ავტორი:

პოლიციაში მსახურების შემდეგ, 11 გაწვრთნილი ძაღლი მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს

პოლიციაში მსახურების შემდეგ, 11 გაწვრთნილი ძაღლი მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს

რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქში" გავრცელდა გორის მუნიციპალიტეტის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელობის მიმართვა, რომელშიც თავშესაფარში მიყვანილი 11 გაწვრთნილი ძაღლის შესახებ წერდნენ და საზოგადოებას დახმარებას სთხოვდნენ ასაკოვანი ცხოველებისთვის კარგი პატრონის მოძებნაში.

"შემოყვანილია 11 ნაგაზი, 6 ძუ, 5 ხვადი. არიან ასაკოვნები და ჩამოწერილი, თუმცა, სუფთა სისხლის და ჩუქდებიან კარგ პატრონზე..." - ნათქვამი იყო მიმართვაში.

აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა - ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ადამიანებს, რომელთაც ძაღლებთან მეგობრობა, მათი ერთგულების და შრომის დაფასება არ შეუძლიათ, ვერც ადამიანებს დააფასებენ.

AMBEBI.GE გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელს, თამარ აფციაურს დაუკავშირდა.

მისი თქმით, პოლიციიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ჰყავდათ რეგიონებში კრიმინალურ საქმეებზე ნამუშევარი ძაღლები, რომელთაც მსახურება აღარ შეეძლოთ და დაინტერესდნენ, თუ ჩაიბარებდა მათ თავშესაფარი.

"ჩვენთან ხშირად მოჰყავთ ცხოველები, შემდეგი გაჩუქების მიზნით. გორის მერიას შევუთანხმდი და უარი არ მითქვამს... სულ 11 ძაღლი მოიყვანეს და რამდენიმე უკვე გავაჩუქე კიდეც" - დასძინა აფციაურმა საუბრისას.

- ცხოველებს პენსია დაუნიშნეს?

- არა, არავითარი პენსია არ ყოფილა, არც უთქვამთ... უამრავი მოსაზრება წავიკითხე, თითქოს ეკუთვნით და ან ვინც წაიყვანს, იმათ გადაუხდიან და ა.შ. მსგავსი არაფერი ყოფილა. უბრალოდ, ჩვენი მოთხოვნაა ყოველთვის, რომ კარგი პატრონი ვუპოვნოთ, მზრუნველი და ცხოველების მოყვარული...

ითქვა, რომ გამხდრები არიან, მაგრამ ჯიშია ასეთი, ლაბრადორები მსუქნები არიან, მალინუები იყვნენ გამხდრები, ჯიში ყოფილა ასეთი... ვიღაცებმა მოგვწერეს, რომ გასამრავლებლად სჭირდებოდათ, მაგრამ ვუთხარი, რომ გამორიცხული იყო, რადგან უკვე ასაკოვნები არიან, მოსავლელები და მხოლოდ იმათ უნდა წაიყვანონ, ვისაც მართლა ძალიან უყვარს ცხოველი და განსაკუთრებით, ძაღლი.

- ძაღლები ისევ თქვენთან რჩებიან?

- არა, თითქმის ყველა გავაჩუქეთ, ხაშურის ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარმა მამა სებასტიანმა წაიყვანა გუშინ... კიდევ ერთ სასულიერო პირს ველოდებით, რომელმაც შემოგვთავაზა, ერთდროულად ხუთს წავიყვან, რომლებიც ყველაზე ასაკოვანი არიანო. ერთი ძაღლი ატოცში რომ არიან, ქაცავარა და ბიჭები, იმათაც წაიყვანეს... ფაქტობრივად არც გვრჩება, თუმცა, რომ არ გვეაქტიურა, ასე არ მოხდებოდა.

მამა სებასტიან ნეფარიძე:

- გერმანული ნაგაზი წამოვიყვანე და ძალიან მიხარია...…ემოციებს ვერ ვმალავ. ხანში შესულია და დინჯია. ვეცდები, სითბო და სიყვარული არ მოვაკლო. ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თავშესაფარმა და მისმა თანამშრობლებმა, ყველა ძაღლი მოვლილი და მოწესრიგებულია, იდეალური სისუფთავე და ბედნიერი ცუგები არიან.

AMBEBI.GE დაინტერესდა, მიღებული ფორმაა თუ არა, წლების მსახურების შემდეგ, გაწვრთნილი ძაღლების თავშესაფარში ჩაბარება. როგორც შსს-ში აცხადებენ, ამაში განსაკუთრებული და მიუღებელი არაფერია, რადგან ეს არის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, როდესაც პენსიაზე გასულ ძაღლებს კი არ აძინებენ, არამედ თავშესაფარში მიჰყავთ...

ცნობისთვის, ძაღლებს, რომელთაც საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის უმსახურიათ, ყველა განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლეში და შემდეგაც, დიდ პატივს მიაგებენ. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დგას ძაღლის ძეგლები, რაც მათი ერთგულების, უანგარო სიყვარულისა და თავგანწირვის ერთგვარი დაფასებაა.

მაგალითისთვის, 1925 წლის დასაწყისში ალიასკაზე გავრცელდა დიფტერიის ეპიდემია, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ციმბირულმა ჰასკმა "ბალტომ", უამინდობისას, როდესაც სამკურნალო შრატის მოტანა მხოლოდ ძაღლების მარხილით შეიძლებოდა, სხვა ძაღლებთან ერთად, უმძიმესი გზა გაიარა და სამკურნალო შრატი დანიშნულ ადგილას მიიტანა. მადლიერმა მოსახლეობამ მას ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ძეგლი დაუდგა...

კიდევ ერთი გახმაურებული ისტორია უკავშირდება პოლიციელ ძაღლს - კაის (K-9 Kye), რომელიც 2014 წლის აგვისტოში, ოკლაჰომაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ყაჩაღობაში ბრალდებულმა მოკლა. 3 წლის ძაღლი დიდი პატივით დაკრძალეს - მისი კუბო რამდენიმე პოლიციელს მიჰქონდა, პროცესიას კი ათასობით მოქალაქე ესწრებოდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ