ავტორი:

"ოჯახის წევრები, რომლებზეც ისინი მიუთითებდნენ, საქართველოში არ იმყოფებიან" - შსს-ს განცხადება საუდელ დებთან დაკავშირებით

"ოჯახის წევრები, რომლებზეც ისინი მიუთითებდნენ, საქართველოში არ იმყოფებიან" - შსს-ს განცხადება საუდელ დებთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო საუდელ დებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს აფარებენ თავს და დახმარებას ითხოვენ, განცხადებას ავრცელებს:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საუდის არაბეთის მოქალაქეებმა, დებმა მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს ვიდეომიმართვა, სადაც აცხადებდნენ, რომ ისინი იმყოფებოდნენ საქართველოში. აღნიშნული პირები ასევე აცხადებდნენ, რომ მათ ემუქრებათ საფრთხე საკუთარი ოჯახის წევრებისგან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ მისამართზე, სადაც დები მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები დროებით ცხოვრობენ. სამართალდამცველების ვიზიტის მიზანი იყო მათთან გასაუბრება და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარების შეთავაზება. ასევე ამ ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია, მათი სურვილის შემთხვევაში, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ინფორმაციის მიწოდების და შესაბამისი განმარტებების მიღების შემდგომ, აღნიშნული პირები დათანხმდნენ მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას თავშესაფრის მაძიებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გასავლელად.

აქვე განვმარტავთ, რომ ის ოჯახის წევრები, რომლებზეც დები ალ-სუბაიები მიუთითებდნენ, რომ საფრთხე ემუქრებათ, საქართველოში არ იმყოფებიან" - ნათქვამია განცხადებაში.

საუდელი დები, რომლებიც ქვეყნიდან გაიქცნენ, საქართველოს აფარებენ თავს და დახმარებას „ტვიტერზე“ ითხოვენ. მათ შესახებ მსოფლიოს უამრავი წამყვანი მედიასაშუალება წერს. ისინი ამბობენ, რომ 28 წლის მაჰა ალ-სუბაიე და 25 წლის ვაფა ალ-სუბაიე არიან.

"თქვენი დაცვა გვჭირდება. გვსურს ვიპოვოთ ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და დაიცავს ჩვენს უფლებებს" - ამბობს ვიდეოში მაჰა.

დების განცხადებით, თუ იძულებულები გახდებიან, საუდის არაბეთში დაბრუნდნენ, მათ მოკლავენ. გოგონები ამბობენ, რომ საქართველოში მათ მოსაძებნად უკვე იმყოფებიან ძმები და მამა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს