ავტორი:

ქალი, რომელიც მოდის სფეროს "აზანზარებს" - ვინ არის "ყინულის დედოფალი" ანა ვინტური

ქალი, რომელიც მოდის სფეროს "აზანზარებს" - ვინ არის "ყინულის დედოფალი" ანა ვინტური

ქალი, რომელსაც მოდის სფეროში უდიდესი წონა აქვს და ცნობილ გამოცემებს არაერთხელ დაუსახელებიათ როგორც „ყველაზე გავლენიანი ქალი მოდის ინდუსტრიაში“, ბრიტანელ-ამერიკელი ანა ვინტურია. „კარე“ და შავი სათვალე მისთვის ერთგვარ „საფირმო ნიშნად“ იქცა - ვარცხნილობა მას 14 წლის ასაკის შემდეგ არ შეუცვლია.

ვინტური 1988 წლიდან ცნობილი მოდის გამოცემის Vogue რედაქტორია და ამასთან, როგორც მოდის ექსპერტები ამბობენ, მისი გავლენა მსოფლიოს წამყვან დიზაინერებზე საკმაოდ დიდია. ვინტური დაეხმარა მარკ ჯეიკობსს, მუშაობა დაეწყო ლუი ვიტონთან, ანტისემიტიზმთან დაკავშირებული ცნობილი სკანდალის შემდეგ კი ჯონ გალიანო სწორედ ვინტურის დახმარებით დაუბრუნდა მოდის სფეროს. დიზაინერებისთვის მის აზრს კოლექციებთან დაკავშირებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

უკარება და მომთხოვნი ხასიათის გამო ანას მეტსახელად „ბირთვული ვინტური“ შეარქვეს.

მისმა ყოფილმა პირადმა ასისტენტმა ლორენ ვეისბერგმა 2003 წელს ბესტსელერი რომანი „ეშმაკს აცვია პრადა“ დაწერა, მოგვიანებით წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღეს, სადაც მთავარი გმირის, მირანდა პრისლის როლს მერილ სტრიპი ასრულებს. პრისლის პროტოტიპი სწორედ ანა ვინტურია.

ანას მამა, ჩარლზ ვინტური გაზეთის Evening Standard რედაქტორი იყო და მისგან გამომცემლისთვის საჭირო ბევრი მნიშვნელოვანი რჩევა მიიღო.

ვინტური მოდით მოზარდობის პერიოდში დაინტერესდა, მოდის ჟურნალისტის კარიერა ბრიტანულ ჟურნალებში დაიწყო, 1980-იანი წლებიდან კი Vogue-ის სათავეშია.

„ტელეგრაფი“ წერს რამდენიმე საინტერესო ფაქტის შესახებ, რომელიც, შესაძლოა, ვინტურის ბევრმა თაყვანისმცემელმა არ იცის.

ვინტურს 2 ძმა - პატრიკი და ჯეიმსი და ერთი და ჰყავს, ნორა. მესამე ძმა, ჯერალდი ბავშვობის ასაკში ავტოავარიის შეეგად გარდაიცვალა. პატრიკ ვინტური გამოცემა „გარდიანში“ მუშაობს.

„ვოგის“ რედაქტორი ყოველ დილას 5 საათზე იღვიძებს, რომ სამსახურში წასვლამდე ჩოგბურთი ითამაშოს. სპორტის ეს სახეობა იმდენად უყვარს, რომ რეგულარულად ესწრება ჩოგბურთის შეჯიბრებებს.

„ყინულის დედოფალი“ წვეულებებზე მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში რჩება და ყოველ ღამე 10:15 საათზე წვება დასაძინებლად.

თუ ვინტურთან თანამშრომლობა გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძლიერ პიროვნებებს ეძებს.

„არ მომწონს ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე მეთანხმებიან. მჭირდება ხალხი, რომლებსაც შეუძლიათ კამათი, ან შეუძლიათ არ დამეთანხმონ ყველა მოსაზრებაზე, უნდა ჰქონდეთ ხედვა, რომელიც ჟურნალზეც აისახება. მამაჩემს სჯეროდა, რომ ძლიერი პიროვნებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მან არაჩვეულებრივი მწერლები მიიღო Standard-ში, ვცდილობ, მის მსგავსად მოვიქცე,“ - ამბობს ანა.

მართალია, „ბირთვულ ვინტურს“ უწოდებენ, თუმცა ამბობს, რომ შვილები მისი სისუსტეა. ყოფილი ქმრისგან, დევიდ შეფერისგან ორი შვილი ჰყავს - ჩარლზი და კეტრინი. გოგონა „დეილი მეილისთვის“ წერს, თუმცა ამბობს, რომ დედის საქმიანობას მოდის სფეროში არ გაჰყვება.

ანა დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერია. ის მონაწილეობდა ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონის წინასაარჩევნო კამპანიებისთვის თანხის მოძიებაში.

ვინტური შესაშური პუნქტუალობით გამოირჩევა. მას ხშირად ნახავთ პოდიუმთან ჯერ კიდევ ცარიელ დარბაზში, როდესაც მარტო მჯდარი ელოდება ჩვენების დაწყებას.

„ტელეგრაფთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ძალიან უყვარს ნიუ-იორკი, რადგან ეს არის ქალაქი, სადაც ხალხს მუშაობა სურს.

„მიყვარს იმიტომაც, რომ აქ მცხოვრები ყველა ადამიანი საიდანღაც არის ჩასული, არავინ განგიკითხავს აქცენტის გამო, არავინ დაინტერესდება ვინ იყო მამაშენი...“ - აღნიშნა ვინტურმა.

მისი ქონება, დაახლოებით, 35 მლნ დოლარია, წლიური შემოსავალი კი 2 მლნ დოლარს შეადგენს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს