ავტორი:

საქალაქო პარკები, ახალი გზები, მიწისქვეშების მოწყობა... - რა პროექტები განხორციელდება თბილისში 2020 წლისთვის

საქალაქო პარკები, ახალი გზები, მიწისქვეშების მოწყობა... - რა პროექტები განხორციელდება თბილისში 2020 წლისთვის

2019-2020 წლებში თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური რამდენიმე მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია დღეს კახა კალაძემ გამართა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მიმდინარე წელს დედაქალაქის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოებს იწყებს, რომლის ღირებულება 18 მილიონი ლარია.

„ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ ვითარდება. ამიტომ, მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის განხორციელების შედეგად, გვექნება სრულიად ახალი გზა, რომლის მშენებლობაზე ტენდერს ძალიან მალე გამოვაცხადებთ. სამუშაოები 2019 წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მიმდინარე წელს განსახორციელებელი შემდეგი პროექტი გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაციაა, რომლის ღირებულება 3 800 000 ლარია;

ასევე, იგეგმება დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ახალი საქალაქო პარკის მოწყობა, რომლის ღირებულება 11 620 192 ლარია. სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.

"შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დიღმის ჭალების ტერიტორიის მოწესრიგებაა. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა და მოსახლეობამ, რათა არსებული მდგომარეობა გამოვასწოროთ. გარკვეული რეგულაციები უკვე შემოვიღეთ, გავამკაცრეთ მიდგომა სამშენებლო მიმართულებით. ასევე, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მწვანე სივრცეების შექმნას.

არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა ჩვენი მხრიდან მწვანე სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე და ა.შ. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ, გავუფრთხილდეთ და მოვაწესრიგოთ უკვე არსებული სივრცეები. გენერალურ გეგმაშიც გაწერილია, რომ აუცილებელია, საქალაქო პარკების მშენებლობა. დიღმის ჭალების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის პროექტი უკვე არსებობს და უახლოეს დღეებში, მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას გამოვაცხადებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებში, სოფელ დიღომში წყალარინების ქსელის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოებიც შედის, რომლის ღირებულება 3 000 000 ლარია; 2019 წელს ასევე, განხორციელდება მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის ეტაპობრივი მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება ამ შემთხვევაში, 1 900 000 ლარია.

„სოფელ დიღომში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რადგან წყალარინების არანაირი ქსელი არ არსებობს. შარშან ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. იგივე მდგომარეობა გვაქვს მუხიანის აგარაკებზე, სადაც ასევე, არ არის საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ვერ მოეწყობა მანამ, სანამ ეს პროექტი არ განხორციელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური 2019 წელს სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ არსებული გვირაბის რეაბილიტაციასაც ჩაატარებს, რომლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელის რეაბილიტაციაზე კი, 1.3 მილიონი დაიხარჯება.

რაც შეეხება კახეთის გზატკეცილის სრულ რეაბილიტაციას, მიმდინარე წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე - 45 000 000 ლარი, გარე განათების ქსელის მოწყობაზე - 7 000 000 ლარი, ხოლო მწვანე სივრცეების მოწყობაზე - 7 085 489 ლარი დაიხარჯება; მონუმენტის - „ადამიანი და მზე“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის ღირებულება 3 553 970 ლარია. აღნიშნული პროექტიც მიმდინარე წელს განხორციელდება.

„ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პირველ ეტაპზე, მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლების მოწესრიგება დავიწყეთ. ყველანაირი საკომუნიკაციო ქსელი უკვე შეცვლილია. საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რომლის ფარგლებში, მთლიანად განახლდება მწვანე საფარი და განათების ქსელი. რაც შეეხება მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიას, ანალოგიური მიდგომა გვაქვს - მწვანე სივრცეები თავიდან არის შესაქმნელი. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათება, შეიქმნება ხელოვნური ტბა და საბოლოო ჯამში, ქალაქში საკმაოდ ლამაზი სივრცე გაჩნდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მიმდინარე წელს ასევე, იგეგმება ჭავჭავაძის გამზირის (13 000 000 ლარი), ვეკუა-ხიზანიშვილისა (10 000 000 ლარი) და კანდელაკის (1 600 000 ლარი) ქუჩების სრული რეაბილიტაცია.

"დაგეგმილი გვაქვს ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაც, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების მიმართულებით, არასახარბიელო მდგომარეობაა. რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად მოწესრიგდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარე განათების სისტემა. ასევე ვგეგმავთ, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლის შექმნას იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში ყველაზე სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

2019 წელს განხორციელდება ასევე, ვეტერანთა, დასვენებისა და კულტურის პარკის (კიკვიძე) სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 4 900 000 ლარია.

"სამუშაოების ფარგლებში, მოხდება პარკის სრული რეაბილიტაცია, შეიქმნება ახალი სივრცეები ბავშვებისთვის, მოეწყობა ამფითეატრი და ველობილიკი. ამ და ყველა სხვა საქალაქო პარკში მოეწყობა სპორტული ზონა - ტრენაჟორები, რომლით სარგებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციის მიმართულებით, მიმდინარე წელს 4 000 000 ლარი დაიხარჯება.

კიდევ ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს იგეგმება, უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაა, რომლის ღირებულება დაახლოებით, 20-30 მილიონი ლარია.

„ესეც ორწლიანი პროექტია. ყველამ იცის საფეხმავლო ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც შარშან განვახორციელეთ. ეს პროექტი მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება, რომელიც ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს შეუწყობს ხელს და ზოგადად, არსებულ მდგომარეობას განტვირთავს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

2019-2020 წლებში ასევე, იგეგმება დიდი დიღმისა (12 000 000 ლარი) და ვარკეთილის (12 000 000 ლარი) მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა.

"ეს არის მულტიფუნქციური ცენტრები, სადაც იქნება თავმოყრილი სპორტის ყველა სახეობა, საცურაო აუზი, მედიათეკა, კაფეები, ბიბლიოთეკა. ანალოგიურ პროექტებს სხვადასხვა რაიონში ისევ წარმოვადგენთ, რომელთა განხორციელებასაც მომავალ წელს დავიწყებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გზაგამყოფი კუნძულების მოწესრიგების მიმართულებით, მიმდინარე წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 753 773 ლარი დაიხარჯება;

იგეგმება ასევე, ვაშლიჯვრის გზაგამტარის მშენებლობა, რომლის ღირებულება 2 700 000 ლარია.

კახა კალაძემ მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტზეც ისაუბრა, რომლის ღირებულება 9 900 000 ლარია.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიმდებარე არეალის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის, დედაენის ბაღის. გვინდა, არსებული მდგომარეობა მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ. მწვანე სივრცეებს, რომელიც დედაენის ბაღში სავალალო მდგომარეობაშია, მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ამ ტერიტორიაზე ტურისტული თვალსაზრისით, ინტერესი საკმაოდ დიდია. ამასთან, ორბელიანის მოედნის სრული რეაბილიტაციაც უახლოეს მომავალში დასრულდება და ეს ყველაფერი ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

2019-2020 წლებში მოხდება ფიროსმანისა (50 000 000 ლარი) და გუდიაშვილი-ფურცელაძის (45 000 000 ლარი) ქუჩების რეაბილიტაციაც.

"ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია საკმაოდ მსხვილი პროექტია, რომელიც ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამ ქუჩაზე განთავსებული ყველა სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში, ეს ყველაფერი მოწესრიგდება. აქაც ანალოგიური მიდგომა გვაქვს. მიწისქვეშა კომუნიკაციებით დაწყებული, არსებული მდგომარეობა მთლიანად გვინდა მოვაწესრიგოთ და გამოვასწოროთ" - განაცხადა თბილისის მერმა.

გორგასალის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებაზე, მიმდინარე წელს 110 000 000 ლარი დაიხარჯება.

"გვინდა, რომ მოვაწყოთ საავტომობილო გვირაბი, გვირაბის ზემოთ კი, მწვანე სივრცე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება განკუთვნილი. ისტორიულ ადგილზე, დაახლოებით, 10 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება და მოწესრიგდება. ასევე, გვინდა საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ მეტროსადგურ „ავლაბართან“ გადავა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მასშტაბური პროექტების პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ