ავტორი:

"გიო ხუციშვილზე უზომოდ დარდობდა... წელიც არ გასულა და ერეკლეც გაჰყვა" - რა წინათგრძნობა ჰქონდა ერეკლე ბადურაშვილს გარდაცვალებამდე

"გიო ხუციშვილზე უზომოდ დარდობდა... წელიც არ გასულა და ერეკლეც გაჰყვა" - რა წინათგრძნობა ჰქონდა ერეკლე ბადურაშვილს გარდაცვალებამდე

რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში მოულოდნელად, თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. ბადურაშვილი ბოლო პერიოდში მუშაობდა ფილმზე „ხიდი,“ რომელიც ქართულ-თურქული კოპროდუქციაა.

ერეკლე ბადურაშვილს AMBEBI.GE-სთან საუბარში ახლობლები ასე იხსენებენ:

ხათუნა ხუნდაძე, "ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე:

"მთელი მისი გატაცება ეს ფილმი იყო, რომელზეც მუშაობდა! აკვიატებული ჰქონდა - ეს ჩემი ბოლო ფილმიაო... ვეუბნებოდი, სად მიდიხარ-მეთქი? - იუმორში გადამქონდა. კაცმა არ იცის, როგორ ვიცხოვრებთ, რა მოხდება და ზუსტად ვიცი, ეს ჩემი ბოლო ფილმიაო. მოკლედ, ბოლო კი არა, ვერც დაასრულა...

5 აპრილს თურქეთიდან უნდა ჩამოსულიყვნენ, გადაღებები უნდა გაგრძელებულიყო. ერეკლეს პავილიონი დაჯავშნილი ჰქონდა, რამდენიმე სასტუმრო, სადაც გადაღებები 12 აპრილის ჩათვლით იქნებოდა. მანამდე, იანვრის ბოლოს, თურქეთში იყვნენ... იქ გაცივდა, ზღვის პირას იღებდნენ, საშინელი ტენიანი გარემო იყო... ვკანკალებდი, ისე მციოდაო, მიყვებოდა. 40 გრადუსამდე ჰქონდა სიცხე, ბოლო დღეს, ბანკეტისთვის ისე ცუდად გახდა, საწოლიდან ვერ ადგა, გემზე იყო საღამო და ფაქტობრივად, მის სახლთან მიუყენებიათ გემი და სიცხიანი მაინც წაიყვანეს...

ეტყობა, იმ გაციებამ ძალიან დაასუსტა, აქ ვირუსიც შეეყარა და ბოლო დროს სისუსტესაც უჩიოდა. როგორც ჩანს, ამან თირკმლის პროვოცირება გამოიწვია.

გასულ სამშაბათს მანქანით სახლში მომიყვანა. გზაში ლალიმ (ლალი ბადურაშვილი - დედა) დაურეკა და ტელეფონი რომ გათიშა, მითხრა, - ლალის რომ რამე დაემართოს, ვერ გადავიტანო. წარმოუდგენელი დედაშვილობა ჰქონდათ - ძმაკაც-დაქალური...

მანქანიდან რომ გადმოვედი, მითხრა, - ყველამ ხელი უნდა შემიწყოთ, რომ ფილმი დავასრულოო... პატარა ბიუჯეტი ჰქონდა და მართლა როგორ შეძლო საერთოდ იმ ბიუჯეტით რამის გაკეთება?! ყველანი მხარში გიდგავართ, ხომ იცი და 13 აპრილს ფილმი უკვე გადაღებული გექნება-მეთქი.

- ბევრი აკლია ფილმის დასრულებას?

- ერთი კვირის სამუშაოა მხოლოდ დარჩენილი, თბილისის კადრებია გადასაღები. ბათუმის, ძველი პერიოდის და თურქეთის კადრები გადაღებულია. ფაქტობრივად, საათი და 40 წუთი მზად არის. ქართულ-თურქული ამბავია - ქართველი არქიტექტორის ცხოვრება, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში თურქეთში გაიქცა. იქ სხვა ცოლი შეირთო, იმიტომ, რომ უკან ვერ ბრუნდებოდა, არ შეიძლებოდა. დაბრუნება კი უკვე თანამედროვე ეპოქაში შეძლო და აქაურ ცოლ-შვილთან ჩამოვიდა... ძალიან სევდიანი ამბავია. ფილმს ჰქვია „ხიდი“, რადგანაც არქიტექტორი ხიდების მშენებელია.

- ასე ძალიან უნდოდა ამ ფილმის დასრულება, ცხადია, თხოვნას აუსრულებთ და ერეკლე ბადურაშვილის "ხიდს" მაყურებელი იხილავს...

- გუშინ ტირილით გიორგი თავართქილაძეს დავურეკე. ამ ფილმის პროდიუსერია, თან ერეკლეს ნათესავი, ამასთან, წარმატებული რეჟისორიც, ახლახან მისმა ფილმმა „ცუდი ხალხი“ ბევრი პრიზი მიიღო. ვუთხარი - შენ უნდა დაამთავრო ფილმი ღირსეულად-მეთქი... დაუჯერებელია, ამას ახლა რომ გეუბნებით...

ერეკლეს სასაუბრო თემა მხოლოდ ეს ფილმი იყო. სულ ვამშვიდებდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი... მიამიტი კაცი იყო, ბავშვურად კეთილი, დიახ, უაღრესად კეთილი, სულით ხორცამდე რეჟისორი. მთლიანად ამ სამყაროთი იყო მოცული, უზომოდ შეყვარებული თავის საქმეზე და განსაკუთრებით, ამ ფილმზე... თბილი იყო ყველასთან, ცხოვრობდა მეგობრებით, თურქეთშიც ყველას დაუძმაკაცდა და მისი გარდაცვალება მათთვის აბსოლუტური შოკი იყო.

უცნაურია, ამ ფილმში ექსცენტრიკული მხატვრის როლში ერეკლეს უნდოდა, ლიკა ქავჟარაძეს ეთამაშა, მისთვის სცენარიც მიტანილი ჰქონდა. ლიკა რომ გარდაიცვალა, თავთან ედო ერეკლეს მიტანილი სცენარი. ორი დღით ადრე იყო მასთან მისული... მასაც ვერ დასცალდა...

ფილმის გარდა კიდევ რაზეც ხშირად საუბრობდა, ეს იყო გიო ხუციშვილი, უზომოდ დარდობდა მის გარდაცვალებას. სახე უნათდებოდა, მასზე როცა ლაპარაკობდა, გიო კი წელიწადიც არ არის, რაც წავიდა და ერეკლეც გაჰყვა... ასევე მის გარდაცვლილ დეიდაშვილზე, ზაზა შერაზადიშვილზე, იგივე პაპუასაზე, რომელიც 2 წლის წინ გარდაიცვალა.

ზუკა ხუციშვილი, მომღერალი:

- გიოსა და ერეკლეს შორის განსაკუთრებული მეგობრობა იყო. როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, ეს მეგობრობა წარსულს ჩაჰბარდა. მეგობრობა, რომელიც ბაბუაჩვენების მეგობრობიდან, ბავშვობიდან, სიმღერით, ხელოვნებით, ომის პერიოდიდან, თბილისიდან მოდიოდა... ერთად ძალიან ბევრი რამ გამოიარეს...

მამაჩემის გარდაცვალების მერე ერეკლე ძალიან ცუდად იყო... მახსოვს, ჯერ კიდევ პანაშვიდის პირველ ღამეს, ითახში, სადაც მამაჩემი იყო დასვენებული, ღამე გამოვედი და კუთხეში, სიბნელეში ერეკლე შევნიშნე, თავისთვის იჯდა, არც ვიცოდი, თუ იქ იყო. მითხრა, - შენ არ ინერვიულო, ჩემს ძმას არ დავტოვებო... იმის მერე, ხომ ვამბობ, სულ დასევდიანებული ჩანდა, ჩემთვისაც კი უცნაური იყო ეს, გიოს გარდაცვალებით მიღებული შოკისგან ვერ გამოვიდა.

ერთი თვის წინ მამაჩემის დაბადების დღე იყო, როგორც შეგვეძლო, ისე აღვნიშნეთ. ახლობლებისთვის სუფრა გავაკეთეთ, რამდენჯერმე თქვა - მეც მალე წავალო... ეს მისგან ყველამ ისე მიიღო, რომ მეგობარი ენატრებოდა...

მის ცხოვრებაში მართლაც რა არ ყოფილა, ათასი სირთულე, პრობლემები, უიღბლო მომენტები... უნიჭიერესი კაცი იყო, კარგი რეჟისორი და ლამაზი კაცი, თავისი ადამიანობით, მსგავსი არ შემხვედრია.

ახლა ჩვენთვისაც ძალიან რთული პერიოდია... ძალიან უცნაურად და ცუდად აეწყო ყველაფერი, არ ვიცი, რას დავაბრალო - გარემოს, ჰაერის დაბინძურებას, ექიმებს, საკვებს, პროდუქტს, რაც შემოდის ქვეყანაში, არ ვიცი, გამოსავალი სად არის?! ბევრი ახალგაზრდა მიდის. ისინი იმ ასაკში არ არიან, ცხოვრება ასე ადრე დაამთავრონ. 57 წელი სიკვდილისთვის ძალიან ადრეა. ასე არ უნდა მიდიოდნენ. როცა შეიძლება, რომ სხვანაირად იყოს ყველაფერი...

ნოე სუაბერიძე, პროდიუსერი, ნინი ბადურაშვილის მეგობარი:

- ერეკლე ბადურაშვილი, პირველ რიგში, უმაგრესი მამა იყო, რომელიც გიჟდებოდა თავის შვილზე და შვილიშვილზე. ძალიან ყურადღებიანი, თბილი ადამიანი გახლდათ. ამას გრძნობდა ნინის ყველა მეგობარი. ის აუცილებლად დააკლდება ქალაქს და ქვეყანას თავისი შარმით, კოლორიტით, ნიჭით.

ფილმზე მუშაობდა და სამწუხაროა, რომ ვერ მოასწრო, დაესრულებინა. ამ ფილმში ნინი თამაშობდა მთავარ როლს. თურქეთშიც მიმდინარეობდა გადაღებები... მართლა დაუჯერებელი რამ მოხდა, ჯანით სავსე ადამიანი წავიდა, ასე არ უნდა დამართნოდა. კარგად ვიცნობდი, რაღაც ერთად დავგეგმეთ კიდეც, ვილაპარაკეთ. ძალიან ვწუხვარ, დაუჯერებელია...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ