ავტორი:

"იღბლიანები ხართ, საქართველოში ყველგან მოიწყობთ თავგადასავალს" - გაიცანით 26 წლის ამერიკელი გოგონა, რომელიც მსოფლიოში ველოსიპედით მოგზაურობს

"იღბლიანები ხართ, საქართველოში ყველგან მოიწყობთ თავგადასავალს" - გაიცანით 26 წლის ამერიკელი გოგონა, რომელიც მსოფლიოში ველოსიპედით მოგზაურობს

ეს არის ამბავი 26 წლის ამერიკელი ნიკოლ ჰეკერის (Nicole Heker) შესახებ, რომელმაც ერთი წლის წინ, ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გასწვრივ ხანგრძლივი მოგზაურობა სრულიად მარტომ, ველოსიპედით დაიწყო.

"წინასწარ მქონდა განსაზღვრული, რომ მოგზაურობა ქალთა საერთაშორისო დღეს დამეწყო. რიტუალებისა და სიმბოლოების ქალი ვარ, ასე ვთქვათ. სწორედ ამ დღეს მოგზაურობის დაწყებამ მომცა ძალა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ყველა ქალისთვის, რომ დამეძლია ჩემს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა.

ეს იყო განცხადება: დიახ, ჩვენ შეგვიძლია! ჩვენ შეგვიძლია სტერეოტიპების მსხვრევა, რომ ქალები სუსტები და რბილები ვართ. ჩვენ რა თქმა უნდა, შეგვიძლია ასეთები ვიყოთ, მაგრამ ასევე შეგვიძლია ვიყოთ ის, რაც გვსურს ვიყოთ. მე მსურს, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ველოსიპედით ვიმოგზაურო და მე ამას გავაკეთებ!" - გვითხრა ნიკოლ ჰეკერმა, რომელიც გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად, Ambebi.ge-ს ინტერვიუზე დასთანხმდა.

მისი მოგზაურობის კიდევ ერთი მიზანი ქველმოქმედებაა და მიზნად ისახავს მოიზიდოს თანხები ნეპალში, ბავშვთა საქველმოქმედო ცენტრის - Happy Kids Center-ის დასაფინანსებლად.

„როდესაც ველოსიპედით მოგზაური ორი ადამიანის ისტორია მოვისმინე, მოვიხიბლე. ვიცოდი რომ რთული იქნებოდა, მაგრამ ველოსიპედით მოგზაურობა საკუთარ თავში ყველაფერ იმას გულისხმობს, რაც მოგზაურობისას მიყვარს - ბუნება, დამოუკიდებლობა, ადგილობრივ კულტურასთან ინტერაქცია, თავისუფალი გზა და გამოწვევები", - გვეუბნება ნიკოლი.

წელს, 8 მარტს ერთი წელი შესრულდა, რაც ნიკოლ ჰეკერმა ხანგრძლივი მოგზაურობა წამოიწყო. ტაილანდი, ლაოსი, ჩინეთი, მონღოლეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, საქართველო - ეს ის ქვეყნებია, სადაც მან თავისი ველოსიპედით გაიარა, ადამიანების ისტორიები მოისმინა, ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და შეიყვარა კიდეც.

"თბილისში ვცხოვრობდი, რომელიც მართლა შემიყვარდა! ძალიან კრეატიული და ენერგიული ქალაქია. აქ ძალიან საყვარელი მეგობრებიც შევიძინე“ - ამბობს მოგზაური, რომელმაც ყველაზე მეტი დრო სწორედ ჩვენს ქვეყანაში გაატარა - საქართველოს საზღვარი ნოემბერში გადმოკვეთა და თურქეთისკენ მიმავალ გზას, სულ რამდენიმე დღის წინ, მარტის თვეში დაადგა.

როგორც, Ambebi.ge-სთან საუბარში ნიკოლი აღნიშნავს, საქართველოს შესახებ სხვა მოგზაურებისგან გაიგო, რომლებიც ამბობდნენ, რომ „საქართველო საუკეთესო ქვეყანაა რაღაც დროით დასარჩენად". საქართველოში ჩამოსული კი მიხვდა, რატომ ლაპარაკობდნენ ამდენს სხვა მოგზაურები ორ ზღვას შუა მოქცეულ პატარა ქვეყანაზე.

"ეს განპირობებულია ბუნებით, რომელიც გაქვთ, ადამიანებით, საკვებითა და რა თქმა უნდა, ღვინითა და ჭაჭით! გადაწყვეტილება ნამდვილად მარტივად მივიღე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყანაში ზამთარი გავატარე", - გვეუბნება ნიკოლი.

თბილისი, თელავი, გუდაური, ყაზბეგი, მცხეთა, ხაშური, სურამი, ხარაგაული, ზესტაფონი, სამტრედია, ლანჩხუთი, გრიგოლეთი, შეკვეთილი და ბათუმი - ეს ის ადგილებია, რომელთა ნახვა მოგზაურმა საქართველოში მოასწრო. ახლა თურქეთში მიდის და კიდევ 22 ქვეყანას გაივლის, სანამ ესპანეთის ქალაქ სევილიამდე ჩააღწევს და მოგზაურობას დაასრულებს.

კითხვაზე თუ რა იყო მიზეზი, რომ მოგზაურობა მარტომ დაიწყო, ნიკოლი გვპასუხობს:

"ვცდილობ დავივიწყო ყველაფერი ის, რაც რეალობაში მაბრუნებს, მაგალითად მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ქალები მარტო არ უნდა მოგზაურობდნენ, ან რომ ისინი ფიზიკურად ისეთივე აქტიურები არ შეიძლება იყვნენ, როგორებიც მამაკაცები“, - იფიქრა და დაამტკიცა კიდეც...

მოგზაურს, რომელიც გრძელ და რთულ გზას ანგარიშზე არსებული 3 500 დოლარით დაადგა, ფული სწორედ საქართველოში გაუთავდა და ფიქრობდა, რომ უკვე დრო იყო მოგზაურობა დაესრულებინა, თუმცა აქ სამსახური იშოვა, ფული შეაგროვა და გზის გაგრძელება შეძლო.

საქართველოში ყველაფერი ასე მარტივადაც არ ყოფილა... აქ ცხოვრებისას ნიკოლს უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა - საყვარელი ველოსიპედი მოპარეს, თუმცა ამბობს, რომ პატრულის მუშაობით გაოგნებულია, რადგან მათ ძალიან სწრაფად მოახერხეს ველოსიპედის პოვნა და დაბრუნება.

"მარტო მოგზაურობისას ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის მამაკაცები არიან. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში ვარ. როდესაც გზის ნაპირას მყოფ მამაკაცთა ჯგუფს ვხედავ, ნერვიულობა მეწყება. ზოგიერთი მათგანი კოცნას მიგზავნის, ზოგიერთი მისტვენს, ზოგი მეუბნება „პატარა, მოდი აქ!“. ნაწილი ფიქრობს, რომ სუსტი ვარ ან რომ ადვილად მისაწვდომი ვარ, რადგან ვარ უცხოელი და თანაც მარტო. როგორც წესი, ჩემი ერთი დაყვირება აჩუმებს მათ“, - გვიმხელს გამოცდილი მოგზაური საკუთარ შიშებს.

ნიკოლ ჰეკერს რამდენიმე რჩევა იმ ადამიანებისთვისაც აღმოაჩნდა, ვინც ყოველდღიურ სამუშაო რუტინაში ისეა ჩართული, რომ შეიძლება საკუთარი ქვეყნის სილამაზის აღქმასაც ვერ ასწრებს. ამბობს, რომ მსგავსი მოგზაურობა ძვირი არ ჯდება, რადგან მისი ტრანსპორტი და ის ფაქტი, რომ ძირითადად კარავში ცხოვრობს, დიდ ხარჯებს არ საჭიროებს.

"დიდ სათავგადასავლო მოგზაურობაში წასვლა არ გჭირდება იმისთვის, რომ თავი თავისუფლად იგრძნო ან რელაქსაცია შეძლო. ყოველდღე სამსახურის შემდეგ, ყოველი დღე სამსახურამდე და დასვენების დღეებში, ფართო არჩევანი გაქვთ თუ როგორ გაატაროთ თავისუფალი დრო.

შეგიძლიათ, წახვიდეთ სალაშქროდ თბილისის ირგვლივ მშვენიერ მთებში, დაჯდეთ ველოსიპედზე და წახვიდეთ ბათუმში... წახვიდეთ გუდაურში სათხილამუროდ ან კახეთში მოაწყოთ ბანაკი... საქართველოში მართლაც იღბლიანები ხართ, რადგან ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა ჩახვიდეთ, შესანიშნავი თავგადასავალის მოწყობა შეგიძლიათ!" - გვეუბნება 26 წლის გოგონა, რომელმაც დაამტკიცა, რომ „ქალებს ეს შეუძლიათ!“

ფოტო: Jeremy John;

ნახეთ მეტი ფოტო მოგზაურის ფბ-გვერდზე: Unlearning By Bike

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ