ავტორი:

მსოფლიო მნიშვნელობის რა გამოგონება ეკუთვნის სალომე ზურაბიშვილის გენიოს წინაპარს - უცნობი ფაქტები გიორგი ნიკოლაძეზე

მსოფლიო მნიშვნელობის რა გამოგონება ეკუთვნის სალომე ზურაბიშვილის გენიოს წინაპარს - უცნობი ფაქტები გიორგი ნიკოლაძეზე

"ცნობილმა ფრანგმა გამომგონებელმა და ექსპერტმა გამომთვლელი მანქანების საკითხებში მორის დ'ოკანმა, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე 1928 წლის 16 იანვარს განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლაძის მიერ გამოგონებული ელექტროგამომთვლელი მანქანა სრულიად სხვაგვარია" - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი, ლია ბიბილეიშვილი ნიკო ნიკოლაძის შვილის, გიორგი ნიკოლაძის (სალომე ზურაბიშვილის მამის ბიძა, დედის მხრიდან) უმნიშვნელოვანეს გამოგონებაზე გვესაუბრება, რომლის შესახებაც საქართველოში ცოტამ თუ იცის...

მეტალურგი, გეომეტრი, ტერმინოლოგი, გამომგონებელი, ტანმოვარჯიშე და მთამსვლელი - გიორგი ნიკოლაძე 42 წლისა წავიდა ცხოვრებიდან და იმდენის გაკეთება მოასწრო, რომ მისი ღვაწლი მუდამ გამოიწვევს გაოცებასა და აღტაცებას.

"აკადემიკოსი ბოგოლიუბოვი თავის მონოგრაფიაში - “გიორგი ნიკოლაძე”, გამოგონების ავტორის სიტყვებით წერდა ელექტროგამომთვლელ მანქანაზე: “უკანასკნელი არითმეტიკული მანქანების უმრავლესობა წარმოადგენს მანქანებს მხოლოდ მიმდევრობითი შეკრებისა და გამოკლებისათვის. ყველა ეს მანქანა (მათ რიცხვში შედის აგრეთვე გამრავლებისათვის განკუთვნილი რამდენიმე მანქანა) შედარებით რთულია და შეიცავს დეტალებს, რომლებიც ადვილად ცვდება. ეს მანქანები მაღალი ღირებულებისაცაა. მანქანა, რომლის აგებასაც მე ვვარაუდობ, სავსებით ავტომატურია: მოქმედების შედეგი უმალვე მიიღება ორი ციფრის მოცემის შემდეგ კნოპზე უბრალო დაჭერით.

გარდა ამისა, მანქანას არ აქვს არც მოტორი, არც კბილებიანი თვლები, არც სხვა, ცოტად თუ ბევრად ძვირადღირებული დეტალები. ის მუშაობს კომუტატორების სისტემაზე მოქმედი ელექტრომაგნიტის დახმარებით. კომუტატორები განსაზღვრავს წყვეტილობასა და აუცილებელ წრედებს. მანქანა შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი განკუთვნილია შეკრებისა და გამოკლების ოპერაციების შესასრულებლად. მეორე, გამრავლებისა და გაყოფისათვის განკუთვნილი ნაწილი უფრო მარტივია. აქ მე გამოვიყენე ფრანგი ინჟინრის ჟენაილის ჩხირების იდეა".

- კიდევ რა ცნობები გვხვდება ამ უნიკალურ გამოგონებაზე?

- ცნობილმა ფრანგმა გამომგონებელმა და ექსპერტმა გამომთვლელი მანქანების საკითხებში მორის დოკანმა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე 1928 წლის 16 იანვარს განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლაძის მიერ გამოგონებული ამოხსნა სრულიად სხვაგვარია. "უფრო მეტიც - ჩვენ განსაკუთრებით ღირსეულად ის წარმოგვიდგება, რომ ამოხსნა შეიცავს წმინდა ელექტრულ მოწყობილობას, რომელიც უაღრესად გონებამახვილურად არის გამოყენებული და დაფუძნებულია ჟენაილის მიერ მის გასამრავლებელ სახაზავებში მოცემულ პრინციპზე...

ეს პირველი ასეთი გამოგონებაა და გულით ვისურვებდი, რომ მონახულიყო კონსტრუქტორი, რომელიც განახორციელებდა ბ-ნ ნიკოლაძის შესანიშნავ პროექტს" - ამბობდა დ'ოკანი. შეკითხვას, დააჩქარებს თუ არა მანქანა ოპერაციების წარმოებას, დ'ოკანმა უპასუხა: - “დიახ, მე მიმაჩნია, რომ ის დააჩქარებს ოპერაციების წარმოებას, რომ გაცილებით იაფი ეღირება, გაცვეთით კი გვიან გაცვდება”.

გამოყენებითი მათემატიკის დარგში იმ დროის უდიდესი ავტორიტეტის მიერ გამოთქმული ასეთი შეფასება ფრიად დამაიმედებელი იყო. პროექტის ხორცშესხმა კი არც ისე იოლი აღმოჩნდა... 1928 წლის მარტში გიორგი წერდა თავის უფროს დას (პროფ. რუსუდან ნიკოლაძეს):

ნიკო ნიკოლაძის ოჯახი

"... ჩემ მიერ გამოგონებული არითმომეტრი მჭიდროდაა დაკავშირებული ავტომატურ ტელეფონთან და ამიტომაც გავეცანი ამ გამოგონების ყველა სისტემას, რომ მათგან ყველაზე შესაფერისი ავარჩიო ჩემი ელექტროგამომთვლელისათვის. სწორედ ამ დროს თვით ბედმა შემახვედრა ერთ შესანიშნავ გამომგონებელთან. მე მგონია, მან საბოლოოდ გადაჭრა ავტომატური მექანიზმების პრობლემა, რომელთა შორის ჩემ არითმომეტრს პირველი ადგილი უჭირავს...

ჩემმა არითმომეტრმა ძალიან დააინტერესა ეს გამომგონებელი და თქვა, რომ ასეთი არითმომეტრის წყალობით სათვლელი მანქანა მსოფლიოში გავრცელდება იმის მაგვარად, როგორც "ფორდმა" და "სიტროენმა" ავტომობილი გვარიანად გააიაფეს და ადრე თუ მხოლოდ მდიდრებისთვის იყო მისაწვდომი, ახლა მთელი მსოფლიოს საკუთრებად აქციეს. მაგრამ იმისათვის, რომ ჩემი გამოგონების თეორიიდან საქმეზე - მოდელის აგებაზე გადავიდე, საჭიროა გაცილებით მეტი თანხა, ვიდრე ადრე გამოუცდელობით ვვარაუდობდი..." - წერდა გიორგი ნიკოლაძე დას.

- რა მოხდა შემდეგ?

- პატენტის აღება და მოდელის აგება პარიზში გიორგიმ ვეღარ შეძლო სახსრების უქონლობის გამო. სამშობლოში დაბრუნებულს არც მაშინდელი ხელისუფლება არ დაეხმარა. მოდელი პოლიტექნიკურ მუზეუმს გადაეცა მოსკოვში და იქ იყო გამოფენილი ერთ-ერთ ექსპოზიციაზე. 1936 წელს მოდელი დაიკარგა და აქამდე ვერ მოხერხდა მისი აღმოჩენა. შემორჩენილი არაა არც აღწერა, არც ნახაზები, ამიტომ მისი აღდგენა ძნელია.

მანქანის არსის აღმწერი ერთადერთი დოკუმენტი არის გიორგი ნიკოლაძის მიერ პარიზში შედგენილი საპატენტო აღწერა, რომელიც რამდენადმე ნათელყოფს მისი მოქმედების პრინციპს, როგორც ტექნიკის ისტორიაში პირველ ცდას - სათვლელი მანქანა აიგოს სრულიად ახალ პრინციპზე ელექტრომაგნიტური კავშირების გამოყენებით. გიორგი ნიკოლაძის მიერ გამოგონებული “პირდაპირი გამრავლების ელექტროარითმომეტრი” შეიცავს მხოლოდ უკიდურესად მარტივ და მტკიცე ორგანოებს, მოკლებულია მრავალრიცხოვანი კლავიშებიანი კლავიატურის კბილანა თვლებს და ა.შ." - გვიამბობს ლია ბიბილეიშვილი.

ნიკო და გიორგი ნიკოლაძეები

პროფესორი ვაჟა შუბითიძე, რომელიც 20 წელია ნიკო ნიკოლაძის მემკვიდრეობას სწავლობს, მიიჩნევს რომ, ნიკოლაძეებისნაირი პატრიოტი, საქმიანი და სანიმუშო ოჯახი ახალ საქართველოში არ ყოფილა. გენიოსი მამის არანაკლებ ნიჭიერმა შვილებმა ღირსეულად გააგრძელეს ნიკოს მიერ დაწყებული საქმეები და ბევრი ახალიც შემატეს საქართველოს.

გიორგი ნიკოლაძემ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მათემატიკაში, პარიზში, სორბონაში. მისი პროექტით აშენდა პირველი მეტალურგიული (ფეროშენადნობთა) ქარხანა ზესტაფონში, მერე კი უკრაინაშიც (ენაკიევო), სადაც დღემდე დგას გიორგი ნიკოლაძის ბიუსტი. გიორგიმ ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოაყალიბა პირველი სპორტული საზოგადოება "შევარდენი", რითაც დაიწყო სპორტისადმი პროფესიონალური მიდგომა, იყო ერთ-ერთი პირველი მთასვლელი ალექსანდრა ჯაფარიძესთან და თავის დასთან ერთად.

გიორგი ნიკოლაძე ვარჯიშის დროს

ნიკო და გიორგი ნიკოლაძეები იყვნენ საქართველოში ყოველივე ახალი ტექნოლოგიების შემომტანები და დამნერგავები - საქართველოში ბეტონი პირველად ნიკო ნიკოლაძემ გამოიყენა ფოთის პორტის რეკონსტრუქციის დროს და ბეტონითაა მის მიერ აშენებული ფოთის ბიზანტიური სტილის ეკლესია, მანვე შექმნა პირველი თანამედროვე ტიპის ბანკი ფოთში, დაბეჭდა ლატარიის ბილეთები, შემოიღო ნახევარკაპიკიანი გადასახადი და ფოთს მოახმარა. ამ კუთხით საინტერესო ექსპონატებს ნახავთ მის დიდებულ სახლ-მუზეუმში დიდ ჯიხაიშში.

ფოტო: ეროვნული ფოტომატიანე, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ