ავტორი:

4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, 4 სოცმუშაკი გაათავისუფლეს

4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე, 4 სოცმუშაკი გაათავისუფლეს

4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოიკვეთა სოციალური სამსახურის მუშაკების პასუხისმგებლობის საკითხი, რის შედეგადაც თანამდებობიდან 4 პირი გათავისუფლდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განუცხადა.

ამასთან, მისი განმარტებით, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების საქმეში გამოიკვეთა "ბავშვის მართვის მენეჯმენტთან " დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც დაკავშირებული იყო სოციალური სამსახურის მუშაკების საქმიანობასთან.

"4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოკვლევა დაასრულა, რის შედეგადაც გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკისა და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა. აღნიშნული სოციალური მუშაკები დღეიდან გათავისუფლებულები არიან დაკავებული თანამდებობებიდან, მოკვლევის მასალები კი შესაბამის სამსახურებს გადაეცათ. პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა. რასაკვირველია, ჩვენ, მთელი უწყება ვწუხვართ პატარა გოგონას გარდაცვალების გამო და ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სისტემური ცვლილებები სოციალური მუშაობის მიმართულებით, რაც გვევალება კიდეც “სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მიხედვით, რომელიც 2018 წლის ზაფხულში იქნა მიღებული. შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც კონკრეტულად გაიწერა სისტემური რეფორმისათვის საჭირო ნაბიჯები. გარდა ამისა, 2018 წელს დაიგეგმა სოცმომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია, რომელიც მიმართულია სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ და რისკების მინიმალიზაციისკენ.

რასაკვირველია, სისტემური რეფორმა თავისთავად გულისხმობს სოციალური მუშაკის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, სოციალური მუშაობის ხარისხის ამაღლებას და რეგიონული საბჭოების მანდატის გადახედვა/გაძლიერებას," - განაცხადა ბარკალაიამ.

სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს. მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცოსხლის მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილი გოგონას დედას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ