ავტორი:

შსს-ს საგანგებო ბრიფინგი პანკისის მოვლენებზე: დაშავებულია 27 ადამიანი, აქედან 12 ადგილობრივია, 15 სპეცრაზმელი

შსს-ს საგანგებო ბრიფინგი პანკისის მოვლენებზე: დაშავებულია 27 ადამიანი, აქედან 12 ადგილობრივია, 15 სპეცრაზმელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პანკისში დაპირისპირების შედეგად ჯამში, 27 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 12 ადგილობრივი, 15 კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელია.

პანკისში შექმნილ ვითარებაზე შსს-ში ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

"როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამ წუთებში შეხვედრას მართვას პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. მანამდე კი მოგაწოდებთ ინფორმაციას პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, პანკისის ხეობაში დღეს განახლდა 5 მეგავატიანი მცირე ჰესის მშენებლობა.

უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე დილიდან მობილიზებულია პოლიციის შესაბამისი ძალები. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, დაუშინეს ჯოხები და ქვები. დაზიანებულია პოლიციის ტექნიკა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომელმა და პროტესტის მონაწილეებმა.

მოლაპარაკებების პარალელურად, პოლიციის ძალების გადაადგილებისას, ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას კვლავ გაუწიეს წინააღმდეგობა. პოლიცია იძულებული გახდა სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, გამოეყენებინა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც.

ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობის აქტიურ რეჟიმზეა გადასული და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ.

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთან დღეს დილიდან მდგომარეობა რამდენკერმე დაიძაბა. ჰესის მშენებლობის დაწყებას ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

დაპირისპირებისას პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივებმა პოლიციელბს ქვები დაუშინეს. ცრემლსადენი გაზის გამოყენების გამო რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდნენ როგორც ადგილობრივები, ისე პოლიციის თანამშრომლები. დაზიანებები მიიღეს ჟურნალისტებმაც. დაზიანდა პოლიციის რამდენიმე ავტომობილი, ასევე მოქალაქეების კუთვნილი მანქანები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ