ავტორი:

"მე და სოსო კადრს მიღმა, საოცრად "ტკბილი ცოლ-ქმარი" ვართ" - როგორ მოხვდა ''ქეთევან ღლონტი" "ჩემი ცოლის დაქალებში"

"მე და სოსო კადრს მიღმა, საოცრად "ტკბილი ცოლ-ქმარი" ვართ" - როგორ მოხვდა ''ქეთევან ღლონტი" "ჩემი ცოლის დაქალებში"

მსახიობ თამუნა ნიკოლაძეს არნახული პოპულარობა კომედიურმა სერიალმა - "შუა ქალაქში" მოუტანა, სადაც ქეთევან ღლონტის როლს 10 წლის განმავლობაში თამაშობდა. როდესაც ასეთი მსახიობი არანაკლებ პოპულარულ, მაგრამ არაკომედიური ჟანრის სერიალში ინაცვლებს, საფრთხე ყოველთვის არსებობს, რომ შესაძლოა, მაყურებელმა ვერ მიიღოს. თამუნამ ეს საფრთხე მარტივად დაძლია, ორგანულად შეერწყა "ჩემი ცოლის დაქალებს".

ის ექიმი აჩიკოს ცოლი, თათია გახლავთ და არავის ახსოვს ქეთევან ღლონტი. ეს ის აჩიკოა, რომლის სერიალში გამოჩენამ ყველაფერი ყირაზე დააყენა. როგორ მოახერხა თამუნა ნიკოლაძემ ქეთევან ღლონტის ჩრდილიდან გამოსვლა და რა მოუტანა "დაქალებში" გამოჩენამ, ამაზე AMBEBI.GE-ს მკითხველს თავად უამბობს:

- "ჩემი ცოლის დაქალების" მეთოთხმეტე სეზონი გასულ ოქტომბერს ახალი დაწყებული იყო, როცა მიმიწვიეს. ძალიან მომწონს ქეთი დევდარიანის ხედვა, აქტუალურ და პრობლემატურ თემებს ეხება. სამწუხაროა, მაგრამ ბევრი ქალის თუ მამაკაცის სათქმელს ამბობს. მე როგორი ქალის თამაშიც მომიწია, ასეთები საქართველოში ბევრნი არიან. ისინი ითმენენ ღალატს იმისთვის, რომ ოჯახი არ დაანგრიონ, ფიქრობენ იმას, "რას იტყვის ხალხი", ბავშვის გამო ხუჭავენ თვალებს, რომ პატარა უმამოდ არ გაიზარდოს...

როცა ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ, კასტინგის მენეჯერმა დამირეკა, მთხოვა, სასინჯი სცენა ჩამეწერა. როცა ჩავწერეთ, მითხრა - როგორც კი ექიმის ცოლი დაგვჭირდება, დაგიძახებთ, ამ როლზე პირდაპირ შენ წარმოგიდგინეო... კიდევ ერთხელ მადლობა მას ამისთვის, ეკრანზე დრამატული როლი აქამდე არ მქონდა ნათამაშევი. არადა, თეატრში, ჩემს სფეროში ბევრი კარგი რეჟისორისგან ფსიქოლოგიური, დრამატული როლებით ახლაც განებივრებული ვარ... ჩემი კომედიური ჟანრის მსახიობობა "შუა ქალაქში" გამოჩენამ განსაზღვრა და კომედიური სახე ამ სერიალმა გამოავლინა.

- თუმცა ქეთევან ღლონტის სახეს "დაქალებში" სერიოზულად გაექეცით, კომედიიდან დრამაში გადასვლა ბუნებრივად მოხდა და სერიალში ორგანულად ჩაეწერეთ...

- ბევრი დრამატული როლიც მქონია, რომლებსაც მერე ტკბილად და მშვიდად გამოვემშვიდობე. მსახიობი როლს არ უნდა მისტიროდეს და არ უნდა ენანებოდეს როლი, რომელიც წლები თამაშობდა, უბრალოდ, ტკბილ მოგონებად უნდა დატოვოს. უნდა გააკეთოს ახალი და მორიგ საფეხურს შეეჭიდოს. ამიტომ, "დაქალების" ძალიან კმაყოფილი ვარ. დარწმუნებული ვარ, ეკრანზე კიდევ ბევრ რაღაცას ვითამაშებ, რადგანაც ღვთის წყალობა მაქვს და რეჟისორებისაც, რასაც სულ ვგრძნობ.

ჩემი ისტორია დღეს არ დაწყებულა, 3 წლის ასაკიდან მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დავდექი, ბავშვობიდან ჯერ შტატგარეშე მსახიობი ვიყავი, მერე სხვადასხვა თეატრში ვთამაშობდი. სხვა პროფესიაზე ცხოვრებაში არ მიფიქრია! რაც დავიბადე და რამდენი წლისაც ვარ, ჩემში თეატრი სულ არის. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია ცხოვრება.

- პარტნიორზე სოსო ხვედელიძეზე რას გვეტყვით, რომლის გამოჩენამაც სერიოზულად შეცვალა ზაზა მანაგაძის ოჯახის ბედი, რის გამოც ის მაყურებელმა შეიძულა. უცნაურია, ზოგიერთი სერიალში ისე შეიჭრა, მსახიობების ეკრანული ცხოვრება რეალობა ჰგონია და სოსოს ამის გამო სოციალურ ქსელში უსიამოვნოდ "ამკობს"...

- მართლაც ბევრს არ აქვს კულტურა, პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადის. ეს საშინელებაა... სოსოს რას ერჩიან, შესანიშნავად რომ თამაშობს ამ როლს ამიტომ?! როდესაც "დაქალებში" პირველ დღეს გადაღებაზე მოვედი, სოსო დამხვდა, ერთმანეთს ინსტიტუტიდან ვიცნობთ. მერე ბევრ სპექტაკლში ვყავარ ნანახი, მათ შორის, სტუდენტურ სპექტაკლებშიც, ყოველდღიური მეგობრობა არა, მაგრამ ერთმანეთს, როგორც კოლეგები, ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ამ სერიალმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა.

მე და სოსო კადრს მიღმა რომ გვნახოთ, საოცრად "ტკბილი ცოლ-ქმარი" ვართ. სოსომ პირველად გადაღებაზე რომ დამინახა, მითხრა, - როგორ მიხარია, შენ რომ ხარ "ჩემი ცოლი", რა კარგია, ეს დუეტი შედგებაო. მეც ძალიან გამიხარდა მისი პარტნიორობა, რადგანაც დიდი მნიშვნელობა აქვს და წარმატების 50%-ს კარგი პარტნიორი განსაზღვრავს. მგონი, ერთმანეთი ძალიან შევავსეთ. ამის თქმის საფუძველს ის კომპლიმენტები მაძლევს, რომელიც მაყურებლისგან მომდის, რისთვისაც ყველას მადლობას ვუხდი.

- მოკლედ, კომედიური როლის თამაში აღარ გინდათ, ხომ?

- ჯერ "შუა ქალაქში" 10 წელი, მერე "რუსთავი 2"-შიც კომედიურ სერიალში და უკვე იმდენი კომედიური როლი მაქვს შესრულებული, სიმართლე გითხრათ, დღეს ჩემს ინტერესებში ის აღარ შედის. ასე რომ, კომედიით კარგად ვარ დანაყრებული და გაჟღენთილი. რამდენიმე ტელკომპანიას ამ მიმართულებით კიდევ უნდოდა ჩემი დატვირთვა, მაგრამ ხომ ვამბობ, აღარ მაინტერესებს. ახლა სხვა ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიქნები "დაქალებში", როდის დასრულდება თათიას ისტორია, მაგრამ დღესდღეობით ბედნიერი ვარ. ისიც მიხარია, რომ ასეთ საოცარ ჯგუფთან ერთად ვმუშაობ. მაყურებელს კი ვეტყვი, რომ წინ კიდევ ერთი მძიმე და საინტერესო სცენა ელის, რომლის თამაშიც მომიწევს.

"დღემდე ვერიდები მეგობრების ოჯახში მისვლას, დიდ სუფრაზე მოხვედრას" - თამუნა ნიკოლაძე პანდემიის პერიოდზე, "დიდი ოჯახის" გადაღებებსა და საზაფხულო გეგმებზე

"მამაჩემთან დაკავშირებით სიმართლე უნდა ვთქვა“ - რას წარმოადგენს სინამდვილეში ზურა ხოკერაშვილის მამა და რა აკავშირებს „მასტერშეფის“ ჟიურისთან

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"