რამდენიმე თვეა სოხუმის მოსახლეობა ქალაქის ცენტრში ნაგავსაყრელის დახურვას ითხოვს. მათი თქმით, წლებია შვილებთან ერთად მომწამლავ ჰაერს სუნთქავენ. მოსახლეობა ირწმუნება, რომ იქვე მდებარე სკოლის მოსწავლე ბავშვებში დაავადებები გახშირდა, რაც სწორედ მოწამლული ჰაერით არის განპირობებული.
"არაერთხელ მოვითხოვეთ, რომ ჩვენი, ისედაც არასრულფასოვან გარემოში მცხოვრები ბავშვებისთვის ეს საფრთხე მაინც აგვერიდებინა, მაგრამ დიდი ძალისხმევის მიუხედავად ვერაფერს გავხდით, ამიტომ პერმანენტული აქციები დავიწყეთ. ბავშვებს სასუნთქი გზების პრობლემები აღენიშნებათ. ერთი სკოლიდან ამდენი ბავშვის დაავადება შემთხვევითი არ არის"- ამბობს სოხუმელი ლიდია აგბრა, რომლის თქმითაც, რამდენიმე დღის განმავლობაში გამართული აქციების, გზის გადაკეტვისა და სხვა სახის აგრესიული ფორმების შემდეგ, მათთან პრობლემის შესასწავლად ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მივიდა.

მოსახლეობა ამბობს, რომ სოხუმის ქუჩებში ზამთარ-ზაფხულში ნაგვის სუნი დგას, თუმცა ვითარება თბილ ამინდებში უფრო მძიმეა. როგორც ისინი აცხადებენ, მათ ბინებს დამსვენებლები არ ეკარებიან, რაც მათ სეზონურ შემოსავალზე მწვავედ აისახება.
რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგ, ადგილობრივმა ე.წ. ხელმღვანელობამ გამოსავალი იპოვა - ნაგავს, სოხუმიდან დროებით გალის პოლიგონზე გადაიტანენ.
abkhaz-auto.ru-ს ცნობით, ამის შესახებ სოხუმისა და გალის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენელმა საველ ჭითანავამ განაცხადა, რომ ამ რეალობაში ეს ოპტიმალური გადაწყვეტილებაა.
"ეს დროებითი ღონისძიებაა. ნაგავსაყრელის დროებით ადგილად გულრიფშის რაიონის სოფელ კაციკიტი განიხილება (ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო წლებში, ინტენსიურად ცვლიან ტოპონიმიკას.- ავტ). იქ გეოლოგიური კვლევები უნდა განხორციელდეს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამის გასაკეთებლად ჯერჯერობით თანხები არ გვაქვს, რათა პოლოგნზე ნაგავსაყრელი მოეწყოს", - აცხადებს ჭითანავა.
მისივე თქმით, საუბარია პოლიგონზე გამოყოფილ 500 მეტრიან ფართობზე, რომელიც გულრიფშის რაიონთან მდებარეობს. როგორც ჭითანავა ამბობს, ნაგავსაყრელისთვის ადგილის გაფართოება და ისე მოწყობა მოუწევთ, რათა მან ტექნოლოგიური ნორმები დააკმაყოფილოს.

ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, ტექნოლოგიურად გამართული ნაგსავსაყრელის აშენებას 120 მილიონი რუბლი უნდა, რაც რეგიონს არ აქვს.
"ეს იმას ნიშნავს, რომ "დროებითი" სამუდამოდ დარჩება..." - ამბობენ ისინი.
"ახლა ყველა ჩიხი გალისკენ გადაამისამართეთ... თქვენი ბრწყინვალებისთვის ყველაფერი გააკეთეთ და ნაგავი კუთხეში მიხვეტეთ, რათა იქიდან სუნი არ გცემდეთ", - წერს ადგილობრივი აფხაზი "ანტოშა ჩეხონტეს" ფსევდონიმით.
"5 წელია ქალაქს ნაგვის პრობლემა აწუხებს. ვიდრე ხალხი არ დაავადდა, ვერაფერი უშველეს. ახლა გალელები უნდა დააავადმყოფონ და მერე უკვირთ, სამკურნალოდ საქართველოში რატომ გარბიან," - წერს ლიდია ესებუა.
"ბარემ მოსაზღვრე ზუგდიდის რაიონში გადაგეტანათ... აფხაზეთს მაინც არაფრის თავი არ აქვს. ყველა პრობლემას, მათ შორის მკურნალობას, მაინც საქართველო გვიგვარებს" - წერს "ნიკოს კსენაკისი."
"ვერ გავიგე, სოხუმელებს წამლავდა ნაგავი და გალელებს არ ავნებს?! რა პრინციპით გადაიტანეს იქ, რადგან გალელები, მიზეზთა გამო, ისე მწვავედ ვერ გააპროტესტებენ, როგორც სოხუმელები?! ამის შემდეგ, სახელმწიფოს ინსტიტუტის ნიშნებზე ვსაუბრობთ?"- მიაჩნია იასონ აფხაზს.