ავტორი:

"მესაუბრებოდა ბოროტი ძალა... ვიცი, ეშმაკი იყო" - ქარელში მცხოვრები ოჯახი უჩვეულო მოვლენებზე საუბრობს და ეკლესიის ადგილას აშენებულ სახლს ანგრევს

"მესაუბრებოდა ბოროტი ძალა... ვიცი, ეშმაკი იყო" - ქარელში მცხოვრები ოჯახი უჩვეულო მოვლენებზე საუბრობს და ეკლესიის ადგილას აშენებულ სახლს ანგრევს

ქარელის რაიონში, სოფელ საღოლაშენში მცხოვრები ხარაზიშვილები სახლს, რომელიც თანასოფლელისგან 1991 წელს შეიძინეს, რამდენიმე დღეა საკუთარი ხელით და მეზობლების დახმარებით ანგრევენ. ამის მიზეზი როგორც თავად ამბობენ, ოჯახში მომხდარი უჩვეულო მოვლენები გახდა.

ყველაფერი ორი თვის წინ დაიწყო, როცა ოჯახის წევრებმა 18 წლის ლავრენტის უცნაური ქცევები შენიშნეს. მშობლები ამბობენ, რომ მოზარდი ხშირად საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, განმარტოებას ცდილობდა და ამ დროს ვიღაცას ეჩხუბებოდა, ბიჭი აგრესიული გახდა და მისი ქცევები აბსოლუტურად არაადეკვატური იყო.

"ვერაფრით ვიგებდით რა დაემართა, აბსოლუტურად შეიცვალა, მეგონა, რომ ჩემი შვილი არ იყო. საშინლად აგრესიული გახდა, როცა აგრესიას ავლენდა, მისი დაჭერა 5 ადამიანსაც კი არ შეეძლო... შეიძულა სანთელი, ეკლესია, უცნაურ ხმებს გამოსცემდა. წავიყვანეთ ექიმებთან, თუმცა, ვერაფერი გაუგეს, ბოლოს კი ვიფიქრეთ, რომ ფსიქიკური პრობლემები დაეწყო და ფსიქიატრთანაც გვყავდა, მაგრამ ყველა აღნიშნავდა, რომ ბავშვს უცნაური რაღაც ჭირდა.

ბოლოს ჩვენი სოფლის ეკლესიის მღვდელმა გვითხრა, რომ ლავრენტი ბოროტისგან იყო შეპყრობილი. როდესაც მოძღვარმა ეპარქიის ხელმძღვანელის, მეუფე იობის კურთხევით კვეთებულის ლოცვების წაკითხვა დაიწყო, ლავრენტი ისეთ წინააღმდეგობას უწევდა, რამდენიმე ადამიანი ცდილობდა მის დაკავებას. სწორედ ლოცვებით გამოვიდა ამ მდგომარეობიდან..." - იხსენებს AMBEBI.GE-სთან საუბარში ლავრენტი ხარაზიშვილის დედა ლალი მღებრიშვილი.

ხარაზიშვილების ოჯახის პრობლემები ამით არ დასრულებულა, სულ მალე, 18 მარტს, ანალოგიურმა პრობლემებმა ლალი მღებრიშვილში იჩინა თავი.

"ჩემი მდგომარეობა რომ დეტალურად აღვწერო, ალბათ არც დამიჯერებს ხალხი... პირდაპირ მესაუბრებოდა ბოროტი ძალა, შავებით შემოსილი, სუსტი, მაღალი აღნაგობის... ვიცოდი, რომ ეშმაკი იყო. საშინელ დღეში მაგდებდა, მაიძულებდა ჩემი შვილისთვის ეკლესიაში წასვლაში ხელი შემეშალა... სანთელი, ეკლესია, ლოცვა - მაშინებდა ეს ყველაფერი. მინდოდა ტაძარში შევვარდნოდი ბავშვს და იქიდან გამომეთრია, რომ არ ზიარებულიყო.

როცა სოფლის ეკლესიის (ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია) მღვდელმა ჩვენ სახლში მოაბრძანა წმინდა კვიპრიანეს და იუსტინეს ხატი, რომელშიც წმინდა ნაწილებია ჩაბრძანებული, სწორედ მაშინ დამეწყო ყველაზე ძლიერი აგრესია, მინდოდა, ეს ხატი დამელეწა და ნაწილებად მექცია, მამაოს ვუყვიროდი, რომ ლოცვა შეეწყვიტა...

თან დამეწყო ხილვა - წმინდა ეკატერინე მეცხადებოდა და მეუბნებოდა, რომ ეს სახლი უნდა დაგვეტოვებინა, მისთვის უნდა დაგვეთმო... მაშინ საერთოდ არ ვიცოდით რომ სახლი, რომელიც ჩემმა დედამთილ-მამამთილმა 1991 წელს შეიძინეს (მაშინ არც ვიყავი ამ ოჯახის რძალი), ეკლესიის ნანგრევებზე იყო აშენებული... როგორც ახლა შევიტყვეთ, სწორედ წმინდა ეკატერინეს სახელობის ყოფილა ტაძარი.

ამ ადგილას სასაფლაო ყოფილა ძველად, ახლაცაა შემორჩენილი ჩვენი ეზოს ირგვლივ საფლავის ქვები და ეკლესიაც ამ ადგილზე ყოფილა, მერე კი ვიღაცას დაუნგრევია და სახლი აუშენებია, იმ ეკლესიის ქვებიც იყო გამოყენებული სახლის მშენებლობისას

ახლა სახლს ვანგრევთ, ის ქვებიც ვიპოვნეთ და ცალკე გადავალაგეთ. იმედია, ღვთის შეწევნით, ისევ აშენდება აქ წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესია და ამ ქვებსაც გამოიყენებენ... ახლა შედარებით უკეთ ვარ, კვლავ მიჭირს ეკლესიაში სიარული, ისევ ბრძოლები მაქვს, მაგრამ მამაო მეხმარება, მაძლიერებს..." - უყვება AMBEBI.GE-ს ლალი მღებრიშვილი.

ოჯახის დიასახლისი, ცისნამი ხარაზიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სახლის დანგრევა და ამ ადგილის რუის-ურბნისის ეპარქიისთვის გადაცემა გადაწყვიტეს, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა - მისი შვილიშვილი ლავრენტი ეკლესიის სტიქაროსანი გახდა, რძალი, ლალი კი კვლავ უბრუნდება მშვიდ მდგომარეობას.

"წლების წინ, როცა ეს სახლი შევიძინეთ, არაერთხელ ვნახე უცნაური სიზმარი - თითქოს, სახლის კედლების დანგრევას და ზემოდან გუმბათის დადგმას ვაპირებდი. ეს მეორდებოდა ინტენსიურად, მაგრამ ახსნას ვერ ვუძებნიდი. სულ მიკვირდა, ჩემი შვილისთვის შეძენილი სახლი რატომ უნდა დამენგრია... მაშინ წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ნატაძრალ ადგილზე ვცხოვრობდით და ბუნებრივია, ვერც იმას წარმოვიდგენდით, რომ ჩვენივე სახლს, საკუთარი ხელით დავანგრევდით.

წარმოუდგენელი რამ ხდებოდა ოჯახში - პირველად მე შევნიშნე, რომ ბავშვს უცნაური მდგომარეობა ჰქონდა. ამას გარდა, წლების წინ, ჩემი მეორე ვაჟის შვილი, 2 წლის გიორგი გაუჩინარდა სახლიდან. მეორე დღეს ბავშვის ცხედარი ვიპოვეთ, დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, წყალში იყო პირქვე დამხობილი... მას დაზიანების არანაირი კვალი არ ეტყობოდა, ვერ ავხსენით რა მოხდა, ან ჩემი შვილიშვილი როგორ მოხვდა იმ ადგილას, მანქანაც კი რთულად გადაადგილდება იმ ტერიტორიაზე და 2 წლის ბავშვი ამხელა მანძილზე როგორ ივლიდა... პრობლემები იმ ოჯახშიც იყო, ვისგანაც სახლი შევიძინეთ, მაგრამ ამ ყველაფერს როგორ ვიფიქრებდით?!" - ამბობს ცისნამი ხარაზიშვილი.

სოფელ საღოლაშენის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა იაკობი ხარაზიშვილებთან ხშირად მიდის და ოჯახს მდგომარეობიდან გამოსვლაში ეხმარება. ინფორმაცია სახლის ადგილას ეკლესიის არსებობის შესახებ მასაც აქვს და წმინდა ეკატერინეს გამოცხადების შესახებაც საუბრობს:

"ეს ამბები, რაც ამ სოფელში ხდება და ერთ კონკრეტულ ოჯახს ეხება, დაიწყო ასე ორი თვის წინ. ამ ოჯახში იყო და დღესაც არის მძიმე განსაცდელი, ერთ ოჯახში ორ ადამიანს ჰქონდა მკვეთრად გამოხატული შეპყრობილი მდგომარეობა - ეშმაკით შეპყრობილი იყო ეს ორი ადამიანი. ღვთის შეწევნით, ერთ-ერთი მათგანი უკვე სიკეთით არის, ეზიარება, აღსარებას ამბობს და ტაძარში მსახურობს.

გადმოცემით ვიცით, რომ მათი სახლის ადგილზე იყო ტაძარი, ეს დასტურდება წერილობითი წყაროებითაც... ამასთან, სოფელში იყო 92 წლის მოსახლე, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და იგი ამბობდა, რომ სოფელში იყო მეორე ეკლესიაც. თუმცა, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის სულიერი მოვლენები და ფაქტები, რაც აქ იყო და არის - რამდენიმე პირს ზუსტად ერთნაირად ეცხადებოდა ადამიანი, რომელიც ეუბნებოდა, რომ აქ იყო ტაძარი და უნდა დაეტოვებინათ სახლი და წასულისყვნენ. როდესაც მე მათ ვაჩვენე წმინდა ეკატერინეს ხატი, დამიდასტურეს, რომ სწორედ წმინდა ეკატერინე ეცხადებოდათ.

ეს ყველაფერი არის არა მარტო ამ ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის რწმენაში გასაძლიერებელი და რწმენაში მოსასვლელი. მოვლენები რაც აქ განვითარდა, იყო სასწაული და ახლაც, ყოველი დღე არის სასწაული", - ამბობს საღოლაშენის ღვთისმშობლის ეკლესიის მოძღვარი მამა იაკობი.

ხარაზიშვილები სულ მალე დაასრულებენ იმ ადგილის ნანგრევებისგან გათავისუფლებას, სადაც ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მათი ორსართულიანი სახლი იდგა და ოჯახი საცხოვრებლად მეორე ძმის სახლში გადავა.

ამის შემდეგ, ამ ადგილს ოფიციალურად გადასცემენ ეკლესიას და ნასახლარ-ნაეკლესიარ ადგილზე წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძრის მშენებლობაზე ზრუნვას დაიწყებენ. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეკლესიის მშენებლობაში დახმარების სურვილი გაუჩნდება, ხარაზიშვილები დახმარებას სთხოვენ.

ფოტო, ტექსტი - ია თინიკაშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ