თბილისის მერია ეხმაურება ჭავჭავაძის გამზირზე, შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით შეკრებილ აქციის მონაწილეებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზადაა, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს, კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ორი მუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა. აქციაზე შეკრებილებმა ჭავჭავაძის გადაკეტვა მოისურვეს,რის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევთ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლაა.
ვითარების დაძაბვამდე აქციის მონაწილეებს გზა ცალმხრივად ჰქონდათ გადაკეტილი. თუმცა ცოტა-ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჭავჭავაძის გამზირი სრულიად გადაკეტონ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.