ავტორი:

ვინ არის და როგორ გამოიყურება დღეს აბსურდული დირექტორის მდივანი "ცისფერი მთებიდან"

ვინ არის და როგორ გამოიყურება დღეს აბსურდული დირექტორის მდივანი "ცისფერი მთებიდან"

გენიოსი რეჟისორის, ელდერ შენგელაიას ორსათაურიანი შედევრი - "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" მუდამ დროული რომ არის, ფაქტია. იქნებ მართლაც დაუჯერებელ ამბად მოგეჩვენოთ, რომ 2019 წელს იგი 35 წლის ხდება, ჩვენ კი დღესაც მისი "ლექსიკით" ვლაპარაკობთ; დღეს შეიძლება, ერთი-ორი მარკშეიდერიც ვერსად ვიპოვოთ, მაგრამ ჭერში მაინც ვეძებთ ბზარებს - სულ ცოტა, ორს გრძივს, სამს პარალელურს; ვიღაც საქსოვ გორგალს ვერ იცილებს; ვიღაც მუდამ ვიღაცის ახლობლების ახლობელია; ვიღაცას აქანებს - ხან იქით, ხან აქეთ; ვიღაცას მუდამ ელოდებიან ან ეძებენ; ვიღაც დღესაც წერს სონეტებს, თანაც სიყვარულზე; ვიღაც გაუთავებელი თათბირებითა და ბანკეტებით წუხდება; ვიღაც ეჭვიანობს ან ჩხუბობს და ვიღაცებს ხშირად შენობაც ენგრევათ თავზე... და ეს უბრალოდ ფილმი არ არის, ეს ვეებერთელა სარკეა, სადაც მუდამ საკუთარ თავსა და ცხოვრებას ვუყურებთ!

ალბათ ყველას ახსოვს ქერა ქალბატონი, რომელიც ფილმში აბსურდული დაწესებულების აბსურდული დირექტორის მდივნად "მუშაობდა". ეს მსახიობი ნინო თუთბერიძეა, რომელიც 35 წლის წინანდელ ამბებს და "ცისფერი მთების" გადაღების პროცესს იხსენებს:

ნინო თუთბერიძე:

- დაუვიწყარი იყო მუშაობის პერიოდი. მე და "მარკშეიდერი" - მსახიობი ვანო საყვარელიძე ვმეგობრობდით. მახსოვს, გადაღების დღეებში ადრიანად გამომივლიდა ხოლმე შინ, კამოს ქუჩაზე, დამიკაკუნებდა კარზე და "იმერულად მკითხავდა": რას შვები, გოგო, არ მოდიხარო? - ვანიჩკა ბიძია, ჯერ ძალიან ადრეა-მეთქი, - დავიწუწუნებდი. - არა, გოგო, არ არის ადრეო. - და რაღას ვიზამდი? მორჩილად მივყვებოდი. თემიკო ჩირგაძეს კი გადასაღებ მოედანზე კარგა ხანს ვერ შევხვდი. სულ ვიხვეწებოდი, ბოლოს და ბოლოს გამაცანით ჩემი დირექტორი, ვისაც ასე თავგამოდებით ვიცავ და ვის კარსაც ერთგულად ვდარაჯობ-მეთქი. თურმე, თვითონაც სულ მკითხულობდა: მაჩვენეთ, ვინ არის ჩემი "სეკრეტარშაო".

როცა გავიცანი, მაშინვე მივხვდი, რომ ცხოვრებაშიც ვაჟა ზაზაევიჩი იყო... არ მავიწყდება გადაღების პირველი დღე. ასეთი ტრადიცია არსებობდა: პირველი კადრის გადაღებას კინოაპარატის ძირზე შამპანურის გატეხით აღნიშნავდნენ, რაც ფილმის "შენების" დაწყებას ნიშნავდა. იმდენ ხანს გაიწელა "საძირკვლის ჩასაყრელად" და პირველი კადრის გადასაღებად სამზადისი, გავტიალდი, ისე დავიქანცე, საღამოს, გადაღებისას ტექსტს ძლივს ვბუტბუტებდი... ზაფხულის კადრების გადაღებისას ჩემს თეატრს ბათუმში ჰქონდა გასტროლი. საღამოს ბათუმში ვთამაშობდი სპექტაკლს, მერე ღამის მატარებლით თბილისში მოვდიოდი. თენგიზ ჩანტლაძე ხუმრობდა, შენგელაიები და ჭიაურელები ბაქანზე დგანან და თუთბერიძეს აცილებენ, ხომ დაგვიბრუნდებიო? არ მავიწყდება შენობის დანგრევის კადრების გადაღება. გაგვაფრთხილეს, სტუმრად მოსულ მსახიობებს ტაშფანდურით დახვდითო.

დაიძახეს "მატორ!" წავიდა ცეკვა-თამაში და ვიცი, ამ დროს ჩემ უკან "გრენლანდია" უნდა ჩამოვარდეს, "ბატონ ვასოს" (მსახიობ ვასილ კახნიაშვილს) თავზე დაეცეს და მე კივილი დავიწყო. ყველაფერს ვაკეთებთ და... უცებ ზემოდან ისეთი მტვერი წამოვიდა, ლამის დავიხრჩვეთ. არადა, მოწვეული მსახიობები: მედიკო ჯაფარიძე, ლია ელიავა, ოთარ კობერიძე, ლიკა ქავჟარაძე და ა.შ. გამოპრანჭულები მობრძანდნენ. მათაც არ იცოდნენ, რა ელოდათ. ამ ნაგავს ორ დღეს გავუძელით. მახსოვს, ლია ელიავა ბუზღუნებდა, გამოსასვლელი კაბა რას დამიმსგავსეთო, ვაჟა ზაზაევიჩის მოადგილის როლის შემსრულებელი კი ორ თვეს "დასტიროდა" თავის პიჯაკს. ერთ კადრში, ალბათ მეორე დღესაა გადაღებული, ისიც ჩანს, ლიკა ქავჟარაძე მტვრის ჩამოყრამდე რომ გარბის - აბა, დააკვირდით.

ჩვენ სად გავიქცეოდით? "...ცხენბურთი გამიგია, წყალბურთი გამიგია, ფეხბურთიც გამიგია"... უკვე მოტობურთიც გამიგია, მაგრამ გაოცება ვერ დავმალე, როდესაც "მოტობურთის ფედერაციის პასუხისმგებელი კომისარი, ნაკრების უცვლელი კაპიტანი, ამხანაგი არტემ ჩაჩანიძე" წლების წინ ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე. ისე, "ყუფარაძეს რომ არ დაერეკა", ამ ადამიანს საერთოდ ვერ ვიპოვიდი. მახსოვს, თავიდან ეჭვით შემომხედა, "მოგზავნილი ხომ არ არისო?", მაგრამ მალევე გავშინაურდით. ამიტომ მინდა წარმოგიდგინოთ "არტემ ჩაჩანიძის ლირიკა" - უმაღლესი კატეგორიის ბიბლიოთეკარი და ბიბლიოგრაფი...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ