ავტორი:

რა ბედი ეწევა საქართველოში შემოსულ გიგანტურ კუს - "ათასობით კილომეტრი გამოიარა და აქ რომ მომკვდარიყო, გული ძალიან დაგვწყდებოდა"

რა ბედი ეწევა საქართველოში შემოსულ გიგანტურ კუს - "ათასობით კილომეტრი გამოიარა და აქ რომ მომკვდარიყო, გული ძალიან დაგვწყდებოდა"

რამდენიმე დღის წინ ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა შემოვიდა. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტების განცხადებით, კუ დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას საჭიროებდა. აღნიშნული სახეობისთვის საჭირო პირობები არ არსებობს არც ბათუმის დელფინარიუმში და არც "აკვარიუმში". გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა დახმარებისთვის სასტუმრო "პარაგრაფის" ოკეანარიუმს მიმართეს. გიგანტური კუ სარეაბილიტაციო კურსს აღნიშნული სასტუმროს საკარანტინო აუზში გაივლის, სარეაბილიტაციო კურსის გავლის შედეგ კი გარემოში დააბრუნებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე:

- გიგანტური კუ ადგილობრივმა მცხოვრებმა რეზო ხოჯავამ გადმოგვცა და მას დიდ მადლობას მოვახსენებთ! რაც შეეხება კუს ამ სახეობას, ველური ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაშია შეტანილი, გადაშენების პირას მყოფი კონსერვაციის სტატუსით. ასევე არის შესული გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობათა საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის დანართში.

საქართველოში კუს ამ სახეობის მოპოვების რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება: 2010, 2016 წლებში იქნა ორი ეგზემპლარი მოპოვებული საქართველოს შავი ზღვის აფხაზეთის მონაკვეთზე, კერძოდ, ოჩამჩირესა და გაგრაში...

- კუ ამჯერად რაებილიტაციის კურსს გადის და როგორია მდგომარეობა?

- კუ ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და მისი გადარჩენისთვის ძალიან ქმედითი ზომების მიღება იყო საჭირო. რომ არა ასეთი ძალისხმევა, კუ დაიღუპებოდა, რაც ძალიან სამწუხარო იქნებოდა. ცოცხალმა ეგზემპლარმა ათასობით კილომეტრი გამოიარა, საქართველოს საზღვრამდე მოაღწია და აქ რომ მომკვდარიყო, ყველას გული დაგვწყდებოდა. ყველაფერი გავაკეთეთ კუს გადასარჩენად, იგი გადავიყვანეთ სასტუმრო "პარაგრაფის" ოკეანარიუმში... ეს არის საქართველოში ერთადერთი ადგილი, სადაც შესაფერისი პირობებია შექმნილი. მისი მკურნალობა ანტიბიოტიკებით, ვიტამინებით და სხვადასხვა ქიმიური საშუალებებით მიმდინარეობს. ჯერჯერობით სახარბიელო მდგომარეობა არ არის, თუმცა უკეთესობა შეინიშნება. გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება, რომ მის გადარჩენაში დავრწმუნდეთ. ამის შემდეგ კუ რამდენიმე კვირიან რეაბილიტაციას გაივლის. კუმ უნდა დაიწყოს საკვების მიღება, გახდეს აქტიური, ჰქონდეს შესაბამისი რეაქცია გარეგამაღიზიანებლებზე, უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ გარემოში გავიდეს.

- გამოჯანმრთელებულ კუს რა ბედი ეწევა?

- შემდეგ ჩვენ კუს გარემოში დაბრუნების საკითხს განვიხილავთ. ეს ველური სახეობაა და ველურ გარემოში უნდა დაბრუნდეს. თუმცა აუცილებლად მოგვიწევს კონსულტაციების გავლა დარგის სპეციალისტებთან. ზღვის კუს მიმართულების სპეციალისტი საქართველოში სამწუხაროდ არ არის, ჩვენი მიმართულება არ არის და არც არასოდეს ყოფილა. ამიტომ მოგვიწევს სპეციალისტებს საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, ესპანეთში ან სხვაგან დავუკავშირდეთ. გასათვალისწინებელია საკანონმდებლო საკითხები, რადგან კუ საქართველოს რატიფიცირებით რამდენიმე კონვენციის დანართებშია შესული და მათთან ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ სად და როგორ გავუშვათ.

- საუბარი იყო კუს დელფინარიუმში დატოვებაზე...

- სამწუხაროდ, დელფინარიუმში კუს გაშვება არ შეიძლება, რადგან იქ დელფინებია და კუს დელფინებთან ვერ გავუშვებთ. არსებობს დაავადებების აღძვრის რისკი. კუ ველური ბუნებიდან არის მოსული და სხვადასხვა დაავადებების მატარებელია. ამიტომ დელფინარიუმში რომ გავუშვათ, შეიძლება საკმაოდ სერიოზული საფრთხე შეიქმნას...

უნდა აღინიშნოს, რომ "პარაგრაფმა" სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო აუზი და პერსონალი კუს პატარა შვილივით თან ყვება. პიპეტკით აწვეთებენ წამლებს, ნემსებს უკეთებენ...

- კუს ეს სახეობა დიდხანს ცოცხლობს?

- ძალიან დღეგრძელები არიან, დაახლოებით ას წლამდე ცოცხლობენ... ეს კუ ზომების მიხედვით დაახლოებით 15 წლისაა. ჯერ ორმოცი კილოა, როცა 150-200 კილოს და ზოგიერთები 400 კილოსაც კი აღწევენ. საქართველოში კუს ეს სახეობა უცხოა და მეც ახლა პირველად შევეხე მას, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეჯერ მინახავს საზღვარგარეთის აკვარიუმებში, თუმცა იქ ყურადღება არ გამიმახვილებია. აქ კი უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია.

- კუს ეს სახეობა ადამიანისთვის საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს?

- აბსოლუტურად უწყინარი ფორმაა, რომელიც მცენარეული საკვებით და ფსკერული უხერხემლოებით იკვებება, არანაირი აგრესია მათ არ აქვთ. არ არის მტაცებელი ფორმა. მოკლედ რომ ვთქვა, კბილები არც აქვთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ