ავტორი:

შეასრულებს თუ არა "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ქართულ სიმღერას "ევროვიზიაზე" და რას სთავაზობს გავარდნილ კონკურსანტს ზაზა შენგელია

შეასრულებს თუ არა "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული ქართულ სიმღერას "ევროვიზიაზე" და რას სთავაზობს გავარდნილ კონკურსანტს ზაზა შენგელია

„საქართველოს ვარსკვლავი“ ნახევარფინალში 5 კონკურსანტის მონაწილეობით გრძელდება. შაბათს კონკურსი თამარ ლაჭყებიანმა დატოვა, აუტსაიდერთა შორის უკვე მესამედ მოხვდა ნინი ცნობილაძე, თუმცა მესამედაც დარჩა კონკურსში.

გასული შაბათის ლიდერი ქულათა რაოდენობით ლიზა კალანდაძე უკვე მეორედ გახდა. კონკურსანტებმა ამჯერად ცნობილი ქართველი კომპოზიტორების სიმღერები შეასრულეს.

თამარ ლაჭყებიანი:

- რა თქმა უნდა, გული მწყდება, რომ კონკურსი დავტოვე, მაგრამ პროექტში როცა მონაწილეობ, გაცნობიერებული გაქვს, რომ რაღაც ეტაპზე დატოვებ, ან შეიძლება ფინალშიც მოხვდე და გაიმარჯვო, რა თქმა უნდა, ერთი იმარჯვებს და დანარჩენი 9 - ვერა. ამიტომ ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, პირველივე ლაივიდანვე გამოვვარდნილიყავი. გული მწყდება, მაგრამ რას ვიზამთ? ისიც დიდი გამარჯვება და ბედნიერებაა ჩემთვის, ჩემი ასაკისთვის (17 წლის ერთი კვირის წინ, გასულ ლაივზე გავხდი), რომ ასეთ ადამიანებთან ვთანამშრომლობდი, ყველა ძალიან მიყვარს და ამით არაფერი მთავრდება.

ლიზა კალანდაძე:

- სიმართლე რომ ვთქვა, არ ველოდი არც ამ ტურზე და არც გასულ ტურზე ჩემს ლიდერობას. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო მხარდამჭერებს. ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა. ისე კი, ისეთი კონკურსანტები გვყავს, ყველა იმსახურებს ლიდერობას, გამარჯვებას და „ევროვიზიაზე“ გამგზავრებას. ყოველი ლაივის დასასრული, შაბათი დღე არის წარმოუდგენლად რთული და მძიმეც. ჩემთვის ადამიანურად მიჭირს იმის გაძლება, რომ რომელიღაც ჩვენგანი კონკურსს ტოვებს. შესაბამისად, ცუდ ხასიათზე ვდგები ხოლმე.

- შემდეგი ტურისთვის რა პროგნოზი შეგიძლია გააკეთო?

- პროგნოზის გაკეთება ამ კონკურსში ძნელია.

ზაზა შენგელია:

- თანაბარი ძალის კონკურსანტები არიან და ეს მაყურებლისთვის პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. რეიტინგიც თანდათან მაღლა იწევს. ძალიან კარგია, როდესაც მაყურებელი უფრო მეტად არის პროექტში ჩართული - ურეკავს, უმესიჯებს თავის ფავორიტებს. სასიამოვნოა ისიც, რომ ქართული სიმღერა მაყურებელში მეტად აჩენს დამესიჯების სურვილს. ვფიქრობ, ზოგადად კარგია, რომ ქართული სიმღერები სრულდება. ეს იმის წინაპირობაა, რომ მომავალში კონკურსანტი, რომელიც „ევროვიზიაზე“ გაემგზავრება, ქართულ სიმღერებს შეასრულებს.

- ე.ი. ქართული სიმღერების მომრავლება კონკურსში იმაზე მეტყველებს, რომ „ევროვიზიაზე“ ჩვენი წარმომადგენელი სწორედ ქართულ ნამუშევარს შეასრულებს?

- კი, დიდი ალბათობით ასე იქნება. ეს პირველი არხის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმაც გააჟღერა, რომ ჩვენი კონკურსანტის მიერ ქართული სიმღერა შესრულდება და ამ მიმართებით ალბათ სწორია. თვითონ „ევროვიზიის“ პოლიტიკაა ასეთი - ყველა ქვეყანამ სიმღერა თავის ენაზე წარმოადგინოს. ეს შეიძლება მრავალფეროვნებისთვის კარგიც იყოს.

- რაც შეეხება დღევანდელ აუტსაიდერებს - მათზე რას გვეტყვით?

- კონკურსი თამარ ლაჭყებიანმა დატოვა - ვფიქრობ, ეს გოგონა ამ კონკურსში საკუთარ თავს გადაახტა, შეუძლებელი შეძლო და მისი ასაკისთვის ბევრი გააკეთა, დიდი მიღწევაა. თუ უკეთესად მოემზადება, დახვეწს თავის ვოკალურ სასცენო მონაცემებს, მომავალშიც თავისუფლად შეძლებს სხვა კონკურსშიც გამოსვლას. მე კი ამ ეტაპზე, როგორც „ბრავო რეკორდსის“ წარმომადგენელი, ვფიქრობ, რომ არის რაღაც საინტერესო, არც ისე დიდი პროექტები და ისინი მასთან ერთად გავაკეთო.

- ლიზა კალანდაძე უკვე მეორედ გახდა ტურის ლიდერი...

- ძალიან კარგი გოგოა, შემიძლია ვთქვა, რომ მისი გულშემატკივარი ვარ და ღირსეული კანდიდატია, რომ „ევროვიზიაზე“ გაემგზავროს!

- ფიქრობთ, რომ „ევროვიზიაზე“ გამგზავრება თავისუფლად შეუძლია?

- როგორ არა და საერთოდ, ის ხუთეული, ვინც კონკურსში დარჩა, მგონი, ყველა ძალიან ღირსეულად შეძლებს ქვეყნის წარმოჩენას.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს