ეგვიპტის შეიარაღების ბაზარზე ჩინურ ინტერესებთან დაპირისპირების შემდეგ კრემლმა "ჩინელი ექსპორტიორების წარმატების ფენომენზე" კვლევის ჩატარება შეუკვეთა. რუსი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სულ მალე ჩინეთი თავისი იაფი სამხედრო პროდუქციით რუსეთს შეიარაღების მნიშვნელოვანი ბაზრებიდან გამოაძევებს.
ტენდერი მეცნიერულ-კვლევით სამუშაო თემაზე "შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ჩინელ ექსპორტიორთა სტრატეგიისა და ტაქტიკის თავისებურებანი: წარმატების ფენომენი და ძირითადი კონკურენტული უპირატესობა" კრემლმა უკვე გამოაცხადა და მასში 200 ათასი რუბლის გადახდის პირობას იძლევა. ამ კვლევის შედეგები მოხსენების სახით ქვეყნის პრეზიდენტს წარედგინება.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, ეს უკვე მეორე სიგნალია იმისა, რომ მოსკოვი პეკინს შეირაღების ბაზარზე რეალურ კონკურენტად აღიქვამს.
ჟურნალ "შეიარაღების ექსპორტის" რედაქტორი დიმიტრი ვასილევი აღნიშნავს, რომ ჩინეთი რუსული სამხედრო შეიარაღების ასლს აკეთებს და შემდეგ იაფად ყიდის ღარიბ აფრიკულ სახელმწიფოებში. აღსანიშნავია, რომ ჩინეთს რუსეთის დარად საერთაშორისო იმიჯი არ ენაღვლება და იარაღს კონფლიქტის ზონებშიც თავისუფლად ყიდის. ექსპერტები იმასაც შიშობენ, რომ მას შემდეგ, რაც გაეროს სანქციების გამო რუსეთმა ირანს საზენიტო სარაკეტო კომპლექსის С-300-ის მიყიდვაზე უარი განუცხადა, მის ანალოგს თეირანს ჩინეთი შესთავაზებს.
ექსპერტებს ეჭვი შეაქვთ მოსკოვის მიერ დაკვეთილი კვლევის ეფექტურობაში, რამდენადაც ჩინეთმა რუსული სამხედრო ტექნოლოგიები უკვე გადაიღო და თავად აპირებს მათი, როგორც საკუთარის, გაყიდვას. მათივე თქმით, წინააღმდეგობის გაწევას რუსეთი თუნდაც პოლიტიკური მიზეზების გამო არ ეცდება.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.