ავტორი:

"დაგეგმილზე 3 თვით ადრე, დეპორტით მომიწია დაბრუნება" - რას ჰყვება "ბონდო" ისრაელში ცხოვრებასა და რეალურ ოჯახზე

"დაგეგმილზე 3 თვით ადრე, დეპორტით მომიწია დაბრუნება" - რას ჰყვება "ბონდო" ისრაელში ცხოვრებასა და რეალურ ოჯახზე

სპექტაკლებსა და ფილმებში მსახიობ გია გოგიშვილს ბევრი როლი უთამაშია, თუმცა ამჟამად, სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", მის მიერ განსახიერებული პერსონაჟის - ბონდოს გამო განსაკუთრებულად პოპულარულია. მართალია, სერიალში ხშირად არ ჩნდებოდა, უფრო მეტიც - თითქმის 2 წელი "ჩემი ცოლის დაქალებში" საერთოდ აღარ გამოჩენილა, მაგრამ მაინც ყველა მასზე ლაპარაკობდა, მისი გმირის უსაქციელობის გამო... გაირკვა, რომ ბონდოს მიერ ცოლის ღალატი მსახიობის საქართველოდან გამგზავრების ბრალი ყოფილა, სერიალში კვლავ გააქტიურება კი - ისრაელიდან დეპორტაციის...

- ქუთაისში დავიბადე. სკოლა რომ დავამთავრე, გაგანია კომუნიზმის პერიოდი იყო. მგონი, მე-8 კლასში ვიყავი, როცა ბრეჟნევი მოკვდა (იცინის)... სოფელ მარანში ხშირად ჩავდიოდი - იქაც ბევრი მეგობარი მყავს... ქუთაისში ისეთ პერიოდში მომიწია ცხოვრებამ, როცა ყველა "ძველბიჭობდა"... 2 უფროსი და მყავს, რომლებმაც ფაქტობრივად, გამზარდეს - მშობლები სულ მუშაობდნენ. ფეხბურთზე დავდიოდი - ფეხბურთელობა (მეკარეობა) მინდოდა. რაკი სიმაღლეში არ გავიზარდე, თავი დავანებე. გუნდის წევრებს ნერვები ჰქონდათ დაწყვეტილი, როცა კუთხურს მაწოდებდნენ - ყველაზე დაბალი ვიყავი. ისე, მანამდე იმედისმომცემი ფეხბურთელი გახლდით... მეათე კლასში ვიყავი, როცა ძალიან კარგმა მსახიობმა ავთო სახამბელიძემ მითხრა, - ჩემთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრში (ქუთაისში) მოდიო. არ ვიცი, ჩემში რა დაინახა, მაგრამ მას შემდეგ დაიწყო ჩემი "დაღუპვა" - მსახიობობა გადავწყვიტე.

შემდეგ მესხიშვილის თეატრშიც ვთამაშობდი, მერე ჯარში წავედი... მამას არ უნდოდა, მსახიობი გავმხდარიყავი, რის გამოც შინ დიდი კონფლიქტი იყო. ჯარიდან დაბრუნებულმა თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. თავდაპირველად, გივი სარჩიმელიძის ჯგუფში ვიყავი, შემდეგ ლევან წულაძის ჯგუფში (ხელმძღვანელად გიზო ჟორდანია ითვლებოდა) გადავედი. როცა დუტა სხირტლაძე ჭოლას ჯგუფში გადმოვიდა, მას შემდეგ დავმეგობრდით და დღემდე ერთად მოვდივართ. სულ ერთად ვიყავით, ერთად გვეძინა... შემდეგ რუსთაველზე თეატრალური სარდაფი შეიქმნა. სამეგობრომ ყველაზე კარგი წლები იქ გავიარეთ. საკმაოდ წარმატებული თეატრი იყო. ბილეთები 20-25 ლარად იყიდებოდა და არ იშოვებოდა. მერე იყო ერთი მსახიობის თეატრი, სადაც ზიუსკინდის "კონტრაბასი" ნინო ახვლედიანმა დადგა - ამ მონოსპექტაკლში ვთამაშობდი, რომელიც თბილისში პოპულარული გახდა. ასევე მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, მუსკომედიის თეატრში ვთამაშობდი. მქონდა გადაღებებიც. შეიძლება დიდი როლები არ მქონდა, მაგრამ ხუმრობენ, - არ არსებობს სერიალი, რომ გიალია არ იყოს "შიგნითო". ასევე ამერიკულ პროექტში - "ლეგენდები" გადამიღეს. დიდი არაფერი - ერთ დღეში მოვრჩით: უბრალოდ, ჩემი გმირი ოჯახს დაემშვიდობა და მოკლეს, მაგრამ ისინი ძალიან "სხვაგან არიან".

მთავარ როლს შონ ბინი ასრულებს, რომელიც საკმაოდ ძლიერი მსახიობი გახლავთ. გადასაღებად ამერიკაში წასვლა არ მომიხდა - სტუდიას პავილიონები ჩეხეთში აქვს და ჩეხეთში გახლდით (ეს ისრაელში ჩემს გამგზავრებამდე მოხდა)... თეატრალურ ინსტიტუტში სწავლა 1994 წელს დავასრულე. მას შემდეგ მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვმუშაობდი. ახლა შტატში არ ვარ, რადგან 2 წელი საქართველოდან წასული ვიყავი, მაგრამ სპექტაკლებში დაკავებული გახლავართ...

- რას გვეტყვით ისრაელში ცხოვრებაზე?

ისრაელში გამგზავრება უცებ გადავწყვიტე. მხატვრული ფილმის - "მეზობლები" პრემიერისთვის ვემზადებოდით. "მზარეულებზე" ვმუშაობდით. კიდევ იყო რაღაც-რაღაცები. უკვე ისეთი რეჟიმი მქონდა, რომ ცოტათი "გავაფრინე". თან, ფინანსური პრობლემებიც იყო... თითქმის 2 წელი ისრაელში ვიყავი - თეატრში ვმუშაობდი.

- მიგიწვიეს?

- არა, თავად წავედი და კანონი დავარღვიე - ცუდი ბიჭი ვარ: 3 თვის ნაცვლად, ქვეყანაში 2 წელი გავჩერდი.

- იქ როგორ ცხოვრობდით?

- ბევრი მეგობარი შევიძინე. დამეხმარნენ, რომ არ "დავკარგულიყავი". ორ თვეში თეატრში (უფრო ზუსტად, ეს არის თავისუფალი სივრცე, რომელსაც დასი ქირაობს) მივედი, სადაც ტექნიკურ მხარეს ვხელმძღვანელობდი. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ თითქმის დირექტორის მოადგილის მოვალეობას ვასრულდებდი (იცინის), მაგრამ იქ კაბინეტში მჯდომი დირექტორი იშვიათობაა - ყველა საქმეს აკეთებ. მთავარია, კლიენტი კმაყოფილი იყოს.

- ისრაელში თქვენი პროფესიით არ გიმუშავიათ?

- არა, ივრითულად როგორ ვითამაშო? ერთხელ რუსული დასი იყო მოსული. მეპატრონესთან ისეთი ახლო ურთიერთობა მქონდა, რომ მითხრა, - ვეტყვი და სპექტაკლში ითამაშე, რუსული ხომ იციო? უარი ვუთხარი - "რომეო და ჯულიეტაში" რუსულად, ქართული აქცენტით მოლაპარაკე ლორენცო რომ შემოვარდება, ძალიან სასაცილო იქნება-მეთქი... ისრაელში ქართული თეატრი არის, მაგრამ იქ მისვლის დროც არ მრჩებოდა. ისრაელში კონკრეტული მიზეზის გამო ვიყავი. 90%-ით მიზანს მივაღწიე. დიდი მადლობა ისრაელის სახელმწიფოს (იღიმის).

- ისრაელში ცხოვრებამ მსახიობის პროფესიას გარკვეულწილად, ხომ არ მოგწყვიტათ?

- მსახიობის პროფესია ისეთია, რომ მაინც თამაშობ, როცა ადამიანი არალეგალურად გადაადგილდები - ვიღაც სხვა კაცის როლის თამაში გიწევს, რომ ქუჩაში არ "აგიყვანონ". მოკლედ, ბოროტმოქმედი ვიყავი, ოღონდ - არა სისხლის სამართლის, სამოქალაქო კოდექსი დავარღვიე. მეორე სამსახურიც მქონდა (მერე იქიდან წამოვედი): დიდი ოფისი იყო, გვერდით - საავადმყოფო. როცა მეუბნებოდნენ, - რეიდიაო, წინასწარ მომზადებული ვითომ ანალიზის პასუხებით ხელში, პაციენტის როლს ვთამაშობდი, იქაურობას წრეს დავარტყამდი ხოლმე, რომ არავის გავეჩერებინე. როცა პოლიციას დავინახავდი, ვცდილობდი, როგორმე ებრაელს დავმსგავსებოდი... საქართველოში დაბრუნებას აპრილში ვაპირებდი, მაგრამ საემიგრაციო სამსახურმა გამაჩერა და დაგეგმილზე 3 თვით ადრე, დეპორტით მომიწია უკან დაბრუნებამ.

"სცენარისტი გამოუვალ სიტუაციაში ჩავაყენე"

- როდესაც მსახიობი დაწყებული პროექტიდან მიდიხარ, უფლება არ გაქვს, გაიქცე და გაქრე. ამის შესახებ სამუშაო ჯგუფს 1 კვირით ადრე მაინც უნდა შეატყობინო, რომ სცენარისტი მოემზადოს. "ჩემი ცოლის დაქალებში" ბონდოს მიერ ცოლის ღალატი და შინიდან გაქცევა ისრაელში ჩემი გამგზავრების ბრალია, რა თქმა უნდა. ამ ამბავს ისრაელშიც ჰქონდა გაგრძელება: ხალხი მცნობდა. ბათუმსა და ქობულეთში პლაჟზე მაიმუნი რომ დაჰყავთ სურათის გადასაღებად, ისე ვიყავი. ამბობდნენ, - ბონდო აქ ყოფილა, ჩვენ ეგვიპტეში გვეგონა, გვატყუებდნენო (იცინის)... მოკლედ, სერიალის სცენარისტმა სცენარი გადააკეთა. შემდეგ, კასტინგის მენეჯერმა - ეკა მჟავანაძემ უკვე იცოდა, რომ დაბრუნებას ვაპირებდი და ჩემი პერსონაჟის შესახებ ამბის წერა უკვე დაიწყეს. მოგეხსენებათ, სერიალის წინა სეზონი ბონდოს შემოსვლით დაასრულეს, ახლა კი ამბავი გრძელდება - გადაღებები დაიწყო... სერიალის ერთი ეპიზოდი ტელეფონითაც ჩავწერეთ - ასე ვთქვათ, ისრაელიდან სატელეფონო როლი ვითამაშე. ისრაელში 3 კაცი ერთად ვცხოვრობდით. "ჯოკერს" თამაშობდნენ, როცა ეპიზოდს ვწერდით. სერიალის წარმომადგენლები მეუბნებოდნენ, ხმაურიაო. რა მექნა? ხალხს სახლიდან ვერ გავყრიდი. აბაზანაში შევედი, მაგრამ - ექოაო... ქუჩაში ვერ გავიდოდი - დამიჭერდნენ... მოკლედ, როგორღაც, ის სცენა ჩავწერეთ...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ