ავტორი:

Daily Mail მარიამ კუბლაშვილზე: ჯეკ შეფერდის ადვოკატი ყოფილი მოდელია, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობდა

Daily Mail მარიამ კუბლაშვილზე: ჯეკ შეფერდის ადვოკატი ყოფილი მოდელია, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობდა

მკვლელობაში ბრალდებულმა ჯეკ შეფერდმა ადვოკატად დაიქირავა ყოფილი მოდელი, რომელიც შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობდა, ამის შესახებ Daily Mail წერს. ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ კუბლაშვილი ადგილობრივი ტაბლოიდების ხშირი რესპონდენტია.

„დეილი მეილი“ წერს, რომ კუბლაშვილი ეცდება, არ შედგეს შეფერდის ექსტრადიცია დიდ ბრიტანეთში, თუმცა მას ჯერ საქმის მასალები არ მიუღია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კუბლაშვილს არაერთი ხმაურიანი საქმე აქვს აღებული - მათ შორის მაჩალიკაშვილის მკვლელობა, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ უკავშირდება.

„კუბლაშვილს, რომელსაც საკუთარი საადვოკატო ფირმა აქვს, მამა 5 წლის ასაკში გარდაეცვალა და საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა, ის მთის მკაცრი ტრადიციების დაცვით გაზარდეს.

ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც პირველი ქმარი აშშ-ში გაიქცა და სხვა ქალთან ერთად დაიწყო ცხოვრება. ამის შემდეგ კუბლაშვილმა საადვოკატო კომპანია გახსნა და რამდენიმე სერიოზული საქმე მოიგო.

ის ახლა მსახიობ ლევან ხურციაზეა დაქორწინებული, წყვილს შვილიც ჰყავს,“ - წერს „დეილი მეილი“.

ბრიტანელი სამართალდამცველები ამბობენ, რომ თუ საქართველო უარს იტყვის ინგლისის თხოვნაზე, მოახდინონ ბრალდებულის ექსტრადიცია, შეფერდი შეძლებს საქართველოში განუსაზღვრელი დროით დარჩეს. მათი შეფასებით, პროცესი პოლიტიკური იქნება, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში ბრიტანეთს საქართველოსთვის ექსტრადიციის თხოვნით არ მიუმართავს, „ახლა კი საქართველოს შეუძლია ყველას აჩვენოს, რომ ბრიტანეთის გვერდით დგას“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია 23 იანვარს გაავრცელა. უწყების ცნობით, ის თბილისში დააკავეს. 1987 წელს დაბადებული ჯეკ შეფერდი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

„ქართველი და ბრიტანელი სამართალდამცველების თანამშრომლობით ჯ.ს.შ.-ზე საერთაშორისო არხებით ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვრიდან გამოცხადდა. 31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ ცნობილი იქნა დამნაშავედ ერთი პირის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა.

ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარ ფაქტს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოც გამოეხმაურა:

"დიდ მადლობას ვუხდით ქართულ პოლიციას მათი ძალისხმევისთვის და თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობას" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახენებთ, რომ ჯეკ შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა. მამაკაცმა გოგონას დახმარება არც სცადა, სამაშველო სამსახური კი შეცდომაში შეიყვანა. შემთხვევა 2015 წლის დეკემბერში მოხდა, შეფერდი კი 2018 წლის ივლისში სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაუჩინარდა და მისი პოვნა პოლიციელებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს.

შარლოტა ბრაუნი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ