ავტორი:

სტანისლავ ბონდარენკოს ემუქრებიან - მსახიობის სპექტაკლს დაღესტანში "პორნოგრაფია" უწოდეს

სტანისლავ ბონდარენკოს ემუქრებიან - მსახიობის სპექტაკლს დაღესტანში "პორნოგრაფია" უწოდეს

დაღესტანში უკიდურესად მწვავე რეაქცია მოჰყვა მაჰაჩყალას "მეგობრობის სახლში" გამართულ სპექტაკლს - "კაცებზე ნადირობა". სცენარი ადგილობრივებისთვის შეურაცხმყოფელად მიიჩნია ცნობილმა დაღესტნელმა სპორტსმენმა ჰაბიბ ნურმაგომედოვმა. UFC-ის მებრძოლმა სპექტაკლს "პორნოგრაფია" უწოდა და მსახიობებისა და ორგანიზატორების დასჯა მოითხოვა. მოგვიანებით მას მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ.

ცნობილი დაღესტნელი სპორტსმენის თქმით, სამწუხაროდ, "მაყურებლებს არ ეყოთ გამბედაობა და თავმოყვარეობა პროტესტის ნიშნად იქაურობა დაეტოვებინათ". შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ადგილობრივ ხელისუფლებას პასუხს სთხოვს და ურჩევს - "ასეთ ფაქიზ საკითხებს მეტი ყურადღებით მოეკიდონ..."

სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლს სტანისლავ ბონდარენკო ასრულებს, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. რუსული სერიალების ცნობილი სახე, საქართველოში "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი სეზონის გამარჯვებულიც გახდა.

სპექტაკლის სცენარის მიხედვით, ერთ-ერთ ეპიზოდში მსახიობმა ნატალია რევა-რიადინსკაიამ პერსონაჟი საცვლებით განასახიერა, სცენაზე წელსზევით გაშიშვლდა ბონდარენკოც. ეს ვიდეო სოციალურ ქსელში, დიდი ალბათობით ერთ-ერთმა მაყურებელმა ატვირთა, რამაც დაღესტნელი სპორტსმენის აღშფოთება გამოიწვია. იმავე საღამოს, "ინსტაგრამის" პირად გვერდზე, რომელსაც 13 მილიონი გამომწერი ჰყავს, ნურმაგომედოვმა "ამ უმსგავსობას" ვრცელი პოსტი მიუძღვნა და "ვიღაცების ჭკუაზე მოსაყვანად" ქუჩის აქციების გამართვაზეც ალაპარაკდა.

"ალაჰს გეფიცებით, თუ დაღესტნელი კაცები არ გამოფხიზლდებიან და წესრიგის დამყარებას არ დაიწყებენ, ყველაფერი უარესობისკენ წავა..." - წერს სპორტსმენი.

ამ ფაქტს რუსი ინტერნეტმომხმარებლები გამოეხმაურნენ, ბევრმა დაღესტნელ ჰაბიბ ნურმაგომედოვს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის "სულიერი შვილი" უწოდა.

"რუსეთი ევროპაა, ხომ?! მეტი სიზუსტისთვის ვკითხულობ - ჩრდილოეთ კავკასიაც ევროპულ ზონაში გადის, თუ მხოლოდ მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი და სოჭი ეკუთვნის ცივილიზაციას? ეს ბიჭი რამდენი წლისაა? ოდესმე სმენია, რომ თეატრი ხელოვნებაა და მაინცდამაინც აუცილებელი არ არის, ის გონებასუსტმა ადამიანებმა შეაფასონ?" - წერს ანია კრუტკინა.

"კადიროვის კლასი... ამის შემდეგ არ მიკვირს, რომ ბოლო წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში 40-მდე ქალი მოკლეს და თითქმის ყველა მათგანის მკვლელობაში ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. "მამობილი" კადიროვისგან ალბათ უკვე მიიღო საქებარი სიტყვები "ღირსეული საქციელისთვის..." - წერს ოლეგ ვოლკინი.

დაღესტელი სპორტსმენის პოზიციის გაშარჟების გამო, უკვე მუქარის ზარები და სმს-ები მიიღო ბლოგერმა დენის კოსიკოვმა, რომლის თქმითაც, ის შეეცადა სპექტაკლსა და მის რეზონანსზე მსუბუქად ეხუმრა. მისივე თქმით, განსაკუთრებით გააოცა იმან, რომ ხუმრობაზე გაბრაზდა დაღესტნის "მანსანკანის" გუნდის კაპიტანი ომარ ალიბუტაევი.

"ღირსებისა და სინდისის მიწაზე არ შეიძლება სპექტაკლების ჩვენება, იქ მხოლოდ ადამიანების ცემა, ხოცვა და სროლებია მიღებული, კაცურად. თეატრი კი ნამდვილი მამაკაცებისთვის არ არის, - ხელოვნება ცუდია" - დაწერა ბლოგერმა Twitter-ის გვერდზე, თუმცა, მალევე წაშალა. პოზიციას იზიარებენ ის დაღესტნელებიც, რომლებიც ამჟამად იქ არ ცხოვრობენ:

"მე დაღესტნელი ვარ, თუმცა, ახლა იქ არ ვცხოვრობ... თუ ასე ძალიან არ მოგწონთ ეს კონცერტები და სპექტაკლები, ნუ ივლით იქ და თქვენც დაისვენებთ" - წერს რამაზან მეჯუდოვი.

სხვები გაოცებას გამოხატავენ, რატომ აძლევს ჰაბიბ ნურმაგომედოვი თავს ამდენის უფლებას. "ბოლოს და ბოლოს ვინ არის ის, ექსპერტი კულტურის საკითხებში? რატომ გახდა მისი აზრი ასეთი მნიშვნელოვანი. იქნებ კულტურის მინისტრადაც დაგვინიშნონ" - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

როგორც ჩანს, ნურმაგომედოვის მხარდამჭერები აგრესიულ ქმედებებზე გადავიდნენ, რადგან ამ ამბიდან რამდენიმე დღეში სპექტაკლის გამო ბოდიში მოიხადეს მსახიობებმა; ასევე სპექტაკლის პროდიუსერმა და მსახიობმა ივან ჟიდკოვმაც, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ თეატრის მსახიობებს სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ.

"მწუხარებით აღვნიშნავ, რომ ჩვენი სპექტაკლი მაჰაჩყალაში დიდ სკანდალში გადაიზარდა. ყველანაირი სპეკულაციის აღმოსაფხვრელად, მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მცდელობა არ ყოფილა შეურაცხყოფა მიგვეყენებინა დაღესტნელი ხალხისთვის, მათ მიმართ დიდ პატივისცემას გამოვხატავ. დაიწყო მუქარები ჩემი და ჩემი ახლობლების, კოლეგების მიმართ. ამას ვერანაირ შეფასებას ვერ გავუკეთებ...

დიახ, ჩვენს კომედიურ წარმოდგენაში იყო სცენები, რომელიც შესაძლოა, არაერთგვაროვნად აღიქვეს, ვერ გავთვალეთ შესაძლო შედეგები, რასაც ჩვენს სისუსტედ მივიჩნევ. თუ ჩვენმა სპექტაკლმა რესპუბლიკის მოქალაქეები შეურაცხყო, ბოდიშს ვიხდი" - დაწერა ბონდარენკომ სოციალური ქსელის თავის გვერდზე.

ჰაბიბ ნურმაგომედოვი ვარსკვლავად აქცია 7 ოქტომბერს, ლას-ვეგასში გამართულმა ორთაბრძოლამ. შერეული ორთაბრძოლის დაღესტნელი მებრძოლი ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს შეხვდა. მთავარი ბრძოლის გამარჯვებული კი ნურმაგომედოვი გახდა. დაღესტანელი მებრძოლისთვის ეს რიგით 27-ე გამარჯვება იყო. ამ გამარჯვების შემდეგ, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მას ძვირადღირებული "მერსედესი" აჩუქა.

კორონავირუსით დაინფიცირებულმა ჩინელმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა

"ქალები ძალადობაზე არ ჩივიან, თუ მამაკაცი სიმპათიურია" - ეკვადორის პრეზიდენტმა სექსისტური განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა, ჰონგ-კონგში კი, ჩინეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის მოთხოვნით, ექიმები გაიფიცნენ