ავტორი:

117 600 ლარის სანქცია სტატიების მოპარვისთვის - პირველი სასამართლო პრეცედენტი საქართველოში

117 600 ლარის სანქცია სტატიების მოპარვისთვის - პირველი სასამართლო პრეცედენტი საქართველოში

სხვის ხარჯზე რეიტინგის მიღწევის მსურველ სხვადასხვა პორტალებს თუ საიტებს დღემდე „დაუსჯელობის სინდრომი“ ჰქონდათ. თუმცა წელს დაფიქსირდა პირველი სასამართლო პრეცედენტი, რომელმაც შესაძლოა, ძირეულად შეცვალოს სიტუაცია საავტორო უფლებების დაცვის კუთხით და პოტენციურ დამრღვევებს პლაგიატობის სურვილი დაუკარგოს.

მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით. „პალიტრა მედიის“ სხვადასხვა მედიასაშუალებები ორიენტირებულები არიან სანდო, ობიექტური, აქტუალური, მაღალი ხარისხის და მულტიმედიური მასალების მომზადებაზე. ეს ყველაფერი განაპირობებს მაღალ რეიტინგს და იმას, რომ „პალიტრამედიის“ სხვადასხვა პლატფორმებს თვეში 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ზოგიერთი ე.წ. ონლაინმედიასაშუალება კი "copy-paste"-ის პრინციპით პირდაპირ ითვისებს იმ მასალებს, რომლებზეც დახარჯულია არცთუ მცირე ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი. ამით განსაკუთრებით გამოირჩეოდა საიტი - baidu.ge, რომელიც „პალიტრამედიას“ შემადგენლობაში შემავალი, ქართულ ინტერნეტსივრცის ერთ-ერთი ლიდერი საიტის AMBEBI.GE-ს მასალების კოპირებას ახდენდა.

"ეს საიტი საზრდოობდა ჩვენი რედაქციის მიერ მომზადებული მასალებით. სიტყვასიტყვით ითვისებდნენ ტექსტსაც, სათაურსაც, ფოტოსაც. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ "ბაიდუს" რედაქციას, შეეწყვიტათ მასალების კოპირება და წაეშალათ უკვე მოპარული მასალები, რაც არ შესრულდა" - ამბობს AMBEBI.GE-ს მთავარი რედაქტორი ეთო ფურცხვანიძე.

შესაბამისად, 2015 წელს „პალიტრამედიამ“ საკუთარი საავტორო უფლებების დასაცავად სასამართლო დავა დაიწყო.

"საავტორო უფლებების უხეშ დარღვევას რეაგირების გარეშე არ დავტოვებდით. 2015 წელს სარჩელით მივმართეთ საქალაქო სასამართლოს კონკრეტული მოთხოვნით - აეკრძალა მოპასუხე მხარეთათვის „პალიტრამედიას“ საავტორო უფლებებით დაცული ობიექტის გამოყენება და უფლებების დარღვევის საკომპენსაციოდ მათთვის დაეკისრებინა თანხის გადახდა“, - აცხადებს „პალიტრამედიის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა სამსონია.

სასამართლო პროცესი ოთხი წლის შემდეგ, 2019 წლის დასაწყისში დასრულდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, baidu.ge-ს დამფუძნებელ შპს „ამბრელას“ კომპენსაციის სახით მოსარჩელის სასარგებლოდ 117 600 ლარის გადახდა დაეკისრა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კი - 3 458 ლარის ოდენობის ბაჟის გადახდა. მეორე მოპასუხეს (ფიზიკურ პირს, რომელზეც იყო რეგისტრირებული დომენი baidu.ge) კი, 2400 ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

„ასეთი სასამართლო პრეცედენტი უმნიშვნელოვანესია სამომავლო პრევენციისთვის. აქამდე მედიასაშუალებები არ დაობდნენ დარღვეული უფლებების დასაცავად და „მეკობრეებიც“ თავისუფლად ახდენდნენ სტატიების კოპირებას. დღეს უკვე გვაქვს პრეცედენტი, რომ დაისაჯა ის, ვინც მიისაკუთრა სხვისი ინტელექტუალური საკუთრება და მაღალი რეიტინგის მიღწევას სხვისი ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების ხარჯზე ცდილობდა.

რადგან ასეთი პრაქტიკა უკვე არსებობს, ეს სხვებისთვისაც სამაგალითო იქნება. ვფიქრობ, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან დადებითად აისახება ქართული მედიის განვითარებასა და საავტორო უფლებების დაცვაზე“, - აცხადებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის ორგანიზაცია GMI rights management-ის დამფუძნებელი ზურა ბეჟაშვილი.

საავტორო უფლებებზე მომუშავე ადვოკატი მედეა შენგელიაც აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტი დაფიქსირდა, რადგან ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონის დამრღვევებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ საავტორო უფლების მფლობელი მოერიდებოდა ხარჯების გაწევას და არ დაიწყებდა სასამართლო დავას, რაც კანონის დარღვევის კუთხით წამახალისებლად მოქმედებდა.

„საავტორო უფლებების დარღვევასთან ბრძოლის მექანიზმში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება დამრღვევისთვის, რომ მან იგრძნოს დარღვევის სიმძიმე. აქედან გამომდინარე, ეს კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური სანქციის ოდენობიდან გამომდინარეც. ასეთმა სასამართლო პრეცედენტმა უნდა გააფრთხილოს საავტორო უფლებების სხვა პოტენციური დამრღვევები“ - აცხადებს ადვოკატი მედეა შენგელია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ