ავტორი:

"ტაძარი გადარჩა ზუსტად იმიტომ, რომ ვერტმფრენებიდან წყალი არ ასხეს" - ყველაფერი, რაც ნოტრ-დამის ხანძრის შესახებ უნდა იცოდეთ

"ტაძარი გადარჩა ზუსტად იმიტომ, რომ ვერტმფრენებიდან წყალი არ ასხეს" - ყველაფერი, რაც ნოტრ-დამის ხანძრის შესახებ უნდა იცოდეთ

მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) წევრი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი ნანა მეფარიშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შესახებ პროფესიონალურ მოსაზრებას უზიარებს ინტერნეტმომხმარებელს და ძალიან მოკლედ და გასაგებად ხსნის - რა მოხდა, როგორ მოხდა და როგორ აღდგება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლი.

გთავაზობთ ნანა მეფარიშვილის ვრცელ პოსტს:

"ინფორმაცია #1

დავიწყებ კარგი ამბით: ვიდეო ვნახე დღეს გადაღებული და ამოვისუნთქე: ძალიან დიდი დაზიანება არ არის! მთავარი ვიტრაჟი - ცნობილი ვარდულებიანი ტრიპტიხი და შუასაუკუნეების უნიკალური ორღანიც არ დაზიანებულან! ასევე უვნებელია ტაძრის ძირითადი ექსპონატები და ნივთები, რადგან, რესტავრაციის გამო, მათი უმრავლესობა არ იყო ტაძარში. მათ შორისაა ერთ-ერთი მთავარი განძი - ქრისტეს ეკლის გვირგვინი, რომლის სანახავადაც მნახველებს ყოველი თვის პირველ პარასკევს უშვებდნენ ტაძარში. თუმცა, მუხის ჭერი და ხის შპილი, როგორც ვიცით, მთლიანად განადგურებულია.

თუმცა გაოგნებული ვარ, ასე როგორ გადარჩა ტაძარი. ვიკითხე, ვიკითხე და მივხვდი, რომ ტაძარი გადარჩა ზუსტად იმიტომ, რომ ვერტმფრენებიდან წყალი არ ასხეს და პანიკამ არ მოიცვა მეხანძრეები. როგორ პროფესიონალურად მოიქცნენ, ამას ეძღვნება ჩემი ეს პოსტი, ძირითადად. თუმცა, სხვა რაღაცეებსაც მოგიყვებით, რასაც "გადავეყარე“ კითხვისას.

ინფორმაცია #2

თავის დროზე ხანძრისგან დაზიანებული, ან - მთლიანად განადგურებულია ბევრი ტაძარი. მათი უმრავლესობა შემდგომში აღადგინეს. რამდენიმეს, სტილით მსგავსებს, ჩამოვთვლი და ფოტოს დავურთავ.

- რეიმსის მე-13 საუკუნის საკათედრო ტაძარი (Cathédrale Notre-Dame de Reims), საფრანგეთი. გერმანელების დაბომბვის შედეგად დაიწვა 1914 წლის სექტემბერში. მისი რეკონსტრუქცია მოხდა და დღესაც იღებს დამთვალიერებლებს.

- კანტერბერის საკათედრო ტაძარი ინგლისში (The cathedral at Canterbury in England) – დაიწვა 1174 წელს, როცა მეზობელ სახლს გაუჩნდა ცეცხლი და მასაც გადაედო

- 1194 წელს სერიოზულად დაზიანდა ტაძარი შარტრში (The cathedral at Chartres)...

ინფორმაცია #3 - რა სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა ტაძარში?

როგორც უკვე იცით, ხანძრის გაჩენის მიზეზად, ტაძარზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს ასახელებენ. ტაძარი წელიწადში დაახლოებით 13 მლნ დამთვალიერებელს იღებს. მათგან უმრავლესობას შეუმჩნეველი რჩება ძეგლის დაზიანებები, თუ - რა თქმა უნდა - სპეციალისტი არ არის (რესტავრატორი, არქიტექტორი ან მსგავსი).

რა დაზიანებები ჰქონდა ტაძარს, რამაც გასულ წელს 180 მილიონიანი სარესტავრაციო პროექტის დაწყება განაპირობა?

მე-20 საუკუნის ბოლოს პარიზში ჰაერის დაბინძურებამ ტაძრის მორთულობების ეროზია და ქვის ფერის შეცვლა გამოიწვია. მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ტაძარს რამდენიმე ქანდაკება მოერყა, ადგილზე მათი დატოვება უსაფრთხო აღარ იყო. ტაძარი 1905 წლიდან საფრანგეთის სახელმწიფო საკუთრებაა და მის რეგულარულ მოვლა-რეკონსტრუქციაზე პასუხისმგებელი საფრანგეთის კულტურის სამინისტროა.

ამიტომ მთავრობამ 1991 წელს დაიწყო 10-წლიანი რესტავრაციის პროგრამა, რომელმაც ექსტერიერზე, განსაკუთრებით - არქიტექტურული ელემენტების ავთენტურ ადგილზე დატოვებაზე - იმუშავა. ყურადღება დაეთმო კირქვის ფილების მდგომარეობის შესწავალსაც და ასევე, სახურავებზე ქვემოდან უხილავი წვრილი ელექტრო-მავთულების გატარებას, მტრედებისგან თავდაცვის მიზნით. ტაძრის დასავლეთის ფასადი გაიწმინდა და აღდგა. 2013 წელს, შენობის 850 წლისთავისთვის, ჩრდილოეთ კოშკებზე განლაგებული, მე-19 საუკუნის 4 ზარი გადაადნეს და ახალი ბრინჯაოს ზარები დაამზადეს, მე-17 საუკუნის ორიგინალი ზარების ჟღერადობის აღდგენის მიზნით.

ამ რესტავრაციების მიუხედავად, ტაძრის მდგომარეობა მაინც მძიმედ რჩებოდა. ამიტომ მთავრობამ 2010-იანების ბოლოს წარმოადგინა რესტავრაციის ახალი პროგრამა, რომელიც, თავდაპირველი გათვლით, 100 მლმ. ევრო ჯდებოდა. პროექტის მაღალბიუჯეტიანობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გარდა, გაიხსნა „ნოტრ დამის მეგობრების ფონდი“, სადაც დონაცია ნებისმიერ მსურველსაც შეეძლო. 2018 წლის ბოლოს დაიწყო ტაძრის ხის შპილის რეკონსტრუქცია (სარეკონსტრუქციო ბიუჯეტი 6 მლნ. ევრო), რის გამოც შპილიდან მოხსნეს სპილენძის ქანდაკებები და სხვა დეკორატიული ელემენტები.

სწორედ იმან, რომ ეს დეტალები 1 კვირის წინ მოხსნეს და გადაიტანეს, გადაარჩინა ისინი განადგურებას

რისი რესტავრაცია იგეგმებოდა:

- მცირე ზომის გუმბათების წვეტები - შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ბევრი მცირე ზომის გუმბათის წვეტი, რომლებიც ტაძრის გოთიკურ იერსახეს ქმნიდა, იყო წატეხილი, მოხსნილი ან - დროებითი დამჭერით მიმაგრებული.

- გარგოილები (La Gargouille) - მე-19 საუკუნეში შესრულებული ცნობილი გარგოილები (ქვაში ნაკვეთი გროტესკული ხასიათის ფიგურები, ძირითადად შენობის მაღალ ნაწილში ან სახურავის კიდეში მოთავსებული), რომლებიც, ესთეტიკურის გარდა, წვიმის წყლის გადაყვანის ფუნქციასაც ასრულებდა, ბევრგან იყო შეცვლილი უსახური მილებით, რადგან უმრავლესობა ისე იყო დაზიანებული და კოროზირებული, რომ მათი ადგილზე დატოვება საშიში იყო.

- მოაჯირები - დიდი ნაწილი ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ მინა-პლასტიკის ფილებით ან ლითონის მილებით, ცუდ შემთხვევაში კი - ფანერითაც კი იყო შევსებული.

- ქვის ფიგურები - მთელი რიგი ქვის დეტალების მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე, რაც ადამიანის სიმაღლიდანაც კარგად შესამჩნევი იყო.

- ვიტრაჟების კონსტრუქციები - ვიტრაჟის მინის დამჭერი ლითონის ჩარჩოების დაჟანგვის ხარისხი იმდენად დიდი იყო, რომ ქვა, რომლშიც ეს ჩარჩოები იყო არმირებული, ალაგ-ალაგ გამსკდარი იყო.

- ქვის საყრდენები ექსტერიერზე - ქვის წყობის ცუდი ფიზიკური მდგომარეობა განსაკუთრებით საშიში იყო ე.წ. მფრინავ საყრდენებზე. რომელიმე ამ პილონიდან რომ გამოსულიყო წყობიდან, შედეგი კატასტროფული იქნებოდა.

- ხის გუმბათი და შპილი - ტყვია, რომელიც იცავდა ხის შპილს, დაზიანდა ატმოსფერული ნალექებისგან და მის ქვეშ ხის სტრუქტურამ დაშლა დაიწყო. ცუდ მდგომარეობაში იყო 12 მოციქულის ის სპილენძის ქანდაკებებებიც, რომლებიც 1 კვირის წინ მოხსნეს შპილიდან.

ინფორმაცია #4 - რატომ დაიწვა ტაძრის გადახურვა ასე მალე?

შუასაუკუნეების გოთიკურ ტაძრებში ადამიანი ზემოთ რომ იხედება, ხშირ შემთხვევაში ქვის გუმბათს და თაღებს ხედავს, მაგრამ მათ ზემოთ არის სხვენი, რომელიც ხის კონსტრუქციით სახურავს იჭერს. იმ პერიოდში ხის მასალას, როგორც წესი, ფარავდნენ ფისით, რაც მათ იცავდა სხვადასხვა დაზიანებისგან (ნესტი, ხის ჭია და ა.შ.), მაგრამ სამწუხაროდ, ხანძარმედეგს არ ხდიდა.

ლიზა რეილი (Lisa Reilly - ვირჯინიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი და შუასაუკუნეების არქიტექტურის მკვლევარი) თვლის, რომ სწორედ შუა საკუნეების გოთიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელმა ქვის თაღებმა განაპირობა ის, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძარს უფრო სავალალო შედეგები არ მოჰყვა: მათ ალმოდებული ხის კონსტრუქცია, გარკვეულწილად, დაიჭირეს და მთელი ძალით იატაკზე დანარცხების საშალება არ მისცეს, რასაც, თავიდან აგვაცილა მეტად მძიმე შედეგები, კერძოდ კი - კედლების დაზიანებები და მზიდი კონსტრუქციის ნგრევა.

ინფორმაცია #5 - რატომ გაჭირდა ხანძრის ჩაქრობა?

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე 400-მდე მეხანძრე თავდაუზოგავად მუშაობდა და მაინც - ხანძარმა 15 საათს გასტანა. ძალიან ბევრს გაუჩნდა კითხვა - რატომ არ გამოიყენეს ფრანგებმა ვერტმფრენები? ამ და სხვა კითხვებს საკმაოდ კომპეტენტურად პასუხობს გრეგ ფავრი (Gregg Favre) - სანტ-ლუისის სახანძრო დაცვის განყოფილების ყოფილი თანამშრომელი, მისურის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

მარტო ის, რომ ალი 90 მ-ზე ადიოდა, არ ყოფილა მიზეზი იმისა, რომ ვერტმფრენები არ გამოიყენეს. პრობლემები იყო ბევრად მეტი: პირველი და მთავარი პრობლემა იყო ძველი ტაძრის ხის გადახურვის კონსტრუქცია. ამ პერიოდის ტაძრებში ძველი კოჭები იმსისქე და შესაბამისად, იმსიმძიმეა, რომ ვერტმფრენიდან ჩამოსხმული წყალი მათ ჩაანგრევდა, რაც გამოიწვევდა კედლების ნგრევასაც. ასეთი კონსტრუქციის წვის დროს მეხანძრეების ძირითადი ამოცანაა კედლები მაინც გადაარჩინონ, რადგან ცეცხლმოკიდებული ხის სახურავის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.

მეორე: სახანძრო ეკიპაჟი შენობაში ვერ ჩასვეს, რადგან იყო ხის სახურავის ჩამოშლის საშიშროება და მისი ნაწილები ცვიოდა ყოველ წამს. სამაგიეროდ, მეხანძრეები იბრძოდნენ კედლების გადასარჩენად გარედან, თუმცა - აქაც ძალიან ფრთხილად, რადგან გახურებულ კედლებზე ცივი წყლის მოხვედრა მათ დახეთქვას გამოიწვევდა.

მესამე: ცეცხლისთვის საჭიროა 4 ელემენტი - ჟანგბადი, საწვავი, სითბო და ქიმიური ჯაჭვური რეაქცია. რომელიმე ამ ელემენტის უგულვებელყოფა იქნებოდა ხანძრის შენელების საწინდარი, მაგრამ თვითონ შენობის მასშტაბმა ამის საშუალება არ მისცა მეხანძრეებს: ადვილად აალებადი სახურავის ჩამონგრევის შემდეგ, ალს ბევრი ჟანგბადი მიეწოდებოდა. თუმცა, ჟანგბადი თავიდანვე ბევრი იყო - მოგეხსენებათ შენობის შიდა სივრცე რამხელაა.

მეოთხე: იყო უარესი შედეგის დადგომის კიდევ 1 რეალური რისკი - სარესტავრაციო სამუშაოების გამო, შენობაში შეტანილი იყო დამატებითი სამშენებლო მასალა, რომელთაგან ზოგიერთი, შესაძლოა, წყლის მიმართ მგრძნობიარე ყოფილიყო და აფეთქება გამოეწვია.

ასე, რომ ყველაფერი იყო გათვალისწინებული და გათვლილი. ყოჩაღ ფრანგ მეხანძრეებს!!!

და ბოლოს - რა იქნება ხვალ? ხვალ ყველაფერი იქნება კარგად იმიტომ, რომ 15-საათიანი ხანძრის მეორე დღის ბოლოს ტაძრის რესტავრაციისთვის უკვე 455 მილიონი ევროა შეკრებილი! თან ტაძარი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია, რაც ამ ორგანიზაციის ჩართულობასაც უზრუნველყოფს.

ფრანგები, გარდა აღდგენითი სამუშაოებისა, ჩაატარებენ გაწმენდით სამუშაობსაც - გაასუფთავებენ კვამლისგან დაზიანებულ მხატვრობას (მხატვრობის ლუვრში გადატანა პარასკევს აქვთ დაგეგმილი) და ასე, ორგანიზებულად და თანმიმდევრობით ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი ქალაქის და, საერთოდ, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სიამაყეს პირვანდელი, სრულყოფილი სახე დაუბრუნონ!" - წერს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ქართველი წევრი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს