ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს მარიამ მეგვიპტელის ხსენება აღინიშნება. პატრიარქმა მრევლი დალოცა და მარიამ მეგვიპტელს შესთხოვა, მშვიდობა და მოთმინება მოგვცეს.
"დღევანდელი კვირა არის მარიამ მეგვიპტელის ხსენების. მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება თქვენ იცით, ის ატარებდა თავისუფალ ცხოვრებას და შემდეგ სინანულით განიწმინდა და დაემსგავსა ანგელოზს. იმდენად მაღალი იყო მისი სულიერი ცხოვრება, რომ ის ფეხით გადადიოდა მდინარეზე, როგორც დედამიწაზე. შევთხოვთ წმინდა მარიამ მეგვიპტელს, რომ მოგვცეს მშვიდობა, მოთმინება. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედი მაქვს, რომ ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს", - ბრძანა პატრიარქმა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ხდება, რომ ქართველი ხალხი ვერ უგებს ერთმანეთს.
"დღეს ასევე არის დიდი დღესასწაული ხსენება ქართული ენისა. იმ დროს, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა. ბედნიერი ვართ იმით, რომ როცა საშიშოება ელოდება ჩვენს ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება. ღმერთმა მოგვცეს ერთი სული და ერთი გული. სამწუხაროდ, ხდება, რომ ქართველი ხალხი ვერ უგებს ერთმანეთს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი", - ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქმა ქადაგების დასრულების შემდეგ დეკანოზი ნოდარ ქათამაძე მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. ასევე დალოცა თბილისის 47-ე სკოლა და რუსთავის მე-17 სკოლის ჩოხოსნები.