ავტორი:

"მონიკა ბელუჩი ჩემი ძმის კლასელი იყო" - ვინ არის იტალიელი შეფმზარეული და როგორ მოხვდა ამერიკელი მილიონერის ვილიდან თბილისში

"მონიკა ბელუჩი ჩემი ძმის კლასელი იყო" - ვინ არის იტალიელი შეფმზარეული და როგორ მოხვდა ამერიკელი მილიონერის ვილიდან თბილისში

იტალიელ შეფმზარეულს, ენცო ნერის თბილისში უკვე თითქმის ყველა იცნობს. ის ძალზე მეგობრული, მხიარული და პოზიტიური ადამიანია, იოლად შეძლო ქართველ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება და უკვე ბევრი მეგობარიც ჰყავს, ისევე, როგორც იმ ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც სამსახურებრივად უწევდა წლების განმავლობაში ცხოვრება. მისთვის გამორჩეული ადგილი ნიუ-იორკი იყო, სადაც მას კულინარიაზე გადაცემაც კი ჰქონდა. ასევე, ცხოვრობდა ლონდონში, მადრიდსა და დუბაიში. წარმოშობით იტალიის შუაგულიდან - უმბრიიდანაა და ამბობს, რომ მის მშობლიურ მხარეს კახეთი აგონებს, ამიტომ იქაურობა ძალიან მოსწონს და ხშირად სტუმრობს ხოლმე. საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, ისე როგორც საკუთარ სახლში, თუმცა, რამდენ ხანს დარჩება, არ იცის, რადგან წინასწარ არაფერს გეგმავს. უყვარს ჯანსაღი ცხოვრება და ადამიანები. ენცო ნერი თავისი ცხოვრების შესახებ ყვება:

- რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ჩემი ბექგრაუნდი კულინარიით არ დაწყებულა, პროფესიით ინჟინერი ვარ, აიტი სპეციალისტი და ამ განხრით ვმუშაობდი კიდეც ერთ-ერთ კლინიკაში. კულინარიით 29 წლის ასაკში დავინტერესდი და კულინარიის აკადემიაში ჩავაბარე. გამიმართლა და ჩემსავე ქალაქში მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში დავიწყე მუშაობა, მარკო ბისტარელისთან. მას შემდეგ, ამ საქმიანობას მივყავი ხელი, 6 წელი ლონდონში ვიცხოვრე და ვიმუშავე, 7 წელი - ნიუ-იორკში, ერთი წელი დუბაიში, ერთი - მადრიდში, ბოლო ორი წელია, თბილისში ვარ.

- რატომ გადაწყვიტეთ ასე რადიკალურად შეგეცვალათ საქმიანობა? რატომ მოხდა თქვენში გარდატეხა?

- რეალურად არ ვიცი, შესაძლოა იმიტომ, რომ ხატვა, ხელოვნება მიყვარდა და მისდამი მიდრეკილება ბავშვობიდანვე მქონდა, თუმცა, მამაჩემი ფიზიკა-მათემატიკოსი იყო და სულ მეუბნებოდა, ხელოვანი რომ გამოხვიდე, ფული არ გექნება და რა უნდა აკეთო ცხოვრებაშიო? თუმცა, მივხვდი, რომ მზარეულიც ხელოვანია, ფერებით თამაშობს, რაღაცებს ქმნის, საინტერესო ფორმას აძლევს, გემოებს ერთმანეთს უხამებს და ა.შ. კულინარია ჩემი ამბიცია არასდროს ყოფილა, უბრალოდ, თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალება გახდა. მე მას ისე ვუდგები, როგორც ხელოვნებას.

- როდესაც ამ სფეროში თავი გამოცადეთ და წარმატებას მიაღწიეთ, მამა თუ დარჩა კმაყოფილი თქვენი არჩევანით?

- იცით, როდესაც მე კულინარიაზე გადავერთე, სამწუხაროდ, ის უკვე გარდაცვლილი იყო და ვეღარ მოესწრო ამ ყველაფერს, თუმცა, ვფიქრობ, იამაყებდა ჩემით. სხვათა შორის, გემრიელი კერძების მომზადება თვითონაც ეხერხებოდა. 2011 წელს საუკეთესო იტალიელი შეფმზარეულის ნომინაციაში გავიმარჯვე. თუმცა, ეს არ იყო ერთადერთი, არაერთი ჯილდო მიმიღია, რაც ჩემთვის საამაყო, სასიამოვნოა და ბედნიერი ვარ ამით. მაშინ ძალიან ბევრმა ამერიკულმა გამოცემამ დაბეჭდა ჩემზე, სატელევიზიო ინტერვიუებიც მქონდა, რადიოჩართვები და ა.შ. ახლა ჩემი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება საქართველოში მაქვს, პროდუქტებით მდიდარი ქვეყანაა, ჯანსაღი საკვები გაქვთ, კულინარიის სფეროც ვითარდება და ამ პროცესებში ჩართვა ჩემთვის საინტერესოა. ღვინო ძალიან კარგია, აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ აქაურ მზარეულებს ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო და ამავდროულად, თავადაც განვვითარდე.

- ვინ შემოგთავაზათ საქართველოში ჩამოსვლა?

- პირველად აქ გია ფირადაშვილთან ჩამოვედი, რომელთანაც დიდი ხანია, ვმეგობრობ. ნიუ-იორკიდან მასტერკლასის ჩასატარებლად მომიწვია. ის ჩემი საუკეთესო მეგობრის მამას იცნობდა - ანჯელო მასის და იმდენჯერ მითხრა, ჩამოდიო, ერთ დღესაც ავდექი და წამოვედი. 2015 წლის აგვისტო იყო. მეორედ, აქ ჩემს ყოფილ კოლეგასა და მეგობართან, ედგარ აიდერთან ჩამოვედი, ერთ-ერთი კაფის გასახსნელად და ერთად გავხსენით. მერე, აქაური მსხვილი კომპანიისგან, სასტუმროსგან მივიღე შეთავაზება, რომ მათი რესტორნის შეფმზარეული გავმხდარიყავი და დავთანხმდი.

- ქართველ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება უცხოელისთვის არც ისე იოლია, თქვენ ადვილად მიგიღეს თავიდან?

- მართალია, არცთუ ისე იოლად იღებთ უცხოებს და სულ მიკვირს, როდესაც მეუბნებიან, ქართველები და იტალიელები ერთმანეთს ვგავართო, ერთნაირად სტუმართმოყვარეები ვართო. მე ასე არ ვფიქრობ, იტალიელები გაცილებით გახსნილები, გულღიები არიან ურთიერთობაში. ქართველები ნამდვილად სასიამოვნო ხალხი ხართ, მაგრამ სანამ არ დაუმეგობრდებით, ახლოს არ უშვებთ ადამიანს, დისტანციას იჭერთ. მე ესეც მესმის, რადგან თქვენ საოცარი ისტორია გქონდათ, საბჭოთა კავშირის წლები გამოიარეთ, რეპრესიები, უფრო ადრე - შემოსევები და ა.შ. ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი, ხალხმა აქ ასე კარგად რომ მიმიღო, არის ისიც, რომ ენერგიული, მხიარული და მგრძნობიარე ადამიანი ვარ და არა - მოსაწყენი, პრობლემებს არავის ვახვევ თავს. ადამიანები მიყვარს, ეს ყველაზე მთავარია ცხოვრებაში და არა - ფული. მე ადამიანებისთვის ვცხოვრობ, ესაა ჩემი ცხოვრების აზრი, გავცე და მივიღო პოზიტიური ენერგია. ზოგჯერ მეუბნებიან, შენ ცნობილი ვარსკვლავი ხარო, მე კი ამაზე მეცინება და ვპასუხობ, - მე ვარსკვლავი არ ვარ, ვარსკვლავები ცაში დავტოვოთ-მეთქი (იცინის).

- რა მოგეწონათ, რომ ამდენი ხნით შემორჩით?

- პირველ რიგში ის, რომ საკუთარი თავისთვის აქ მეტი დრო მაქვს. მეორე ის, რომ ჩემი სამუშაო უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, რადგან ყოველთვის არის რაღაც ახალი - ან რაიმეს გახსნაზე მეპატიჟებიან და დახმარებას, რჩევებს მთხოვენ. ჩემი საქმე იმდენად მიყვარს, რომ ჩემი ცხოვრების 80% სწორედ მას უჭირავს, სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია. პროფესიაც ხომ სწორედ ამიტომ შევიცვალე. გარდა კარგი საჭმლისა და ღვინისა, ვხედავ, რომ ქართველები ტრადიციული, ოჯახზე ორიენტირებული ხალხია და ეს მომწონს. ბევრი რამაა საერთო ჩემი ქვეყნის კულტურასთან. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ, ზოგჯერ ნიუ-იორკიც მენატრება, იქ უამრავი რამის გაკეთება შეიძლება. ქალაქში რომ გახვალ, აღარ იცი, სად წახვიდე, იმხელა არჩევანია. ქართველ მეგობრებს ჩემს ქართულ ოჯახს ვუწოდებ, ხშირად ვერთობით ერთად, სხვადასხვა ადგილას დავდივართ, ხან კახეთში, ხან - სხვაგან. წელს 48 წლის ვხდები, აღარ ვარ 23-ის და ახლა უფრო სხვა ტიპის გართობა მომწონს, სიმყუდროვე, ოჯახური გარემო. კახეთი მიყვარს, უმბრიას მაგონებს, რომლის რელიეფიც დაახლოებით ასეთია. ზღვაც მიყვარს, ბათუმში ერთხელ ვიყავი, მაგრამ იმდენი დრო გავატარე ტრანსპორტში, რომ იტალიაში მირჩევნია გადაფრენა (იცინის)...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ