ავტორი:

''თბილისის ანძა რომ სჯობია ეიფელს'' და ''სუხუმი'' - 2000-იანების ორი ყველაზე პოპულარული სიმღერის ისტორია და "სეფას ბიჭები" დღეს

''თბილისის ანძა რომ სჯობია ეიფელს'' და ''სუხუმი'' - 2000-იანების ორი ყველაზე პოპულარული სიმღერის ისტორია და "სეფას ბიჭები" დღეს

ჯგუფს, რომლებიც წლების წინ "სეფას ბიჭების" სახელით გაგვეცნო, რა არ უმღერია, მაგრამ მათგან ხალხს ყველაზე მეტად ორი სიმღერა დაამახსოვრდა - "თბილისის ანძა რომ სჯობია ეიფელს" და "სუხუმი", რომლებიც 2000-იანების დასაწყისის პოპნამუშევრებიდან ერთ-ერთ პოპულარულ სიმღერებად მიიჩნევა. „თბილისის ანძა“ დღემდე იუმორისტული შოუების თემაა. საინტერესოა, როგორ და ვინ შექმნა ეს სიმღერები, რა იყო მათი პოპულარობის მიზეზი და სად არიან დღეს „სეფას ბიჭები“, ამაზე ჯგუფის ერთ-ერთი წევრი - ჯუბა მარუაშვილი გვესაუბრება, რომელიც ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაციებთან აგრარული მიმართულებით მუშაობს.

„ამ ორი სიმღერის ისტორია, რაც ახსენეთ, ჩვენთვის პატივსაცემ ადამიანებს - კოტე და ირმა მალანიებს უკავშირდება, რომლებთანაც გარკვეული პერიოდი ვთანამშრომლობდით და სწორედ მაშინ დავიწყეთ ჩვენთვის სრულიად ახალი და განსხვავებული მიმართულებით მუშაობა. უპირველესად მაინც „სოხუმს“ გამოვყოფდი, როგორც ჩვენთვის ალბათ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სინგლს, სიმღერას, რომელმაც აბსოლუტურად მოულოდნელი წარმატება მოგვიტანა და რაც მთავარია, შეასრულა ძალიან საინტერესო როლი ქართულ-აფხაზური სახალხო დიპლომატიის მიმართულებით. მოგვიანებით, თავად მიწევდა აფხაზ ახალგაზრდებთან ერთად მუშაობა და ვერ წარმოიდგენთ, ისინი ამ სიმღერის გამო რამხელა აღტაცებას და სითბოს გამოხატავდნენ.

რაც შეეხება "თბილისის ანძას" და მისი განვითარების კონცეფციას, ხომ ხედავთ, ჯერ კიდევ როდის ვთქვით, რომ თბილისის ანძა ჯობია ეიფელს და ეს ფრაზა მართლაც რომ შემორჩა. მუსიკა და ტექსტი კოტე მალანიას ეკუთვნის. იმ პერიოდში პრაქტიკულად სპონტანურად მომზადდა ეს სიმღერა და ამ ყველაფერს ნახევრად იუმორით მივუდექით, თუმცა მახსოვს, 2005 წელს ერთ-ერთმა რადიომ „ყველაზე მოსმენად“ სიმღერად დაასახელა. ისტორიაც ძალიან საინტერესო ჰქონდა, - ის უკავშირდებოდა ერთ-ერთ ფრანგ გოგონას, რომელმაც თბილისში იმოგზაურა, თბილისზე გარკვეული ჩანაწერები გააკეთა. შემდეგ კი ამ ამბავს სიმღერა დავუკავშირეთ და გამოვიდა, რომ ეს სიმღერა იმ გოგონას მიეძღვნა (თუ ვინ არის, მის სახელს, მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი).

ერთხელ მახსოვს, სამაგისტრო თემის დაცვისას, ლექტორმა დასკვნით სიტყვაში თქვა, - გარდა ამ მთავარი საკითხისა, ამ სტუდენტს და მის მეგობრებს, თბილისის ანძის განვითარების ძალიან საინტერესო კონცეფცია აქვთ და შეგიძლიათ, კითხვები ამ მიმართულებითაც დაუსვათო...

ბევრი მეგობარი ამ სიმღერას დღესაც სხვადასხვა ინტერპრეტაციას უკეთებს და მასზე ბევრსაც ხუმრობენ“.

თავად ჯგუფს "სეფას ბიჭები" (წევრები - გიორგი ლავრელაშვილი, გიორგი შენგელია და ჯუბა მარუაშვილი) არსებობის არცთუ ხანმოკლე ისტორია აქვს. როგორც ჯუბა ამბობს, მათი მუსიკალური და პიროვნული განვითარება დაკავშირებულია ადამიანთან, რომელმაც შექმნა 50-იანი 60-იანი წლების ქალაქური მუსიკის, ქართული ბლუზის, ჯაზის ისტორია. „ეს იყო ადამიანი, რომელსაც თბილისმა „ქართული ესტრადის სინდისი და ნამუსი შეარქვა“ და ეს კაცი ედუარდ სეფაშვილი გახლდათ (მერაბ სეფაშვილის მამა - ავტ.). სწორედ მის გვარს დაუკავშირდა ჩვენი ჯგუფის სახელწოდებაც „სეფას ბიჭები“. ეს სახელი შემთხვევით, 1998 წელს ფილარმონიაში ერთ-ერთ საღამოზე გამოსვლის წინ დაგვარქვეს. მას შემდეგ ჩვენთვის „სეფასბიჭობა“ მარტო მუსიკასთან არ არის დაკავშირებული, ის გარკვეულწილად, სტატუსია ჩვენთვის.

ეს არ იყო კომერციული მიზნით შექმნილი ჯგუფი, ან როგორც ხშირად ხდება, ე.წ. „პროექტი“. ჯგუფის წევრებმა: გიორგი ლავრელაშვილმა (ბაბუ), გიორგი შენგელიამ და მე, ერთად დავამთავრეთ კლასიკური გიტარის 5-წლიანი სკოლა. შემდეგ გაჩნდა იდეა - ჩვენი მუსიკალური ერთობა რაიმე ფორმით გაგრძელებულიყო. სწორედ იმ დროს, როცა ჯერ კიდევ 13-14 წლისები ვიყავით, ედუარდ სეფაშვილთან მივედით, რომელმაც მიგვიღო. მიზნად დავისახეთ, შეგვესწავლა გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ის ქალაქური და კლასიკური მუსიკა, რომელსაც არცთუ ბევრი შემსრულებელი და მსმენელი ჰყავდა. ადვილი არ იყო 13-14 წლის თინეიჯერებისგან ქალაქური მუსიკის, ქართული ჯაზის და ბლუზის მიმდინარეობების დაკვრა, მღერა, თუმცა ადვილად შევითვისეთ და გარკვეულწილად სხვებისგან გამოვირჩეოდით კიდეც“, - გვიყვება ჯუბა მარუაშვილი.

თავიდან სამნი იყვნენ, მერე მეოთხე წევრიც დაუმატებიათ, ირაკლი ალფაიძე და ირაკლისთან ერთად გატარებულ პერიოდს ყოველთვის პოზიტიურად იხსენებენ. „სეფას ბიჭებზე“ წარსულში ვერ ვისაუბრებთ. რეალურად ის ახლაც არსებობს, რადგან ვიკრიბებით, ერთმანეთს იდეებს ვუზიარებთ და რაც მთავარია, ერთად ვუკრავთ. ასე რომ, მიუხედავად ჩვენი აქტიური სასცენო ცხოვრებიდან გასვლისა, არ გაგიკვირდეთ, თუ ერთ დღეს ჩვენს საღამოზე აღმოჩნდებით, სადმე, ვიწრო წრეში“.

- ანუ ჯგუფი არ დაშლილა და ის არსებობას განაგრძობს?

- რას ნიშნავს ჯგუფის დაშლა? ჩემი აზრით, დაშლა ის პროცესია, როცა ჯგუფის წევრების შეხედულებები, მუსიკალური გემოვნება, ხედვა და პრინციპები ერთმანეთს შორდება და ჭირს ერთად საქმის გაკეთება, რაც ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. რა თქმა უნდა, მუსიკა ჩვენთვის პროფესია არ არის, თუმცა, ის, როგორც ყოველღიურობის ნაწილი და შემადგენელი, ვერასდროს დაიკარგება.

- თუმცა აქტიურ სასცენო ცხოვრებას არ მისდევთ...

- არა და ალბათ, უკვე ათ წელზე მეტია. მიუხედავად წარსულში მუსიკალური ცხოვრებისა, სამივე აქტიურად ვმუშაობდით ჩვენი პროფესიული განვითარებისთვის. ეს ჩვენთვის გამოწვევაც იყო, როდესაც სწავლობ, აკადემიურად ვითარდები და ამავე დროს, მუსიკას ქმნი, თითქოს ორი სხვადასხვა სამყაროა, თუმცა პარალელურად აბსოლუტურად თავსებადი.

მოკლედ, დღეს მე, გიო და გიოც ჩვენი პროფესიებით ვმუშაობთ. ბიჭები ეკონომისტები არიან და თავიანთი მიმართულებით საქმიანობენ. მე 10 წელზე მეტია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში რეგიონული, სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ვსაქმიანობ.

- მუსიკიდან სხვა სფეროში როგორ აღმოჩნდით?

- ვფიქრობ, ადამიანისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს - აკეთებდე საქმეს, რაც გიყვარს შენს თანამოაზრეებთან ერთად და ამავე დროს გქონდეს ჰობი, მეორე სამყარო, სადაც ნებისმიერ დროს შეძლებ განიტვირთო და იქაც მეგობრებთან ერთად.

წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაც სწორედ ეს არის. ჩემს შემთხვევაში, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ წლებია, ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ჩემია და ძალიან მიყვარს. ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების განხორციელება საქართველოში და მცირედი წვლილის შეტანა სოფლად მცხოვრები ჩემი თანამოქალაქეებისათვის ცხოვრების გაუმჯობესების საქმეში. სოფლის განვითარების მიმართულებით მუშაობას ახლაც ვაგრძელებ და მიმაჩნია, რომ ის შესაძლებლობები, რაც დღეს საქართველოს ეძლევა ევროკავშირის მხარდაჭერით, არც ერთ ეტაპზე არ გვქონია. ამიტომ, მეც აქტიურად ვარ ჩართული ამ კუთხით და ჯერჯერობით, ხანდახან მაინც ვახერხებ პორტირებას დატვირთული ცხოვრების სტილიდან მუსიკალურ სივრცეში და მიხარია, რომ ეს შემიძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, რთულია, ორი სფერო ერთმანეთს დაუკავშირო, ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელია არსებობა რომელიმეს გარეშე, პირიქით, მუსიკა მეხმარება, მქონდეს უფრო მაღალი მოტივაცია, უკეთესად დავგეგმო დღე, კვირა, თვე და ვიყო მობილიზებული. ვფიქრობ, რომ კარგ მენეჯერს დაუღალავ შრომასთან ერთად, ქმნის მისი შინაგანი სამყარო და ხასიათი და თუ წარმატებული შეიძლება ეწოდოს ჩემს საქმიანობას, ამ ყველაფერში შრომასთან ერთად, ის ხასიათიც მეხმარება, რომელიც მუსიკამ ჩამომიყალიბა. ასე რომ, ერთი მეორეს ხელს არ უშლის, პირიქით!

სწორედ ასე ვართ ბიჭები, "სეფას ბიჭები" ერთმანეთისგან განსხვავებულ პროფესიულ სფეროებში, მაგრამ ერთად მუსიკაში.

სხვათა შორის, 7 აპრილს, "სეფას ბიჭებს" 21 წელი გვისრულდება...

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს