ავტორი:

"საქართველოს ვარსკვლავის" მორიგი ტური ირაკლი ჩარკვიანს ეძღვნება: "ყველა კონკურსანტი, როგორც დიდი მუსიკოსი, ისე მუშაობს"

"საქართველოს ვარსკვლავის" მორიგი ტური ირაკლი ჩარკვიანს ეძღვნება: "ყველა კონკურსანტი, როგორც დიდი მუსიკოსი, ისე მუშაობს"

პროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ მორიგ ტურს ირაკლი ჩარკვიანს უძღვნის. კონკურსანტები მუსიკოსის სიმღერებს ორკესტრთან და ბენდთან ერთად შეასრულებენ. ჟიურის სპეციალური წევრი კი ქეთათო ჩარკვიანი იქნება.

თუ როგორ მუშაობდნენ მეფის სიმღერებზე მონაწილეები - ამაზე პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი მანანა მორჩილაძე გვესაუბრება:

- შაბათს გვაქვს ირაკლი ჩარკვიანის ტური. მოგეხსენებათ, რომ ეს იმ რანგის მუსიკოსია, რომლის სიმღერების შესრულების სურვილი ალბათ ნებისმიერ მომღერალს ერთხელ მაინც გასჩენია. „საქართველოს ვარსკვლავი“ თავის კონკურსანტებს საშუალებას აძლევს, ირაკლი ჩარკვიანის რეპერტუარი შეასრულოს. გვეყოლება ევგენი მიქელაძის ორკესტრი და ბენდი, ძალიან მაღალი კლასის მუსიკოსებთან ერთად არის ეს ლაივი. ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი ტრიბიუტი, ჩვეულებრივი საკონკურსო დღეა და ამ თაობის დამოკიდებულება ამ მუსიკოსისადმი.

ჩემთვის ირაკლი ჩარკვიანი ქართულ მუსიკაში რევოლუციაა! სხვათა შორის, დღევანდელი თაობის მომღერლები, რომლებსაც სიტყვის თქმის სხვანაირი სურვილი აქვთ, მგონია, რომ ამ არაჩვეულებრივი მუსიკოსის ბგერების, ტექსტის გადმოცემას საკუთარი სიტყვით არაჩვეულებრივად მოახერხებენ.

- ახალი ვერსიები გაკეთდა?

- ნიკოლოზ რაჭველის ვერსიებია, რომლებიც კიდევ უფრო ახლებურად ჟღერს. მთლიანობაში კარგი ნამუშევარია. კონკურსანტები, რეპეტიციებს რომ ვუყურებ, არც ერთი ისე არ მიუდგა, როგორც კონკურსს, ყველა როგორც დიდი მუსიკოსი, ისე მუშაობს. ასევე მნიშვნელობა აქვს მუსიკოსებთან კონტაქტსაც, მთავარია, რომ „საქართველოს ვარსკვლავში“ შემოქმედებითი წვა მიმდინარეობს.

- სულ 8 სიმღერა შესრულდება?

- კი და არის სიმღერები, სადაც ორი სხვადასხვა სიმღერის თემაც არის გამიქსული. ძალიან საინტერესო იქნება როგორც მუსიკალურად, ისე იდეურად, თემატურად.

- რამდენად დაძლია თითოეულმა ახალი ვერსიები?

- დაძლია - ეს სიტყვა არ შეესაბამება კონკურსის ამ ტურს, უნდა დაძლიონ და უფრო სწორად, არც ყოფილა ასე საკითხი - გამოსდის თუ არა კონკურსანტს ესა თუ ის ნომერი. ამ გენიალური ადამიანის ნამუშევარი შეიძლება ტექნიკურად და ლოკალურად არ არის რთული, მაგრამ სირთულე იმ თვალსაზრისითაა, რომ მომღერლისთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ნაფიქრი, ნამღერი მაყურებელს ისე მიაწოდოს, სარწმუნო იყოს.

ეს დიდი სკოლაა ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც... კონკრეტულად ვერავის გამოვყოფ. ყველამ კარგად მოირგო სიმღერა. თითოეულისთვის ბუნებრივი და მისაღები გახდა აზრი, რაც ირაკლი ჩარკვიანს თავის სიმღერაში ჰქონდა ჩადებული. ინტელექტი და განათლება პროფესიაში საჭიროა და მუსიკაში - მით უფრო...

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს