ავტორი:

"გამოითქვა აზრი, რომ გადაღებილს ისე ვერ გაყიდიან, როგორც სურთ" - კალაძე განმარტავს, რატომ აღარ მოუწევთ ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად შეღებვა

"გამოითქვა აზრი, რომ გადაღებილს ისე ვერ გაყიდიან, როგორც სურთ" - კალაძე განმარტავს, რატომ აღარ მოუწევთ ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად შეღებვა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე იმაზე ისაუბრა, რომ ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების თეთრად გადაღებვა აღარ მოუწევთ. მერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან თუ ტაქსის მძღოლებს ავტომანქანის გადაღებვა არ სურთ, შეუძლიათ თეთრი ფირი გადააკრან და ეს გაკეთდება ყოველგვარი გადასახადების გარეშე.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ავტომანქანაზე თეთრ ფირს ის სარეკლამო კომპანია გადააკრავს, რომელთანაც მერიამ გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემაზე ხელშეკრულება გააფორმა.

„როდესაც ამ რეფორმაზე დავიწყეთ მუშაობა, ვითვალისწინებდით არსებულ სოციალურ მდგომარეობას, შესაბამისად, გადაღებვის თანხები რომ არ დააწვეთ ტაქსის მძღოლებს, ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღეთ და ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ განახორციელოს გადაღებვითი სამუშაოები. აქ ტაქსის მძღოლებს არცერთი თეთრი არ უჯდებათ ავტომობილების გადაღებვა. თუმცა, მათ გამოთქვეს აზრი, რომ გადაღებილი ავტომობილი ისეთ ფასში ვერ გაყიდონ წლების შემდეგ, როგორც მათ სურთ.

ერთ-ერთი მოთხოვნა ამ საინიციატივო ჯგუფის იყო, რომ ეს პრობლემა როგორმე მოგვარებულიყო. აქაც მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ტაქსის მძღოლებს დღეიდან აქვთ შესაძლებლობა, თუ გადაღებვა არ სურთ, თეთრი ფირი გადააკრან ავტომანქანას. ამასაც ჩვენ ვაკეთებთ მათი მხრიდან გადასახადების გარეშე. მათთვის იქნება უფასო საპარკინგე ადგილები დედაქალაქში გამოყოფილი, ასევე საშემოსავლოსგან იქნებიან გათავისუფლებული" - აღნიშნა მერმა.

მისივე თქმით, ტაქსის მძღოლებს მანქანებზე მერიის მიერ შერჩეული კომპანიის სარეკლამო ბანერების განთავსება მაინც მოუწევთ, თუ ავტომანქანებს თეთრი ფერის ფირს გადააკრავენ:

„ფირის გადაკვრის შემთხვევაშიც, ავტომანქანაზე რეკლამას კომპანია „ალმა“ განათავსებს 2 წლის ვადით, ან შესაძლოა, უფრო ნაკლებით და მიიღებს შემოსავალს, ორი წლის შემდეგ კი, ეს სარეკლამო ადგილები მძღოლების საკუთრება იქნება. თუმცა, საინიციატივო ჯგუფი ეთანხმება ამ რეფორმის განხორციელებას. ეს მათი აზრითაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ითხოვენ ეტაპობრივად ამის განხორციელებას. მე კიდევ მაქვს პარასკევს შეხვედრა და ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი. ჩვენ მივაწოდეთ ფირის გადაკვრასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რაც ძალიან მოეწონათ და გახარებულები არიან“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ტაქსის მძღოლების ნაწილის აქციას, როგორც კალაძე აცხადებს, ამას პოლიტიკური მოტივები აქვს.

„უნდათ, რომ ტაქსის მძღოლები გამოიყენონ. ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია გვაქვს მათთან და მივაწოდეთ ინფორმაციები. ეს მათთვის, ისევე, როგორც მოსახლეობისთვისაც საინტერესოა. ჩვენ ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ? - ვუყურებთ მომავალს. ზოგადად ტაქსი ქალაქის სახეა და ეს ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს, როგორც ეს განვითარებულ, ევროპულ ქალაქებშია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. ამ დროიდან დედაქალაქში მოძრავი ტაქსები თეთრი ფერის უნდა იყოს. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მერიის მხრიდან გადაეცემათ უფასო საპარკინგე ადგილები, მანათობელი ნიშნები, ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები რეკლამის სანაცვლოდ, შემოსავლის წყარო უფასო რეკლამის სახით, ასევე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისაგან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ