი კობა შანავა გვესაუბრება:

- უპირველესად, მოგვიყევით თქვენს შესახებ

- 2003-ში დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი, ამის შემდეგ ვმუშაობდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ( ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი) კლინიკური ანატომიის კათედრაზე, მეცნიერ თანამშრომელი ვიყავი, ეს საკმაოდ რთული წლები იყო. ამ დეპარტამენტის ძირითადი მიმართულება იყო ღვიძლი და ჩემი ინტერესი ამ ორგანოს მიმართ სტუდენტობის პერიოდიდან მოდის. შემდეგ ვეწვიე უნგრეთს, სადაც ოთხი წლის განმავლობაში ვსწავლობდი. ამის მერე ჩემი კვალიფიკაციის ამაღლება გაგრძელდა მიუნხენში საუნივერსიტეტო კლინიკაში, ონკოქირურგიის დეპარტამენტში, შემდგომ კვალიფიკაციის ამაღლება გავაგრძელე პარიზში, პოლ-ბრიუსის სახელობის კლინიკაში, სადაც ფიქრი ღვიძლის ქირურგიაზე სერიოზულად დავიწყე. შემდეგ იყო სამხრეთ კორეა, სეულის საუნივერსიტეტო კლინიკა და ბოლოს, 2014 წელს დავბრუნდი საქართველოში და რამდენიმე კლინიკაში ვიმუშავე. ამ პერიოდში 14 ღვიძლის გადანერგვა და უამრავი ღვიძლის ქირურგია გაკეთდა, ონკოლოგიური პათოლოგიების გამო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ღვიძლის ქირურგიის განვითარებისთვის ბევრი გავაკეთეთ და ვაგრძელებთ დღესაც.

- რამდენად რთული დარგია და რამდენი ხნით ადრე იწყებთ ხოლმე მზადებას ოპერაციისთვის?

- თუ შევადარებთ სხვა მომდინარეობებს, ყველაზე რთული დარგია. აქ აუცილებელია მულტიდისციპლინური მიდგომა, გუნდი რომელიც შედგება სხვადასხვა სპეციალისტებისგან. მედიცინის დარგში თუ არ არის ერთობა, წარმატება წარმოუდგენელია. პირველად, როცა დავიწყეთ ამ პროექტის განვითარება საქართველოში, არამარტო ექიმების, არამედ საშუალო პერსონალის გადამზადებაც მოხდა. ამ ოპერაციენს წინ უძღოდა ხანგრძლივი მომზადების პერიოდი.

- ღვიძლის გადანერგვის დროს რამე განსაკუთრებული შემთხვევა თუ გახსოვთ?

- რა თქმა უნდა. 2016 წლის ბოლოს, 4 წლის პაციენტი გვყვავდა, რომელსაც თანდაყოლილი პათოლოგია ჰქონდა. 4 წლის ასაკამდე ამ პათოლოგიით მოხდა მისი მართვა, რაშიც ქართველი ექიმების ძალიან დიდი წვლილი უნდა აღინიშნოს. ასეთი პათოლოგიის მქონე პაციენტის მართვა ამ ასაკამდე რთულია. ამის შემდეგ დადგა პერიოდი, როცა ამ პატარას გადარჩენის ერთადერთი შანსი ღვიძლის გადანრეგვა იყო. დავიწყეთ აქტიური მზადება, ეს იყო პირველი პედიატრიული შემთხვევა საქართველოში. პაციენტი დღეს თავს კარგად გრძნობს, ჩვენი სიამაყე და სიმდიდრეა.

- რეაბილიტაციის კურსი პაციენტისთვის რთულია?

- საკმაოდ რთულია, ასეთი პაციენტები მთელი ცხოვრება იმუნოსუპრესიიის ქვეშ იმყოფებიან, ანუ მათი იმუნური სისტემის დათრგუნვა ხელოვნურად ხდება, გამომდინარე იქიდან რომ ეს გადანერგილი ორგანო უცხოა მასპინძელი ორგანიზმისთვის და ყოველთვის არსებობს მისი მოცილების შანსი. ასევე დიდი როლი ენიჭება პაციენტების და ექიმების ერთობლივ თანამშრომლობას. გვქონდა შემთხვევა, როდესაც საწყის ეტაპზე პაციენტმა არ გაითვალისწინა ექიმის რჩევა, რასაც მოჰყვა გართულებები.

- ღვიძლის დაავადების გამომწვევ მიზეზებზე რომ გვესაუბროთ...

- ღვიძლი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანო ადამიანის ორგანიზმში, რომელსაც უამრავი ფუნქცია აქვს და უამრავ პროცესებს არეგულირებს. ყველაზე ხშირი დამაზიანებელი ფაქტორი არის ვირუსული ჰეპატიტები (C და B ჰეპატი). ჩვენს ქვეყანაში C ჰეპატიტის ეპიდემია იყო და მკურნალობის დიდი პრობლემა ფინანსური მხარე გახლდათ, თუმცა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული უფასო ელიმინაციის პროგრამა მართლაც, რომ შველა აღმოჩნდა ხალხისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს თბილისის მერიის და თავად მერის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რისთვისაც მადლობა მინდა მათ გადაუხადო. გასულ წელს უკვე ამოქმედდა თბილისის მერიის პროგრამა, რაც ოპერაციის ნაწილობრივ დაფინანსებას გულისხმობს და ამ პროგრამაში ჩასართავად წელსაც უამრავი პაციენტი ემზადება. მსგავსი მიდგომები სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია, რადგან ასეთი პროექტების გარეშე ეს დარგი ვერ განვითარდება.

- თქვენი საქმიანობის უცხოეთში გაგრძელება თუ გიფიქრიათ?

- ჩემი კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში უამრავ ქვეყანაში ვიყავი. რა თქმა უნდა, დარჩენის ცდუნება იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც ვბრუნდებოდი საქართველოში. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს. ეს არის დარგი, რომელსაც დახმარება სჭირდება, უმთავრესად კი სახელმწიფოს მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ურთულესი დარგია მედიცინაში.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- სამომავლო გეგმები უკავშირდება ჩემს მიმდინარეობას, ღვიძლის ქირურგიას, ჩვენ დავიწყეთ ურთულეს კონტიგენტთან მუშაობა, რაშიც იმედი მაქვს, გვექნება მხარდაჭერა, განსაკუთრებით სახელმწიფოს მხრიდან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ