"ბიბლუსი გალერეაში" სალონური საუბრების საღამოზე ტრენერი დავით ჩიკვაიძე იმყოფებოდა. მან "პალიტრა მედია ჰოლდინგის" პერსონალის განვითარების სისტემის ფარგლებში ნეთვორქინგის შესახებ ისაუბრა.
კომპანიაში პერსონალის განვითარების განსხვავებული სისტემა 2018 წელს დაინერგა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა პერსონალური განვითარების ბარათი, იგივე PD card, რომლის მფლობელსაც სხვადასხვა ტრენინგში, საჯარო ლექციებსა და მასტერკლასებში მონაწილეობის საშუალება უფასოდ ეძლევა, თითოეულ აქტივობაზე მინიჭებული ქულა კი ჯამდება და თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ სასურველი ლიტერატურა ან რაიმე საჩუქარი.
პერსონალის განვითარების სისტემის ფარგლებში ჩიკვაიძემ "ბიბლუსში" ნეთვორქინგზე, ანუ კონტაქტების წრის გაფართოებაზე "პალიტრა მედია ჰოლდინგის" თანამშრომლებთან ისაუბრა. ჩიკვაიძემ Ambebi.ge-ს განუცხადა, რომ შეხვედრა ნეთვორქინგის სწორად დანახვის თემას მიეძღვნა.
დავით ჩიკვაიძე, ტრენერი და ბლოგერი:
- დღევანდელი გამოსვლის თემატიკა კონკრეტულად სანაცნობო ქსელი, ანუ ნეთვორქინგი იყო, რაც ბიზნესში ძალიან აქტუალური თემაა. „პალიტრა მედიის“ ამ ახალი წამოწყების, პერსონალური განვითარების ბარათის ფარგლებში ვისაუბრეთ, რადგან ამ ძალიან საინტერესო და ინოვაციური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარი ვარ. ვისაუბრეთ ნეთვორქინგზე, კონკრეტულად კავშირებზე და იმაზე, თუ როგორ ხდება ადამიანებს შორის მათი დამყარება და საერთოდ, რა არის სანაცნობო ქსელი. ეს ფორმატი ძალიან კარგი და საინტერესოა, რადგან მოკლედ, 40-50 წუთში შეგიძლია გადასცე ის ძირითადი გზავნილები, რასაც შეიძლება, ტრენინგის შემთხვევაში ბევრად უფრო დიდი დრო დასჭირდეს.
- და მაინც, ნეთვორქინგი საქართველოში ახალი ცნებაა. როგორ ფიქრობთ, ის უკვე ატაცებულია კომპანიებსა და საერთოდ, საზოგადოებაში?
- მე მგონი, სანაცნობო ქსელი ქართველების მოგონილია და ახალი კი არა, პირიქით, ძველისძველია (იცინის). საკმაოდ კომუნიკაბელური ხალხი ვართ, მაგრამ მეორეს მხრივ, ამ შეხვედრაზე ხაზი უფრო იმას გავუსვით, თუ როგორ ლაგდება ეს ყველაფერი ისე, რომ იყოს არა გამოყენებასა და წაგლეჯვაზე, არამედ პირიქით, სამართლიანობასა და იმაზე დაფუძნებული, თუ რა შეგიძლია, ნეთვორქინგში გაიღო. ბევრი ნეთვორქინგს ეჭვის თვალით უყურებს, თითქოს, ადამიანი სხვას რაღაცას უნდა გამორჩეს და ამიტომ, ცუდი რეპუტაცია აქვს. აქედან გამომდინარე, ხაზი იმაზე იყო გასმული, თუ როგორია ნეთვორქინგი უფრო საღი გონებით, საღი თვალით დანახული.
- პერსონალური განვითარების ბარათს როგორ შეაფასებთ, რა განსხვავებული მიდგომებია დანერგილი და PD ბარათის ფარგლებში "პალიტრა მედია ჰოლდინგი" პერსონალის განვითარებას როგორ უწყობს ხელს?
- PD ბარათი ძალიან საინტერესო სიახლეა, რადგან პირველ რიგში, თანამედროვეა. ტრენდი, რომ ყველანი ტრენინგებზე უნდა დადიოდნენ, მიუხედავად იმისა, ეს ადამიანის სურვილი არის თუ არა, ალბათ, წარსულს ჩაბარდა და კარგია, რომ წარსულს ჩაბარდა "პალიტრა მედია ჰოლდინგის" შემთხვევაშიც. აქ უკვე თვითონ ირჩევ, რა გინდა და როგორ გინდა, რომ განვითარდე. ძალიან კარგი შიდასამოტივაციო სქემაა, რადგან კვლევებმა დაადგინა, რომ უმეტეს შემთხვევებში დასაქმებული ადამიანის უპირველესი მოტივაცია განვითარებაა და არა - ხელფასი. ამიტომ, ეს მოტივაციის ერთ-ერთი წყაროა და რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც კომპანია თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნავს.
"ბიბლუსი გალერეაში" დავით ჩიკვაიძესთან შეხვედრას "პალიტრა მედია ჰოლდინგის" დაახლოებით 40 თანამშრომელი ესწრებოდა. hotsale.ge-ს მომხმარებელთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ყიფიანმა აღნიშნა, რომ "პალიტრა მედია ჰოლდინგის" პროექტი ნეთვორქინგთან იკვეთება და ადამიანების გაცნობასა და მათთან საერთო ღირებულებებისა თუ ინტერესების აღმოჩენას ხელს უწყობს.
ნინო ყიფიანი, hotsale.ge-ს მომხმარებელთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი:
- პირველად, როდესაც ჩვენი პერსონალის მართვის მენეჯერმა PD card-ის პრეზენტაცია გააკეთა, ძალიან მომეწონა და ეს მაშინვე აღვნიშნე. დაუყოვნებლივ, ამას ორგანიზაციაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იმ დღესვე ვისარგებლე ბარათით, ბიბლიოთეკიდან ის წიგნი გამოვიტანე, რომლის წაკითხვასაც დიდი ხანია, ვაპირებდი. რაც შეეხება ქულებს და ბონუსებს, ეს არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ შენ განვითარდე, აქ სხვა მოტივაციაცაა - შეგიძლია, დააგროვო ქულები, შემდგომში გადაცვალო რაიმე საჩუქარში. ჩემს გარშემო ჩემმა რამდენიმე კოლეგამ უკვე ბევრი ქულა დააგროვა, რასაც ორმაგი ბენეფიტი აქვს: ერთი ის, რომ განვითარდე და ძალიან სასიამოვნოა, როცა შენი ორგანიზაცია და პერსონალის მართვის დეპარტამენტი ზრუნავს ამაზე და ასევე, ის, რომ ცდილობენ, ამ პროცესის პარალელურად სხვაგვარადაც წაგახალისონ.
- PD ბარათი თანამშრომლების პროდუქტიულობის ამაღლებას ახერხებს?
- რა თქმა უნდა. მაგალითად, არა მარტო სამსახურში, არამედ პირადი გეგმებიც შევასრულე სწორედ იმ წიგნით, რომელზეც მოგიყევით. თანაც, როდესაც ღონისძიებას თანამშრომლები ესწრებიან, ამას დისკუსიები მოჰყვება ხოლმე, სალონური საუბარი იქნება ეს, რაიმე წიგნის განხილვა თუ სხვა. ეს შემაკავშირებელია, ადამიანებისთვის გარკვეული საერთო სააზროვნო სივრცე ჩნდება.

- ბარათი ნეთვორქინგს უწყობს ხელს, თუნდაც, ერთი კომპანიის თანამშრომლებს შორის?
- დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობ. თითქოს, ადამიანებთან საერთო ღირებულებები იქმნება, არა მარტო ორგანიზაციის, არამედ, იმ თემების გარშემო, რაც გაინტერესებს, იქნება ეს პოპულარული ლიტერატურა თუ რაიმე კონკრეტული მიმართულება. არა მარტო ვსწავლობთ, არამედ, ერთი სივრცის ქვეშ ვიზიარებთ ემოციას და ეს აუცილებლად წინაპირობაა იმის, რომ შეკავშირება მოხდეს.
- თქვენი შეხედულებით, რამდენად მნიშვნელოვანია კარიერასა და ცხოვრებაში სანაცნობო წრის გაფართოება და და PD ბარათამდე თუ ცდილობდით, ეს განგეხორციელებინათ?
- მაშინ, როდესაც კომუნიკაციის სფეროში მუშაობ, შეიძლება, ეს არ დაგეგმო, მაგრამ ამ სფეროს თავისთავად მოაქვს იმის სურვილი, რომ ჩაერთო და გქონდეს კომუნიკაცია ბევრ ადამიანთან. მერე აცნობიერებ, თურმე რა გაგიკეთებია. შემდეგ სხვებიც გესაუბრებიან იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანია ის, რასაც აკეთებდი, გაქებენ სანაცნობო წრის გაფართოებისთვის და უფრო მეტი მოტივაცია გეძლევა ამ ყველაფრის განვითარებისთვის.
ღონისძიებაზე ტელევიზია "პალიტრანიუსის" სარეკლამო მიმართულების მენეჯერმა, ელენე ღოვთაძემ პერსონალის განვითარების ბარათის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბარათი არის როგორც სტიმული განვითარებისთვის, ასევე, ლიტერატურის მომწოდებელი საშუალებაც.
ელენე ღოთვაძე, "პალიტრანიუსის" სარეკლამო მიმართულების მენეჯერი:
- ძალიან საინტერესო იყო ბატონი დავითის დღევანდელი გამოსვლა. ზოგადად ვფიქრობ, რომ ნეთვორქინგი დღეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას გვეხმარება კონტაქტების დამყარებაში. ეს არის ერთადერთი საშუალება, რაც რეალურად გვამუშავებს და ჩვენი სამუშაოს შესრულებაში გვეხმარება. ნეთვორქინგის ნაწილი ნამდვილად არ არის მწირი, ის საკმაოდ ვრცელია და დღეს ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ. ჩვენი, "პალიტრა მედია ჰოლდინგის" პროექტი, რაც უშუალოდ PD card-ს გულისხმობს, განვითარებაზეა ორიენტირებული და ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციის მომცემია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩემი ლიტერატურის მომწოდებელი. ეს ძალიან საინტერესოა არა მარტო ჩემთვის, არამედ "პალიტრა მედია ჰოლდინგის" ყველა თანამშრომლისთვის PD card გულისხმობს არა მხოლოდ ტრენინგებზე დასწრებას, არამედ სხვადასხვა მიმართულებებში აქტივობებს და მამოტივირებელი დიდი ძალაა.
- თავად თქვენ აქტიურად სარგებლობთ PD ბარათით?
- ძალიან აქტიურად ვიყენებ PD card-ს, კარგად მაქვს ქულებიც დაგროვილი, რადგან ყველა ღონისძიებაზე ვარ ძალიან აქტიურად ჩართული და ძალიან მომწონს პირველ რიგში ის, რომ "პალიტრა მედია ჰოლდინგის" პროექტია.

- ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ მართლაც ჩანს რეალური შედეგები პერსონალის მოტივაციისა და პროდუქტიულობის ამაღლებაში?
- დიახ. აქამდე ლიტერატურას, რასაც მე პირადად ვეცნობოდი, ახლა გაორმაგებული დოზით ვეცნობი და ძალიან კარგია ის, რომ გარდა იმისა, რომ გავიგო, თუ რა იყიდება პირობითად, "ბიბლუსი გალერეის" მაღაზიაში, განვითარების პროექტ-მენეჯერები გვაძლევენ ალტერნატივას, ინფორმაციას, თუ რა წიგნები გამოდის და რას შეიძლება, გავეცნოთ. ეს ძალიან კარგია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველას დატვირთული გრაფიკი გვაქვს და ჩვენ შეგვიძლია, ინტერნეტში შევიდეთ, "პალიტრის PD card"-ის გვერდზე და ვნახოთ ლიტერატურა, თუ რას შეიძლება, გავეცნოთ. ეს კიდევ ხელისშემწყობია იმისთვის, რომ მეტი განვითარება, ცოდნა მივიღოთ და უფრო აქტიურად ჩავერთოთ საკუთარ წინსვლასა და ასე ვთქვათ, გაზრდაში.
დაბოლოს, ცოტა რამ "ნეთვორქინგის" შესახებ:
"ნეთვორქინგი" კემბრიჯის ლექსიკონში ასეა განმარტებული: "ბევრი ისეთი ადამიანის გაცნობის მცდელობა, რომელთანაც ნაცნობობა გამოსადეგი იქნება, განსაკუთრებით, სამსახურებრივ საკითხებში".
ნეთვორქინგი სხვებთან ინტერაქციის პროცესია, რომელსაც შედეგად პროფესიული და სოციალური კონტაქტების გაფართოება მოჰყვება. ეს იწვევს გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებასა და კარგი რეპუტაციის ქონას. "ნეთვორქი", ანუ კონტაქტების ქსელი ოჯახიდან და მეგობრებიდან იწყება და ყველა ჯგუფს მოიცავს, რომელსაც მივეკუთვნებით, ასევე, ყველა ადამიანს, რომელსაც ვიცნობთ.

რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ადამიანი ზრუნავდეს საკუთარი "ნეთვორქის" გაფართოებაზე? ფართო და მყარ სანაცნობო წრეს არაერთი სარგებლის მოტანა შეუძლია. ეს პროცესი არ არის რაიმეს მიღება, არამედ - გაზიარება. კონტაქტში შესვლა ადამიანებთან და მათი დახმარების მცდელობა ურთიერთობებს აძლიერებს. შესაძლოა, მსგავსი კონტაქტები ახალი იდეების წყარო ან შთამაგონებელი გახდეს, დაგვეხმაროს ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებაში. ამას გარდა, კომუნიკაბელურ, "შემჩნევად" ადამიანს მეტი შანსი აქვს, კარიერა წინ წასწიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის პროფესიულ და სოციალურ ღონისძიებებს ხშირად ესწრება. კონტაქტებმა შესაძლოა, გახსნან წვდომა სამუშაო ადგილებზე, ხოლო წარმატებულ, საქმიან ადამიანებთან კონტაქტების ქონა მეტი ცოდნის მიღების შესაძლებლობასაც იძლევა. ნაცნობები რჩევის მოცემისა და დახმარების აღმოჩენისთვის მზად არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი საერთო გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ეხება. ნეთვორქინგი, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ახალ ადამიანებთან შეხვედრა ხელს უწყობს თავდაჯერების ამაღლებასაც, მათთან აზრთა მიმოცვლის მეშვეობით კი - განსხვავებული და უფრო ფართო თვალთახედვის ჩამოყალიბებასაც. მართალია, სანაცნობო წრის გაფართოების აზრი უპირველესად, პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა, თუმცა ჩნდება ყველაზე ძლიერი და გრძელვადიანი მეგობრული, პირადი ურთიერთობებიც. ამას გარდა, ნეთვორქინგის მეშვეობით შესაძლებელი ხდება, გვქონდეს იმედი, რომ ჩვენს სფეროში ვიღაც შეძლებს, ყველაზე რთულ შეკითხვებსაც უპასუხოს. დაბოლოს, შესაძლოა "ოცნების სამსახურის" პოვნაც - არასდროს ვიცით, ვინ რა პოზიციაზე ეძებს პროფესიონალს, ხოლო როცა სანაცნობო ქსელი ფართოა, ამ დროს დიდი შანსია, გამოჩენილი ადგილის შესახებ ერთ-ერთმა პირველმა შევიტყოთ.
ავტორი: ეკა აბაშიძე