ავტორი:

"დაგვაბრუნონ ფილარმონიაში" - რა ხდება თბილისის საკონცერტო დარბაზის ირგვლივ და რას ითხოვს ნიკოლოზ რაჭველი?

"დაგვაბრუნონ ფილარმონიაში" - რა ხდება თბილისის საკონცერტო დარბაზის ირგვლივ და რას ითხოვს ნიკოლოზ რაჭველი?

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი თბილისის საკონცერტო დარბაზში დაბრუნების თხოვნით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, კულტურის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას მიმართავს.

აღნიშნული მოთხოვნით, ორკესტრმა უწყებებს მას შემდეგ მიმართა, რაც ცნობილი გახდა რომ, კომპანია „ინთერნეიშენალ ივენთსს“, რომელსაც ფილარმონიის მართვის უფლება აქვს, სახელმწიფოს წინაშე დიდი ოდენობით ვალი დაუგროვდა, რამაც ხელშეკრულების გაწყვეტა გამოიწვია.

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი/ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით შპს „ინთერნეიშენალ ივენთსს“ 2007 წელს გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3,115,146 ლარის და $177,102 დოლარის დავალიანება ერიცხება. 2019 წლის 18 იანვარს ფილარმონიის მმართველმა კომპანიამ ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას წერილით მიმართა, რომელშიც დავალიანების 9 წელზე გადანაწილებას ითხოვს.

რაც შეეხება ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მოთხოვნას, მისი ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი ამბობს, რომ ორკესტრი იმსახურებს, მუდმივი სარეპეტიციო ადგილი ჰქონდეს, სადაც შეძლებს საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტების ჩატარებას.

„ეს ორკესტრი, რომელსაც 100 წლის ტრადიცია აქვს და ყველა დროში იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენი კულტურისათვის, იმსახურებს, რომ ჰქონდეს დარბაზი. ეს არის მრავალი წლის პრობლემა და ტკივილი.

რატომ ფილარმონია? - სახელწიფოებრივი მნიშვნელობის სიმფონიური კოლექტივი, ფილარმონიული დარბაზის კოლექტივი ფილარმონიული დარბაზის რეზიდენტია. მსოფლიოში ჩვენი ორკესტრი მოხსენიებულია, როგორც საქართველოს ფილარმონიული ორკესტრი. თვითონ ეს სიტყვაც დარბაზისა და სიმფონიური ორკესტრის შესაბამისი სიტყვაა.

მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ ამჟამინდელ მმართველ ჯგუფს შეუწყდა ხელშეკრულება, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ განაახლოს ფილარმონიის ბედი, ჩვენ სამართლიანად მივმართეთ მათ და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, რათა ჩვენ დაგვაბრუნონ ფილარმონიაში, დარბაზში, რომელიც ჩვენი ორკესტრისთვის აშენდა,” - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული/ფილარმონიული ორკესტრის წერილში, რომელიც მათ შესაბამის უწყებებს გადაუგზავნეს, განმარტებულია ის მიზეზები, რის გამოც ორკესტრი ფილარმონიაში დაბრუნებას მოითხოვს.

მათი ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს წინაშე 8 წლის მანძილზე დაგროვილი დავალიანებისა და დარღვევების გამო, საქართველოს ქონების მართვის სააგენტომ თბილისის საკონცერტო დარბაზის ამჟამინდელ მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. არსებული ინფორმაციით, 2019 წლის 4 იანვარს, სახელმწიფოსა და „ინთერნეიშენალ ივენთს“ შორის ხელშეკრულება შეწყდა და დადგა საკითხი თუ ვის და რა სტრატეგიით სამართავად უნდა გადაეცეს ფილარმონიის შენობა.

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წერილში ნათქვამია, რომ უსახლკარობის გამო, ყოველი კონცერტის გასამართად უწევთ დაფინანსების მოძიება დარბაზისა და სათანადო ტექნიკური მოწყობილობების დასაქირავებლად - რისი ღირებულებაც საშუალოდ 25 000 ლარს შეადგენს.

"ჩვენ მზად ვართ საჯაროდ და გამჭვირვალედ წარმოვადგინოთ ფილარმონიის სამომავლო განვითარების პროფესიული ხედვა. მოგეხსენებათ, მსოფლიოს არცერთი ქალაქის ფილარმონიული დარბაზი არ ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სიმფონიური ორკესტრის გარეშე. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი თანამედროვე საკონცერტო დარბაზების მართვის პრინციპები, რაც ყველა ქვეყანაში ხელს უწყობს ტურიზმისა და საერთო კულტურული დონის მნიშვნელოვან განვითარებას, რაც ქვეყნის სახეს წარმოადგენს.

ეროვნულ ორკესტრში მუსიკოსების სამი თაობა მოღვაწეობს. ყველაზე ღვაწლმოსილი 71 წლის გახლავთ, ხოლო გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდები 15-16 წლის ასაკიდან იწყებენ ჩვენთან თანამშრომლობას. აგრეთვე, არაერთი წარმატებული ახალგაზრდა მუსიკოსი დავაბრუნეთ უცხოეთიდან და დავარწმუნეთ, რომ ჩვენს ქვეყანას დღეს მათი გვერდში დგომა სჭირდება.

შენობის არქონის მიუხედავად, ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელის - ნიკოლოზ რაჭველის შემოქმედებითი ძალისხმევით, წელიწადში 60-ზე მეტ კონცერტს ვმართავთ, ღირსეულად ვმასპინძლობთ სხვადასხვა ჟანრის აღიარებულ საერთაშორისო არტისტებს, ასევე გამოვდივართ მსოფლიოს უმაღლესი რანგის ფილარმონიულ სცენებზე.

ჩვენ ვშრომობთ ჩვენი ქვეყნისა და მსმენელისთვის და არ გვინდა მრავალწლიანი შეუსრულებელი დაპირებების შემდეგ კიდევ ერთხელ გაგვიცრუვდეს იმედი, არ გვინდა კიდევ ერთხელ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ჩვენთვის საკონცერტო სივრცით უზრუნველყოფის საკითხი - მით უფრო ამ ბოლო პერიოდში, როდესაც საქართველოს მთავრობისგან ვიგრძენით ყურადღება, რაც პირველ რიგში ინსტრუმენტების განახლებისთვის საჭირო დაფინანსების გამოყოფით გამოიხატა, რისთვისაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გულწრფელ მადლობას ვუხდით.

ვინაიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ეროვნული ორკესტრის მხარდასაჭერად - მოგმართავთ თხოვნით, დაჩქარებული წესით განიხილოთ ჩვენი წინადადება, რათა შევძლოთ ჩვენი მთავარი მისიის შესრულება და ერთგული მსმენელისთვის მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამების შეთავაზება.

გთხოვთ, დაუბრუნოთ ასწლოვანი ისტორიის მქონე კოლექტივს თბილისის ფილარმონია, რომელიც 1969 წელს ჩვენი იმჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის, ალექსი მაჭავარიანის ძალისხმევით, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისთვის აშენდა“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ორკესტრმა პრემიერის, განათლების მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის აპარატს გაუგზავნა.

აღნიშნულის პასუხად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთთან“ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუმარტეს, 2019 წლის 4 იანვარს გაგზავნილი წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „ინტერნეიშენალ ივენთი“ გააფრთხილა, ხელშეკრულების ცალმხრივად შესაძლო შეწყვეტის შესახებ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება შეწყდა.

„ამ ეტაპზე სააგენტოში მიმდინარეობს შპს “ინტერნეიშენალ ივენთს“-ის მიერ სააგენტოში წერილობით წარმოდგენილი იმ მიზეზების ობიექტურობის შეფასების პროცესი, რის გამოც კომპანიას შეექმნა პრობლემები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, რის შემდგომაც სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს სააგენტომ შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, არ შეესაბამება სიმართლეს. ხსენებული წერილით მოხდა შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ ინფორმირება-გაფრთხილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“ შორის, შპს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100 %-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე, 2007 წლის 27 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას, აღნიშნულის თაობაზე სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს,“- განმარტავენ სააგენტოში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ