ავტორი:

"რაღაც მომენტში თითქოს თვალი დაახამხამა… ალბათ ვერაფერს გრძნობდა" - რას იხსენებს მეგობარი ვანო ზოდელავაზე

"რაღაც მომენტში თითქოს თვალი დაახამხამა… ალბათ ვერაფერს გრძნობდა" - რას იხსენებს მეგობარი ვანო ზოდელავაზე

6 თებერვალს თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა გარდაიცვალა. იგი ერთი წელი უგონო მდგომარეობაში იყო, მას შემდეგ რაც ავტოავარიაში მოყვა. ტრაგიკული ავარია 2017 წლის 21 ივლისს მოხდა. ზოდელავა აზერბაიჯანიდან საქართველოში ტაქსით მოემგზავრებოდა, რა დროსაც ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი - "ოპელის", "მერსედესისა" და "ჰონდას" მარკის მანქანები შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც "ოპელის" მარკის ავტომობილს მართავდა.

თბილისის ყოფილი მერის ბავშვობის მეგობარი, თემურ ქურხული ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ვანო ზოდელავას ცხოვრებასა და სიცოცხლის უკანასკნელ თვეებს იხსენებს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"მე და ვანო ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით. ძალიან მიზანდასახული, შრომისმოყვარე ადამიანი იყო. ღია და გახსნილი გახლდათ ურთიერთობებში, დიდი იუმორი ჰქონდა და შეყვარებული იყო თბილისზე. ქუჩაში ხშირად სულ მარტო, ფეხით დადიოდა. რაღაცებს მოინიშნავდა ხოლმე, დავალებებს მისცემდა შესაბამის სამსახურებს.

სამწუხაროდ, მაშინ, როცა ვანო ზოდელავა თბილისის მერი იყო, დედაქალაქს არ ჰქონდა იმხელა ბიუჯეტი, რამხელაც, მაგალითად, დღეს. ახლა მილიარდამდეა ბიუჯეტი და მაშინ 170 მილიონი ლარი ჰქონდა მხოლოდ, რაც ძალიან ცოტა იყო. ამ მცირე ბიუჯეტითაც ცდილობდა, დედაქალაქს რაღაც შეტყობოდა და დღესა და ღამეს შრომაში ატარებდა. დილით ყველა თანაშრომელზე ადრე მიდიოდა სამსახურში და სახლში გვიან ღამით ბრუნდებოდა. ყველა სატელეფონო ზარს პასუხობდა. დღეში ხან 50-ზე მეტ ადამიანს იღებდა და მათ პრობლემებს აგვარებდა.

- საბედისწერო ავარიაზე რა იცით?

- ბაქოში მშენებლობის ბიზნესით იყო დაკავებული. დიდი სავაჭრო და საოფისე ცენტრები ააშენა. 2007 წელს წავიდა იქ და ავარიაშიც იქიდან წამოსვლისას მოყვა. მანქანა საპირისპირო მხარეს გადავიდა და იმ მხარეს დაარტყა, საითკენაც ვანო იჯდა. თავი მიარტყა და გაითიშა. ერთი პერიოდი მოხსნეს აპარატიდან, რადგან მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ მერე ისევ დამძიმდა და ისევ შეაერთეს. ისე გარდაიცვალა, გონზე არ მოსულა.

ეს ტრაგედია მისი ოჯახისთვის ძალიან რთული გადასატანი იყო. ფინანსურადაც გაუსაძლის ყოფაში ჩაცვივდნენ. მეგობრებიც ვეხმარებოდით. ფანტასტიკური მეუღლე - მაია ნიკოლაძე გვერდიდან არ მოშორებია, ასევე შვილები და დები. ჩვენ, მისი მეგობრებიც სულ საავადმყოფოში ვიყავით.

არ შეიძლებოდა ვანოს ტრანსპორტირება და გარდაცვალებამდე კლინიკიდან არ გამოუყვანიათ... ბოლოს ძალიან გახდა. უზომოდ გაწვალდა. რაღაც მომენტში თითქოს თვალი დაახამხამა, თითი გაანძრია… არავინ იცის, რას გრძნობდა, მაგრამ ექიმები ამბობდნენ, რომ დიდი ალბათობით ვერაფერს გრძნობდა.

- ტაქსის მძღოლი, რომელსაც ავარია მოუხდა, დააკავეს?

- არა, რადგან ვანოს ოჯახმა არ იჩივლა. უბედური შემთხვევა იყო და ხდება ხოლმე. ესეც ვანოს გაკეთებულ ბოლო კეთილ საქმედ ჩავთვალოთ.

რუსუდან ადვაძე, ჟურნალი "სარკე"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ