თითქმის გადაწყდა, რომ ავღანეთი რუსული ვერტმფრენების პარტიას მაინც მიიღებს, რომლებიც სპეციალურად ამ ქვეყნის მაღალმთიანი რელიეფისა და უდაბნოს კლიმატის გათვალისწინებით შეიქმნა. საუბარია ავღანური არმიის 21 ახალი სამხედრო ვერტმფრენით Ми-17-ით აღჭურვაზე. როგორც ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, ”თუკი მხარეები განახორციელებენ ამ პაკეტს, ეს იქნება უპრეცენდენტო აქცია, როცა რუსეთი და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მესამე ქვეყანას ერთად დაეხმარებიან”, - წერს "Коммерсант".
გამოცემის თანახმად, მხარეები ავღანეთისთვის რუსული ვერტმფრენების შესყიდვის საკითხზე წლის დასაწყისიდან საუბრობენ, თუმცა თავდაპირველად მხარეთა პოზიციები რადიკალურად განსხვავდებოდა. ალიანსი ქაბულისთვის რუსული ვერტმფრენების უფასოდ გადაცემას ითხოვდა, მოსკოვი კი ამ საკითხს წმინდა კომერციული თვალსაზრისით განიხილავდა.
მარტში საუბარი იყო 32 ვერტმფრენზე, დღეს კი ეს რიცხვი 21-მდე ჩამოვიდა. საბოლოოდ მხარეები შეჯერდნენ, რომ რუსეთი რამდენიმე მათგანს გაყიდის, რამდენიმეს კი ავღანეთს საჩუქრად გადასცემს.
ამჟამად მხარეები ვერტმფრენთა სამხედრო კომპლექტაციაზე მსჯელობენ. ქაბულში კი მოუთმენლად ელიან ნატოს ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას.
”ჩვენს სამხედრო საჰაერო ძალებს ძალიან სჭირდება ვერტმფრენები. დიდი ხანია ჩვენს პარტნიორებს ნატოში ვთხოვთ, რუსული ვერტმფრენებით, კონკრეტულად კი Ми-17-ით მოგვამარაგონ, რომელიც ამერიკულზე უკეთ მიესადაგება ჩვენი ქვეყნის პირობებს. თანაც, ჩვენი პილოტებისთვის ის 1970 წლიდანაა ცნობილი”. – განაცხადა ავღანეთის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურმა გენერალმა აბდულ ვახაბ ვარდაკმა.
რა ფასად მიაწვდის რუსეთი ავღანეთს ვერტმფრენებს, ჯერჯერობით გაუკვეველია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ტიპის ერთი ვერტმფრენის საექსპორტო ფასი 12-დან 15 მლნ დოლარამდე მერყეობს, სავარაუდოდ კონტრაქტის მოცულობა 300 მლნ დოლარამდე განისაზღვრება. ვინ და როგორ გადაიხდის ამ თანხას, ახლო მომავალში დაზუსტდება.
ცოტა ხნის წინ არსებობდა საფრთხე, რომ ნატო ავღანეთისთვის რუსული სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენების შესყიდვას გადაიფიქრებდა, რისი მიზეზიც აშშ-ის კონგრესმენთა უკმაყოფილება იყო, რომლებიც რუსული ვერტმფრენებში ფულის გადახდას აპროტესტებდნენ.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.