ავტორი:

ექსკლუზიური ინტერვიუ რუს ბლოგერთან, რომელიც პუტინის რეჟიმს გაექცა - "ქართველებს აქვთ ერთობა, სომხებს აქვთ ერთობა, რუსებს კი არაფერი..."

ექსკლუზიური ინტერვიუ რუს ბლოგერთან, რომელიც პუტინის რეჟიმს გაექცა - "ქართველებს აქვთ ერთობა, სომხებს აქვთ ერთობა, რუსებს კი არაფერი..."

Kamikadzedead - ასე იცნობენ რუს ბლოგერს დიმიტრი ივანოვს ინტერნეტმომხმარებლები. ბლოგერის youtube-ს არხს მილიონ ნახევარზე მეტი გამომწერი ჰყავს, ყოველ ვიდეოს კი ასეულობით ათასი ნახვა. Kamikadzedead-ის ყურადღების ცენტრში ბევრი თემა, რუსეთის შიგნით თუ მის გარეთ მიმდინარე პროცესი ხვდება, თუმცა ყველა მათგანი ძირითადად ერთ მიზანს ემსახურება - კრემლის და პუტინის რეჟიმის მწვავე კრიტიკას.

ცოტა ხნის წინ ივანოვმა ერთ-ერთი ვიდეობლოგი საქართველოში მცოცავ ანექსიას მიუძღვნა.

მწვავე თემების წამოწევისა და კრემლის კრიტიკის გამო ბლოგერს პუტინის ხელისუფლება დაუპირისპირდა. Youtube-ს საკუთარ არხზე "კრემლის ბოტების" მოგერიების შემდეგ, ბლოგერს ქუჩაში მის სახლთან ახლოს ნამდვილი თავდამსხმელების მოგერიებაც მოუხდა. ამის შემდეგ იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და საცხოვრებლად უფრო უსაფრთხო ადგილას, პრაღაში გადასულიყო.

რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი რუსი ბლოგერი AMBEBI.GE-ს ექსკლუზიურ ინტერვიუზე დათანხმდა. მასთან საუბარი საქართველოს ოკუპაციის თემით დავიწყეთ.

- როგორ აფასებთ რუსეთის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას და როგორია თქვენი დამოკიდებულება საქართველოს ოკუპაციასთან მიმართებით?

- 2002 წლიდან იწყება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ისტორია რუსეთის მიერ. 2006 წელს რუსეთი გულწრფელად ამბობს, რომ მზად არის თავისი მოსახლეობისა და მოქალაქეების დასაცავად თავს დაესხას საქართველოს. 2008 წელს კი ხორციელდება ჯარების შეყვანა. ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ ყირიმი პუტინის პირველი თამაშია, ეს სიცრუეა. საქართველოს შემთხვევაში იყო იგივე, თუმცა რატომღაც მსოფლიო საზოგადოებამ გადაწყვიტა არ ეხმაურა და დღემდე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არაღიარებული რესპუბლიკებია. თუმცა, რა თქმა უნდა, აღიარებულია რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მიერ.

- თქვენ ერთ ბლოგში თქვით, რომ გირჩევნიათ რუსეთი საკუთარ საზღვრებში განვითარდეს... რამდენია რუსეთში ისეთი ადამიანი, რომლებიც ისევე ფიქრობენ, როგორც თქვენ? ისინი, ვინც მხარს არ უჭერენ რუსეთის საგარეო პოლიტიკასა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას ?

- რუსები წლებია ითმენენ არსებულ ხელისუფლებას პუტინის სახით. ის ატარებს ამ საგარეო პოლიტიკას, ლავროვთან, ზახაროვასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად. თუ ეს არის რუსეთის საგარეო პოლიტიკა და მოსახლეობა მხარს უჭერს პუტინს, გამოდის, რომ მოსახლეობის უმეტესობა მხარს უჭერს მსგავს აგრესიულ საგარეო პოლიტიკას.

ბლოგების გადაღებისას ჩემი მთავარი ამოცანაა ადამიანებს ავუხსნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურება მსოფლიოს გეოპოლიტიკური სურათი. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენს სადარბაზოში ყველაფერი ინგრევა, სახურავიდან ლოლოები ცვივა და მოქალაქეებს თავს უტეხავს. აი, ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის, წავართმევთ თუ არა უკრაინას ყირიმს, ისტორიულად არის თუ არა ის ჩვენი, ამის განხილვაც კი არ შეიძლება!

არის ქვეყნების დადგენილი საზღვრები და რუსეთი უნდა განვითარდეს თავის საზღვრებში, უნდა განავითაროს არა ჯარი და "როსგვარდია" („როსგვარდია“ 340 ათას სამხედროს აერთიანებს; გვარდიელები ყველაზე თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, აპარატურითა და იარაღით არიან აღჭურვილები. ქვედანაყოფი თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ემორჩილება და ბრძანებებს კრემლიდან იღებს), არამედ სოციალური მდგომარეობა და მედიცინა. რატომღაც ასეთ ცხად რაღაცებს რუსეთში ვერ იგებენ.

ასე რომ, ის ადამიანები, რომლებიც ვფიქრობთ, რომ რუსეთმა თავი უნდა დაანებოს თავის პრეტენზიას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ტერიტორიებზე, სამწუხაროდ, უმცირესობაში ვართ.

- რამდენად აქტუალურია საქართველოს თემა რუსეთში და ჯერ კიდევ მიმდინარეობს თუ არა პროპაგანდა, რომ გაამართლონ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია?

- 2018 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავი იყო, გამოვიდა მთელი რიგი პროპაგანდისტული ფილმები. რა თქმა უნდა, მე ისინი არ მინახავს, ვეჭვობდი რა, რომ იქ არაფერს ახალს არ ყვებოდნენ 2008 წლის მოვლენების შემდეგ.

ტელევიზორით მოსახლეობას ტყუილს აჭმევენ! საქართველოზე უკვე ნაკლებად, ახლა მთავარი დღის წესრიგში უკრაინაა. იქ ხომ არჩევნებია და უკრაინის მომავალი პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ამას ეძღვნება პრაიმ-ტაიმში ყველა თოქ-შოუ რუსეთის ფედერალურ არხებზე, ასე რომ გიხაროდეთ, რომ დღეს თქვენზე აღარ არის სიუჟეტები!

- რამდენადაც ვიცი, თქვენ იძულებული გახდით დაგეტოვებინათ თქვენი ქვეყანა. როგორ გაიძულათ კრემლმა ამ ნაბიჯის გადადგმა?

- უბრალოდ საშიში გახდა მოსკოვში ცხოვრება. პუტინის დედაქალაქში საშიში გახდა ცხოვრება. ამის შემდეგ დავიწყე ნივთების შეგროვება და გადასვლისთვის მზადება, შემდეგ კი, როცა სახლთან ახლოს თავს ორი მახინჯი დამესხა, როგორც ჩანს, ვიღაცის მოგზავნილები, არანაირი კითხვა აღარ დარჩა, დავიწყე უფრო სწრაფად მზადება, რომ წავსულიყავი.

არ მინდა გავამახვილო განსაკუთრებული ყურადღება იმაზე, რომ საშიში და სახიფათოა - არაფერი მსგავსი, უბრალოდ, უკეთესია სხვაგან გადახვიდე საცხოვრებლად, თუ ამის შესაძლებლობა არის. არ შეიძლება რეჟიმის გეშინოდეს. თუ მას შიშს აჩვენებ, ეს ნიშნავს, რომ აძლევ იმას რაც სურს. იმიტომ რომ ეს მახინჯები კრემლში ცოფიანი ძაღლებივით არიან, ისინი გრძნობენ და სჯერათ მხოლოდ შიშის. თუ ისინი ვერ ხედავენ შიშს ოპონენტში, მათ თვითონ ეშინიათ, ხოლო როგორც კი ხედავენ შიშს, მაშინვე მშვიდდებიან.

- როგორ აღმოჩნდით კრემლის ყურადღების ობიექტში?

- ცხადია, მწვავე თემების წამოწევით, რაზეც ვყვებოდი და ვყვები, ახლა კიდევ უფრო მწვავედ ვყვები. სიმართლის გამო, რომელიც არ უნდა გამოჩნდეს რუსეთში. ჩვენ ხომ აბსოლუტური საინფორმაციო შიმშილი გვაქვს ქვეყანაში. არ აძლევენ ადამიანებს საშუალებას მიიღონ ინფორმაცია, რომელიც განსხვავდება ოფიციალური თვალსაზრისისგან. ეს მაოცებს! ვინ გადაწყვიტა, რომ ეს ოფიციალურია და ვინ გადაწყვიტა რომ პუტინი არის ოფიციალური მოსაზრება?!

მე ვფიქრობ, რომ უკეთ ვერკვევი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრებაში, ვიდრე სახელმწიფო დუმაში მყოფი 450 უნიჭო იდიოტი, მე უკეთ ვერკვევი იმაში, თუ რა პრობლემები აქვს მოსახლეობას, იმიტომ რომ ამას ყოველდღე ვხედავ, ყოველდღე ვყვები არსებულზე. ისინი კი რაღაც სისულელეს განიხილავენ, რომელიც არანაირად არ არის დაკავშირებული ცხოვრების გაუმჯობესებასთან.

- თქვენ თავს დაგესხათ ფაქტობრივად კრემლის ბოტების მთელი ჯარი, რას გავს მათთან ბრძოლა და როგორ მუშაობს რუსეთის პროპაგანდა?

- ბევრი სხვადასხვა სახის ბოტია რუსეთში. არიან დაფინანსებული ბოტები, რომლებიც უბრალოდ ფულისთვის, არარეგულარულად სხვადასხვა მასალის ქვეშ კომენტარებს ტოვებენ youtube-ზე, ისინი ფულის გამო ყველაფერს დაწერენ. არის კიდევ მეორე კატეგორია, რომელიც უშუალოდ "როსგვარდიაზე" მუშაობს. წარმოგიდგენიათ?! "როსგვარდიას" აქვს ვალდებულება ყველა ბრძანებაზე "დისლაიკი" მისცეს კონკრეტულ ვიდეოზე.

თუმცა, არაფერი არ არის იმაზე სახალისო, ვიდრე კრემლის ბოტებთან ბრძოლა. ეს ყველაზე დიდი სიამოვნებაა ინტერნეტში. მათ არ იციან, როგორ ისაუბრონ, მათ მხოლოდ იციან, როგორ შექმნან ფლეილისტები youtube-ზე. ერთმანეთს გამომწერებს უმატებენ, რომ youtube-ის ალგორითმმა ვერ აღმოაჩინოს და არ წაშალოს ისინი.

სქემა ასეთია: "ბოტებს" დილიდან უგზავნიან გეგმას, რა თემები უნდა "აწიონ" და რას მიაქციონ მეტი ყურადღება. ამიტომ, ვისაც აინტერესებს, როგორ მუშაობენ კრემლის ბოტები თავდაპირველად უყურონ სერიალ Homeland-ს - იქ რასაც აჩვენებენ, საბავშვო ბაღია და რუსეთში ყველაფერი გაცილებით მასშტაბურადაა. ამაზე იხარჯება მართლაც რომ წარმოუდგენლად დიდი ფული, იმიტომ რომ ეს ყოფნის ამერიკის არჩევნებში ჩარევასაც.

Facebook-მა და Twitter-მა უკვე აჩვენეს და დაამტკიცეს, რომ ინგლისურენოვანი ბოტები აღწევდნენ Facebook-ში არსებულ სხვადასხვა ჯგუფებში, სხვადასხვა პოსტებზე, რომ დაეტოვებინათ კომენტარები და შეეტანათ არეულობა, შეექმნათ იმის ილუზია, რომ ამერიკის საზოგადოება გახლეჩილია. ამ პრინციპითვეა განადგურებული რუსული საზოგადოება, ის გახლეჩილია. რუსი ხალხი ხელისუფლების ძალისხმევით ასწლეულების მანძილზე ვერ შეძლებს საერთო აზრამდე მისვლას, იმიტომ რომ განცალკევებულები არიან. მათ არ აქვთ ერთიანობა. აი, ქართველებს აქვთ ერთობა, სომხებსაც აქვთ ერთობა, რუსებს კი არაფერი არ აქვთ, სამართლიანობის წყურვილის გარდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ