"IV კლასში რომ ვიყავი, ბიბლიოთეკიდან წიგნი - "ლენინის დედა" მოვიპარე”

"IV კლასში რომ ვიყავი, ბიბლიოთეკიდან წიგნი - "ლენინის დედა" მოვიპარე”

სინანულის განცდა და ლოცვა მაცხოვრის საფლავთან

მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი პროზაულ ნაწარმოებებსაც და პოეზიასაც თანაბარი ინტერესით კითხულობს, მთავარია, ტექსტმა დააინტერესოს. მაინცდამაინც კარგი მეხსიერებით არ გამოირჩევა. სქელტანიანი ნაწარმოების შინაარსი შეუძლია, ისე გიამბოს, არაფერი გამორჩეს, მაგრამ ორსტროფიანი ლექსის თქმის დროს, შეცდომები დაუშვას, რადგანაც დაზეპირება უჭირს. როლისთვის განკუთვნილ ტექსტს კი რეპეტიციებზე იმახსოვრებს. ცდილობს, სცენაზე განსახიერებული ამა თუ იმ პერსონაჟისგან კარგი თვისება აიღოს, მისი ხასიათის სიღრმეს ჩასწვდეს. რაც შეეხება იმას, მოუპარავს თუ არა წიგნი, ღიმილით მპასუხობს: "IV კლასში რომ ვიყავი, ბიბლიოთეკიდან წიგნი - "ლენინის დედა" მოვიპარე, ახლაც არ ვიცი, ეს რამ გამაკეთებინა. ის შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში პირველი და უკანასკნელი ქურდობა იყო".

- რომ არა მსახიობობა, რა პროფესიას აირჩევდი?

- თეატრალურ უნივერსიტეტში რომ არ ჩამებარებინა, ალბათ სასულიერო სემინარიის სტუდენტი გავხდებოდი. არ ვიცი, ჩემგან როგორი სასულიერო პირი დადგებოდა, მაგრამ სურვილი კი მქონდა. ჩემში "ორი აჩიკო" ცხოვრობს - ერთი, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს ხელოვნებაზე და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს და მეორე - რომელიც სულის სიმშვიდეზე ფიქრობს.

მონასტერში წასვლა ხომ არ გინდა-მეთქი - ამ კითხვას საკუთარ თავს პერიოდულად ვუსვამ.

- ეკლესიაში წირვა-ლოცებს თუ ესწრები?

- არა...

- ოდესმე მონასტერში თუ გიცხოვრია?

- მონასტერში არ მიცხოვრია... ცოტა ხნის წინ ისრაელში, გასტროლზე ვიყავით, იქ საერთაშორისო ფესტივალზე "მაკბეტი" წარმოვადგინეთ... წმინდა მიწაზე პირველად გახლდით; ერთი კვირაა, რაც დავბრუნდი და ჯერ ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. მაცხოვრის ტაძარში რომ შევედი, მეგონა, კისერზე განუზომელი ცოდვები მედო, სინანულის ასეთი ძლიერი განცდა მანამდე არასდროს მქონია... ტაძარში 500-ზე მეტი ტურისტი იყო, ბერძენმა მოძღვარმა რატომღაც იმდენი ადამიანისგან გამომარჩია, ხელი მომკიდა, მაცხოვრის საფლავთან მიმიყვანა, სანთელი მომცა და მითხრა: - ილოცეო... იცი, რა დამემართა? ტირილი რომ დავიწყე, ვეღარ გავჩერდი.

- ბედნიერი ადამიანი ხარ...

- ვიღაცისთვის შესაძლოა, ეს არაფერს ნიშნავდეს, ჩემთვის კი - ნამდვილი სასწაულია!... იმ პერიოდში რა ლოცვა უნდა უნდა მეთქვა, დამავიწყდა, გულში მხოლოდ ერთ სიტყვას - "მაპატიე" ვიმეორებდი... წმინდა მიწაზე განსხვავებული მადლი ტრიალებს...

- პეტრე, ანდრია პირველწოდებული, იაკობი, იოანე, მათე, ფილიპე, ბართლომე, თომა, იაკობ ალფესის ძე, თადეოსი, სვიმონი, იუდა...

- (მაწყვეტინებს) ეს ქრისტეს თორმეტი მოციქულის სახელებია.

- კონფუცი მიიჩნევდა, რომ ახალგაზრდებს უფროსების მიმართ პატივისცემა უნდა გამოეჩინათ, მშობლების მიმართ - მოკრძალება, საქმეს სერიოზულობითა და ღირსებით უნდა მოჰპყრობოდნენ, ხალხი ჰყვარებოდათ, კაცთმოყვარე ადამიანებს დაახლოებოდნენ. ყოველივე ამის შემდეგ თუ კიდევ დარჩებოდათ დრო და ენერგია, ურიგო არ იქნებოდა, თუ მასაც დახარჯავდნენ... რაში უნდა დაეხარჯათ დარჩენილი დრო?

- სწავლაში, არა?

- შეიძლება ითქვას, რომ გამოიცანი. კონფუცის აზრით, დარჩენილი დრო წიგნების კითხვაში უნდა გამოეყენებინათ. ამ ძაღლის ჯიში სად გაჩნდა, უცნობია. ვარაუდობენ, რომ მათი სამშობლო ინდოეთი იყო, საიდანაც ისინი ჯერ საბერძნეთში, შემდეგ - იუგოსლავიასა და ვენეციის ყურის სანაპიროზეც კი მოხვდნენ. ამ ჯიშის სახელი ყურის სანაპიროს სახელისგან არის ნაწარმოები. დიდი ხნის მანძილზე ეს ჯიში ნაკლებად პოპულარული იყო. დაასახელე იგი.

- სხვა მინიშნებას ვერ მეტყვი?

- მულტფილმები გიყვარს?

- რა თქმა უნდა.

- ძაღლის ეს ჯიში პოპულარული მას შემდეგ გახდა, როცა დისნეის მულტფილმი გამოვიდა.

- ა! მივხვდი, დალმატინელზე ლაპარაკობ.

- ეს დაავადება უამრავ ადამიანთან ერთად, იულიუს კეისარს, ალექსანდრე მაკედონელს და ნაპოლეონსაც აწუხებდა.

- ეპილეფსიით იყვნენ დაავადებულები.

- 1815 წელს ამისთვის დიდი ბრიტანეთის 3 კუნძული განიხილებოდა. ტრინიდატი, სენტ-ლუსია და მესამე, დღეს სწორედ ამიტომ არის ცნობილი. დაასახელე ეს კუნძული.

- არ ვიცი.

- წმინდა ელენეს კუნძული.

- სადაც ნაპოლეონი გადაასახლეს. მინიშნება რომ გეთქვა, გამოვიცნობდი.

- ვის ეკუთვნის სიმღერა ქართული ანიმაციური ფილმიდან - "სოფლის მაშენებლები"?

- ალექსანდრე ბასილაიას.

- რომელ სისხლძარღვებში მიედინება სისხლი ყველაზე ნელა?

- კაპილარებში, არა?

- რა თქმა უნდა. რა ერქვა ძველ საბერძნეთში მონას, რომელსაც ბავშვებისთვის თვალყურის დევნება და სკოლაში წაყვანა ევალებოდა?

- ვერ გიპასუხებ.

- პედაგოგი.

- მართლა? საინტერესო კითხვებია.

- რომელია ყველაზე წყალუხვი მდინარე?

- ამაზონი.

- "ქართველებისთვის "დედა" მარტო მშობელი არ არის. ქართველი ღვიძლს ენასაც "დედა ენას" ეძახის, უფროს ქალაქს - "დედაქალაქს", მკვიდრს და დიდბოძს სახლისას - "დედაბოძს", უდიდეს და უმთავრეს ბურჯს - "დედაბურჯს", გუთნის გამგებლის მამაკაცსაც კი - "გუთნისდედას". რამოდენად გაძლიერებულია, გადიდებულია მნიშვნელობა დედისა, გაპატიოსნებულია, გაღონიერებულია და თავმოსაწონებელი. სიდიდე, სიმაგრე და სიმკვიდრეც კი აღნიშნულია დედობით, ამაზე მეტი პატივი რაღა უნდა მოუტანოს სახელმა. სიტყვა "ქალი" განა იმოდენას გვეტყვის, რასაც გვეუბნება - "დედა" და მასთან ერთად "კაცი"?! - რომელი ცნობილი საზოგადო მოღვაწეა ამ გამონათქვამის ავტორი?

- ილია ჭავჭავაძე.

- წლების წინ ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობა ჰქონდა. იგი ნიშნავდა საგაზაფხულო ხვნას, დაასახელე ეს სიტყვა.

- ვერ გიპასუხებ.

- კანონი.

- დარწმუნებული ხარ?

- რა თქმა უნდა, როცა გუთანს მინდორში პირველად გაიტანდნენ, იმ დღეს "კანონის დღეს" უწოდებდნენ. რომელი მდინარე იყინება ყველაზე ხანგრძლივი დროით მსოფლიოში?

- ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის რომელიმე მდინარე იქნება, ზუსტად არ ვიცი.

- მდინარე ლენა ოქტომბერში იყინება და 6 თვე სქელი ყინულით იფარება. სად არის დაკრძალული ალექსანდრე ჭავჭავაძე?

- თუ კარგად მახსოვს, შუამთის მონასტერში.

- დიახ. ამ ქართველ მწერალზე უდიდესი გავლენა იქონია ფრიდრიხ ნიცშეს ნაშრომებმა. მის შემოქმედებას სხვადასხვა დროს უმაღლესი შეფასება მისცეს შტეფან ცვაიგმა, რომენ როლანმა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა გამოჩენილმა წარმომადგენლებმა. იგი ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად იყო არჩეული. 1960-იანი წლების დამდეგს ნობელის პრემიაზეც იყო მისი წარდგენა გადაწყვეტილი, რასაც ხელი მწერლის გარდაცვალებამ შეუშალა - რომელ მწერალზეა ლაპარაკი?

- ეს მწერალი ქართველია და ევროპაში ცხოვრობდა?

- დიახ, ბოლო წლებში გერმანიაში იმყოფებოდა.

- გრიგოლ რობაქიძე ხომ არა?

- გამოიცანი. რომელი ქართული ფილმის გმირები არიან - "ბოლოკა" და "ბეთჰოვენა"?

- "ღიმილის ბიჭების".

- რას ნიშნავს სიტყვა "ბოზი" მცირე აზიაში?

- მგონი, ლამაზს ნიშნავს, არა (იცინის)?

- დიახ, ფერეიდნელი ქართველებიც ამ მნიშვნელობით ამბობენ.

- ე.ი. ეს იქ შეურაცხმყოფელი სიტყვა არ არის.

- რას აკეთებდა ბალზაკი, როცა საკუთარ თავზე ლაპარაკობდა?

- არ ვიცი, რამე ჩვეულება ჰქონდა?

- გენიალური ადამიანებისადმი პატივისცემის ნიშნად, ქედს იხრიდა. რომელი ფრინველი იძინებს ფეხზე მდგომი?

- მგონი წერო, არა?

- დიახ. მარტოხელა კაცი შინ არყოფნის დროს გაქურდეს. შეიტყობდა თუ არა ამ ამბავს აგარაკზე მყოფი მისი ცოლი-შვილი?

- (იცინის) გინდა დამაბნიო? მარტოხელა კაცს ცოლ-შვილი არ ჰყავს.

- ის უცხოელი გახლდათ. ილია ჭავჭავაძესთან მეგობრობდა, გერმანულად თარგმნა "ვეფხისტყაოსანი", ქართველ პოეტთა ლექსები. არის ავტორი წიგნისა - "საქართველოს გული". - დაასახელე ეს პიროვნება.

- ვერ გიპასუხებ.

- არტურ ლაისტი. რომელი ქართველი მეფის მამას და შვილს ერქვა ბაგრატი?

- (ფიქრობს), ასე სწრაფად ვერ ვიხსენებ.

- მიგანიშნებ, ეს მეფე კონსტანტინე გამსახურდიას ერთ-ერთი რომანის პერსონაჟია.

- (პაუზის შემდეგ) გიორგი I.

- რომელია ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის დამაკავშირებელი სრუტე?

- მგონი, გიბრალტარი აკავშირებთ, არა?

- დიახ. ამაღლება, ბზობა, აღდგომა, ნათლისღება - რომელია უძრავი ქრისტიანული დღესასწაული?

- ნათლისღება.

- როდის აღვნიშნავთ, გახსოვს?

- 19 იანვარს.

- ეს ჩანჩქერი ვენესუელაში მდინარე ჩურუნიზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 1054 მეტრია. დაასახელე იგი.

- ანხელი.

- რა ერქვა ადგილს ძველ საბერძნეთში, სადაც ეპაექრებოდნენ სიმღერაში, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრაში და ორატორობის ხელოვნებაში?

- თეატრი.

- ვინ არის სცენარისტი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ფილმისა - "დიდი დიქტატორი"?

- ჩარლი ჩაპლინი.

- ამ ლექსს ჰქვია - "საყვედური დამწყებ ეშმაკს" და სულ ერთი სტროფია: "თეთრი ძაფით ხარ ნაკერი, ბრიყვო,/ ნეკში ვინახავ ჭკუას შენოდენს,/ ეშმაკი უნდა ისეთი იყოს,/ რომ ეშმაკობა არ სჭირდებოდეს", - დაასახელე ავტორი.

- შოთა ნიშნიანიძე.

- რომელი ლიტერატურული პერსონაჟია ალონსო კეხადა?

- ძალიან მეცნობა (ფიქრობს).

- სავარაუდო პასუხებს გეტყვი: გულივერი, დონკიხოტი, გრაფი მონტე-კრისტო თუ რობინზონ კრუზო?

- დონ-კიხოტი.

- "მანავი," "კახეთი, ზამთარი", "ძველი სამრეკლო", - რომელი ცნობილი მხატვრის ფუნჯს ეკუთვნის ეს ტილოები?

- ზუსტად არ მახსოვს.

- ელენე ახვლედიანის. დაასრულე ჰაროლდ მაკმილანის ცნობილი გამონათქვამი: "კარგ დიპლომატს ყოველთვის უნდა ახსოვდეს ის, რაც მან უნდა...

- გამოიყენოს.

- "...რაც მან უნდა დაივიწყოს".

- კითხვები დამთავრდა?

- კითხვარი დასრულდა, მაგრამ ბოლოს მინდა, დუტას ფილმზე - "სულიკო" გკითხო, გადაღებები როდის დაიწყება და რა როლი გექნება?

- გადაღებები ალბათ სექტემბრიდან დაიწყება. ვთამაშობ პერსონაჟს, რომლის მკვლელობაზეც მოქმედება ვითარდება. დანარჩენი კი ინტრიგად დავტოვოთ... ფილმში ჩემი პარტნიორი ნანკა კალატოზიშვილია. ის გარდაცვლილი ბრმა გოგონას როლს თამაშობს, ძალიან საინტერესო მელოდრამაა...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება