ავტორი:

"ინგლისის დედოფალი და პრინცი სცენაზე ავიდნენ და პირადად მიულოცეს წარმატება" - მახათელების ისტორია, რომლებსაც მსოფლიო იცნობს

"ინგლისის დედოფალი და პრინცი სცენაზე ავიდნენ და პირადად მიულოცეს წარმატება" - მახათელების ისტორია, რომლებსაც მსოფლიო იცნობს

"ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ჯენიფერ გარნერმა "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ორსული ბალერინა პუანტებით ცერებზე დგას და წყლის ჭიქა უჭირავს. ბალერინა ქართველი მაია მახათელია. იგი უკვე დიდი ხანია, ჰოლანდიაში ცხოვრობს და ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის პრიმაბალერინაა. ცოტა ხნის წინ გავრცელებულმა ამ ინფორმაციამ მკითხველის ფართო ინტერესი გამოიწვია. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მაია მახათელის ოჯახის ყველა წევრი საბალეტო ხელოვნებას ემსახურება და მსოფლიოში ძალიან წარმატებულები არიან...

მაია მახათელის მეუღლე ეროვნებით რუსია, ცხოვრობს და მოღვაწეობს ჰოლანდიაში. იგი მაიას მსგავსად ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი მსახიობია. წყვილს ერთი შვილი, ლუკა ჰყავთ, რომელიც ჯერ ორი წლისაც არ არის, მაგრამ ბალეტის ილეთებით უკვე დაინტერესდა. მაიას მამა ნიკოლოზ მახათელი დიდი ხანია ამერიკაში საბალეტო სკოლას ხელმძღვანელობს. მის ანგარიშზე მრავალი წარმატებაა. 2013 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველმა ქორეოგრაფმა და პედაგოგმა ნიკოლოზ მახათელმა წლის საუკეთესო საბალეტო ნომინაციაში, "საუკეთესო ქორეოგრაფიაში" გაიმარჯვა.

ნიკოლოზ მახათელი მოსწავლეებთან ერთად

მაია მახათელის დედა მარინა ლოლაძე საბალეტო სკოლის პედაგოგია. ძმას, დავით მახათელს ნიუ-იორკში საბალეტო "ოსკარი" მიღებული აქვს. მისი სახელი იაპონიაში ერთ-ერთ ყვავილს უწოდეს. დათოს მეუღლეც ბალერინაა. დათო 7 წელი იყო ჰიუსტონის თეატრის წამყვანი მსახიობი, შემდეგ - "როიალ ბალეტის". ინგლისში სცენაზე ავიდნენ დედოფალი ელისაბედი და პრინცი ჩარლზი და წარმატება პირადად მიულოცეს. რამდენჯერმე ბუკინგემის სასახლეშიც მიიწვიეს. დღეს დავით მახათელი კომპანია Dance and dancers-ს ხელმძღვანელობს, არის ჟიურის წევრი კონკურსებში, ასევე ატარებს გაკვეთილებს, მსოფლიო საუკეთესო თეატრებში. იგი ნინო ანანიაშვილმა საქართველოშიც მოიწვია, სადაც სპექტაკლში ერთად იცეკვეს, თავისი მოღვაწეობის მანძილზე თბილისში ხუთჯერ იყო ჩამოსული. ნიკოლოზ მახათელი თავის ოჯახის საინტერესო ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეპიზოდებს გვიამბობს...

- მაია ბალეტისთვის არის დაბადებული, იგი ფეხმძიმეც კი თავდაუზოგავად შრომობდა! ფოტოს, სადაც ფეხმძიმე პუანტებზე ფეხის წვერებზე დგას, მილიონობით მოწონება აქვს. ამ ფოტოზე უკვე რვა თვის ფეხმძიმეა. მსოფლიოს ყველა მოწინავე ხელოვნების ჟურნალის ყდაზე იყო ეს ფოტო. მაიამ საბალეტო ხელოვნებაში თავის სიტყვა უკვე თქვა, თუნდაც იმიტომ, რომ 2015-16-17 წლებში ბალანჩინის რეპერტუარის საუკეთესო მოცეკვავედ აღიარეს. 2016 წელს - "გედების ტბის" საუკეთესო შემსრულებლად! ამით ძალიან ვამაყობ!

მაია მახათელი მეუღლესთან და შვილთან ერთად

- თქვენ საქართველოში ურთულეს წლებში მოღვაწეობდით, მაგრამ ძალიან დიდი წარმატებები გქონდათ...

- დიახ, განსაკუთრებულად მახსოვს, 1979 წელს ამიერკავკასიის ანსამბლი გასტროლებზე ავსტრალიაში რომ წავედით. საბჭოთა ქალაქები მოსკოვი და ლენინგრადი ნანახი მქონდა, მაგრამ ავსტრალიაში გასტროლი ჩემთვის სამყაროს გახსნა იყო. იქ ძალიან დიდი წარმატებები გვხვდა წილად და მე მფრინავი კენგურუც კი დამარქვეს. ძალიან მიხარია რომ მოვცილდი ამ საბჭოთა რეალიზმს, რომელიც მე საქართველოში მბოჭავდა და ჩემს დადგმებში გაბედული ვერ ვიყავი. როგორც კი ამერიკაში ჩავედი, ჩემში სხვანაირი გახსნა მოხდა და თავისუფლად ვაზროვნებ. იქ არავინ გეჭიდავება. წესად მაქვს, სანამ დავიწყებ ერთი რომელიმე კომპოზიტორის ნამუშევარის დადგმას, მანამდე თავად კომპოზიტორის ბიოგრაფიას უნდა გავეცნო, მის ისტორიას, ნაწარმოებს... შეიძლება მუსიკა სხვანაირად არის დაწერილი, მაგრამ მე სხვანაირად ვხედავდე. იქ კომპოზიტორიც არ გაიძულებს, რომ მაინცდამაინც ავტორის მსგავსად უყურო.

სანამ ამერიკაში წავიდოდი თბილისში ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი ვიყავი, ჩემი მუშაობის მანძილზე მიენიჭა ქორეოგრაფიულ სასწავლებელს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელი. 9 წლის მანძილზე მუსიკალური თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი გახლდით... მე და ბადრი ბაგრატიონმა ხელოვნების ინსტიტუტი დავაარსეთ, სადაც პრორექტორი, ქორეოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელი ვიყავი. 9 წლის განმავლობაში მრავალი სტუდენტი აღვზარდეთ, ხელფასი კი მიზერულიც არ იყო. თბილისის ომის დროს სასწავლებელში ტყვიების ზუზუნის ქვეშ მივდიოდით და ასე ვავარჯიშებდი დათოს, მისთვის რომ კარგი მომავალი მიმეცა. ასეთ პირობებში მომზადებული დავით მახათელი ლოზანაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა. შემდეგ მაია იყო ჩემი მთავარი საფიქრალი, რომელიც 90-იან წლებში ძალიან პატარა ასაკის იყო. ამ ასაკის ბავშვს კარაქი, კვერცხი და აუცილებელი საკვები ელემენტები ჭირდება, ჩვენ კი არაფერი გვქონდა. ბანკები გაძარცვული იყო და ყველას გვახსოვს, თუ რა უბედური დრო იყო. ვინაიდან დათომ პირველი ადგილი აიღო ლოზანაში, იგი ინგლისში, "როიალ ბალეტში" მიიწვიეს... დათო გვიგზავნიდა იმ სტიპენდიას, რომლითაც პატარა მაიკოსთვის საკვებს ვყიდულობდით. ეს მართლაც ურთულესი წლები იყო!

დათო მახათელი

შემდეგ საერთოდ გაიყინა ხელფასები და ამერიკაში წასვლა გადავწყვიტე. ერთი წელი იდახოს შტატი ვიყავი. იდახოს შტატის შემდეგ, მრავალი შტატი მოვიარე. მასტერ-კლასები მაქვს ჩატარებული ამერიკის ორმოცდაათ შტატში, ყოველ წელს მიწვევა მქონდა. ამერიკაში ძალიან ცნობილი პიროვნება გავხდი! დათო ჰიუსტონში წლების მანძილზე წამყვანი მოცეკვავე იყო...

15 წლიდან მაია წავიყვანე, დენვერის თეატრის ბალეტმაისტერი ვიყავი და საშუალება მქონდა მაიას ოსტატობა კარგად დამეხვეწა. ჩემთან ვავარჯშებდი და 16 წლის ასაკში კოლორადო ბალეტის დასში მიიღეს. ხელფასს უნახავდნენ, რადგან 16 წლის ბავშვი არ შეიძლებოდა შტატში ყოფლიყო და 18 წლისას მისცეს ერთად ორი წლის ხელფასი. 18 წლის ასაკში თეატრის წამყვანი მოცეკვავეც გახდა, რაც საბალეტო ისტორიაში იშვიათი ამბავია. იმავე წელს დავით მახათელი და მაია მახათელი იაპონიაში მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების გალა (კონცერტზე) საღამოზე იმყოფებოდნენ, ერთად იცეკვეს და საუკეთესო წყვილად დაასახელეს... ამის შემდეგ მაია ევროპაში წავიდა, ჯერ ერთი წელი ინგლისის ბირმინჰემის სოლისტად და შემდგომ სამი წლის მუშაობის შემდეგ ჰოლანდიაში წამყვანი მოცეკვავე იყო.

მახათელების ოჯახი

დათო 7 წლის მანძილზე როიალ ბალეტის წამყვანი მსახიობი იყო. შეიძლება მამის მხრიდან ეს ცოტა ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ ნამდვილად ეს ყველაფერი გმირობას ნიშნავს! მის პატივსაცემად იაპონიაში ახალი ყვავილი შექმნეს და დათოს სახელი დაარქვეს. ეს ძალიან დიდი პატივისცემის ნიშანია, იაპონიაში მოგეხსენებათ ყვავილს ქვებშიაც კი ზრდიან.

- რამდენად ცდილობენ, რომ საქართველო მსოფლიოს გააცნონ?

- მაიას შესახებ ყველგან ასე წერია, ქართველი ბალერინა. მას ძალიან უხარია ქართველობა და ამას ყოველთვის ხაზს უსვამს. ასევეა დათოც, თავის სისხლით, სულით და გულით ქართველია! მე 26 წელი საქართველოში ვმოღვაწეობდი. ღირსების ორდენიც მომცეს მაშინ, როცა არავინ არ მთვლიდა ღირსად საქართველოში მემოღვაწევა. ამერიკაში კი 18 წლის მანძილზე საუკეთესო პირობები მაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც საქართველოში დავბრუნდი...

- რატომ გაიღეთ ამხელა მსხვერპლი?

- ეს მსხვერპლი კი, არა ჩემი გულის სიყვარულია! მსურს ვიყო ჩემს ქალაქში, ვცდილობ აქ შევეგუო, თუნდაც დაუფასებლობას. ვიცი, სადაც და რატომ მოვედი. სულ ვებრძოდი თავს, რომ ამერიკას არ შევჩვეოდი და აქ როგორც პირადობის მოწმობის მიხედვით კი არა, სულით და გულით ქართველი ჩამოვედი! ამ 18 წლის მანძილზე სულ საქართველო მესიზმრებოდა, მეგობრები, სახლი... მერე ბრუნდები და ყველაფერი შეცვლილი გხვდება. წავედი შევარდნაძის ეპოქის მიწურულს და მის შემდეგ სხვადასხვა ხელისუფლება გვყავდა... საქართველო მაინც საქართველოდ რჩება. ეს ძალიან დიდი რამეა და მე სახლში დავბრუნდი!

თუმცა, არსებობს საოცარი წყურვილის გრძნობა. როცა ძალიან გინდა წყალი დალიო და ვიღაც ამის უფლებას არ გაძლევს. თუ საქართველოში ისევ ასეთი მომენტი დადგება, შეიძლება ისევ ამერიკაში წავიდე და წყალი იქ დავლიო. ამერიკიდან დღემდე მომდის საინტერესო შემოთავაზებები, სინგაპურიდანაც კი. არ მინდა ჩემი გადაწყვეტილება შევცვალო, თუმცა ვნახოთ... უახლოეს მომავალში კი მივეგზავრები იაპონიაში, სადაც მასტერ-კლასებს ჩავატარებ და ასევე კონკურსის ჟიურის წევრი ვიქნები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ